04.მაისი .2021 00:00

ახალი ტბა, პრემიუმ-კლასის სასტუმრო კორპუსი და ჩოგბურთის კორტები - ლოპოტაზე ახალი ობიექტები შენდება

ახალი ტბა, პრემიუმ-კლასის სასტუმრო კორპუსი და ჩოგბურთის კორტები - ლოპოტაზე ახალი ობიექტები შენდება
views 3050
უკან

„ლოპოტა სპა რეზორტი“ ფართოვდება. წელს ტერიტორიას რამდენიმე ახალი ობიექტი დაემატება, რომელთა ინვესტიციის საერთო მოცულობა დაახლოებით 20 მლნ ლარია.

როგორც Forbes Georgia-ს რეზორტის წარმომადგენელმა განუცხადა, ივნისის ბოლოსთვის კომპლექსს რიგით მე-15 სასტუმრო კორპუსი შეემატება. ეს იქნება ტბის პირას განთავსებული პრემიუმ-კლასის 51-ნომრიანი სასტუმრო, რომელიც ლოპოტას ნომრების ფონდს 236-მდე გაზრდის.

„ამ კორპუსის დამატება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ბევრად უფრო მაღალი კატეგორიის ნომრებს გავყიდით. ძირითადად საუბარია ორადგილიან და ლუქსის ტიპის ნომრებზე. ამ სასტუმროს უპირატესობა ასევე მისი მდებარეობა და ტბის ულამაზესი ხედებია. სასტუმროს უკანა მხარეს ბიობოსტანია გაშენებული. სასტუმრო კორპუსთან იფუნქციონირებს აუზიც, რომელიც ჯამში მეხუთე ღია აუზი იქნება რეზორტის ტერიტორიაზე. თავის მხრივ აუზთან პატარა ბუნგალოც აშენდება“, – აცხადებენ „ლოპოტა სპა რეზორტში“.

გარდა ამისა, მიმდინარე წელს კომპლექსის ტერიტორიაზე გამოჩნდება კიდევ ერთი მასშტაბური ობიექტი – რესტორანი თავისი ღია და დახურული სივრცეებით. აღნიშნულ რესტორანთანაც იქნება აუზი, რომლის დაქირავებასაც სტუმრები წვეულებებისა და კორპორაციული ღონისძიებების გასამართავად შეძლებენ.

„აღნიშნული ობიექტი გამორჩეული იქნება ასევე იმითაც, რომ იქვე მოეწყობა ტბა. ლოპოტას ამ მეორე ტბაში, ჩვენი ვარაუდით, დამსვენებლები ბანაობასაც შეძლებენ“, – ამბობენ რეზორტის წარმომადგენლები.

ამასთან, ივნისში იგეგმება კომპლექსის ტერიტორიაზე პროფესიონალური კალათბურთის მოედნის გახსნაც, ხოლო წლის ბოლომდე რეზორტს შეემატება ასევე სამი კორტი – ერთი დახურული და ორი ღია კორტი თავისი სპორტდარბაზით და ყველანაირი აღჭურვილობით, რაც აუცილებელია სპორტული ღონისძიებებისთვის. „ჩვენი მიზანია, რომ ჩვენთან კალათბურთისა და ჩოგბურთის პატარა ჩემპიონატები, ტურნირები გაიმართოს“, – განუცხადეს Forbes Georgia-ს „ლოპოტა სპა რეზორტში“.

ზემოთ ჩამოთვლილი პროექტები მიმდინარე წელს დასრულდება, მომავალი წლიდან კი ლოპოტაზე ახალ ობიექტებსაც უნდა ველოდოთ, მათ შორის ჯაზკლუბსა და აკვაპარკს. აღნიშნული პროექტების კონცეფციაზე მუშაობა დაწყებულია, თუმცა მშენებლობები ჯერჯერობით არ მიმდინარეობს.

„ლოპოტა სპა რეზორტი“ ამ ეტაპზე, შეიძლება ითქვას, შაბათ-კვირაობით 100%-იანი დატვირთვით მუშაობს. ვიზიტორების უმრავლესობა ადგილობრივი ტურისტები არიან.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა