მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი წესები ოფისებს - "ზოგიერთი მოთხოვნის შესრულება მაღალ დანახარჯთანაა დაკავშირებული"

5ed2366db57ec
თამთა ჯიჯავაძე
30.05.20 16:00
1976
იმასთან შედარებით, რა საფრთხის წინაშეც დგას საზოგადოება და მათ შორის დასაქმებულებიც, ვფიქრობ, ძირითადად საკმაოდ გონივრული რეკომენდაციებია, – ამის შესახებ bm.ge-სთან საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ შალვა ცხაკაიამ განაცხადა.

„არის შემთხვევები, რომელიც საკმაოდ მაღალ დანახარჯს მოიცავს და ზოგიერთი ბიზნესისთვის, განსაკუთრებით მცირე ბიზნესებისთვის, რთულია ამ მოთხოვნების შესრულება. ეს დაკავშირებულია გაძვირებული თერმომეტრების, დეზობარიერების და პირბადეების შეძენასთან, თუმცა, ზოგადად ვფიქრობ, რომ გონივრულია თუ ეს შეზღუდვები რაღაც კონკრეტული პერიოდის განმავლობაში დარჩება ძალაში, პერიოდულად გადაიხედება და მოიხსნება“, – აღნიშნა შალვა ცხაკაიამ.

კითხვაზე რომელიმე პუნქტს შეცვლიდა თუ არა, იურისტმა აღნიშნა, არ შეცვლიდა, უბრალოდ სახელმწიფოს ადგილას შეეცდებოდა ყველა რეკომენდაციასთან დაკავშირებული ხარჯი შეემსუბუქებინა.

„ვგულისხმობ იმას, რომ ხელმისაწვდომი გახდეს საქართველოში ის ტექნიკური საშუალებები, რაც აუცილებელია ამ რეკომენდაციების შესასრულებლად. დეზინფექციის საშუალებები საოცრად გაძვირდა, ისევე როგორც პირბადეები გაძვირდა. სახელმწიფოს შეუძლია ფასილიტაცია გაუწიოს იმას, რომ უფრო მეტად ხელმისაწვდომი იყოს, ან ვთქვათ დაიწიოს ამ საშუალებებზე გადასახადებმა, და უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ის ბიზნესისთვის. აუცილებელია ამ რეკომენდაციების შესრულება, თუმცა, ეს არ უნდა დააწვეს ძალიან მძიმე ტვირთად განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს“, – აღნიშნა მან.

დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ დისტანციური მუშაობის დადებით მხარეებზეც ისაუბრა, და აღნიშნა, რომ თუ ბიზნესს სურს გააგრძელოს დისტანციური მუშაობა, მან უნდა მისცეს ამის შესაძლებლობა თანამშრომლებს.

„ბიზნესმა ნახა რამდენად დაიზოგა დანახარჯი, როდესაც თანამშრომლებმა სახლიდან გააგრძელეს მუშაობა და იმ შემთხვევაში თუ ეს იყო ეფექტური მუშაობა, არავის არ უნდა მაინცდამაინც ოფისში გამოსვლა. ამიტომ ვისაც სურვილი ექნება, ეს ალბათ კომპანიების გადაწყვეტი იქნება, ისინი გააგრძელებენ დისტანციურ მუშაობას, რადგან ეს ერთი მხრივ მნიშვნელოვნად ზოგავს დანახარჯებს და მეორე მხრივ, ეს არის ერთგვარი პრევენცია თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, მე არ მეგულება საღად მოაზროვნე ბიზნესმენი, რომელიც თუკი საშუალება აქვს და თუკი შეიძლება ეს გაკეთდეს, არ გააგრძელოს დისტანციური მუშაობა“, – აღნიშნა შალვა ცხაკაიამ.

უნდა დაწესდეს "სანიტარული შესვენებები" - ახალი წესები ოფისებს