მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალშექმნილი ინფრასტრუქტურა ხელვაჩაურში, რომლითაც მოსახლეობა ვერ სარგებლობს

5e0640ea8b48a
BM.GE
27.12.19 21:33
1376
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მიერ 2018 წელს განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც შესრულებული სამუშაოების მიუხედავად, მოსახლეობა შექმნილი აქტივით ვერ სარგებლობს. ამის შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული.

კერძოდ: დოკუმენტის მიხედვით, ხელვაჩაურის მუნციპალიტეტის მერიის მიერ, სოფელ ზედა თხილნარში, ცეცხლაძეების უბანში, წყალსადენის მილის ცენტრალურ მაგისტრალზე დაერთების სამუშაოებისათვის, რომელიც დასრულდა 2018 წლის 16 მაისს, გადახდილია 29,030 ლარი. თუმცა, აუდიტის ჯგუფის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შემოწმებით გამოვლინდა, რომ აღნიშნული წყალსადენი არ არის ჩართული სისტემაში და შესაბამისად, ვერ სარგებლობს მოსახლეობა.

როგორც აუდიტის დოკუმენტში წერია, ადგილობრივ მაცხოვრებლებთან გასაუბრებით გაირკვა, რომ წყალი, წყალსადენის სისტემის მოწყობის დღიდან (ერთ წელზე მეტი პერიოდი), არ მიეწოდება მოსახლეობას.

„შპს „ხელვაჩაურის წყალკანალის“ დირექტორის ინფორმაციით, დაზიანებულია ცენტრალურ წყალსადენთან არსებული მილი, რომელიც ამორტიზებულია და არ ექვემდებარება შეკეთებას. სწორედ აღნიშნულ ცენტრალურ მილზე უნდა მომხდარიყო ახალი წყალსადენის მილის დაერთება. მისივე განმარტებით, არსებული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, შეიძინეს პოლიეთინელის მილები და უახლოეს პერიოდში ჩანაცვლდება დაზიანებული მილები“, - წერია აუდიტის ანგარიშში.

გარდა ამისა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2018 წელს სოფ. ერგეში განხორციელებული წიფლნარას წყალსადენის კაპტაჟების რეაბილიტაციის სამუშაობის შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ წყლის სისტემაში არ არის ჩართული და შესაბამისად, არ ხდება პროექტის ფარგლებში მოწყობილი 10 კუბ.მ რეზერვუარის გამოყენება, რაშიც გადახდილია 7,105 ლარი. „აღნიშნულთან დაკავშირებით მერიიდან ვერ მივიღეთ სათანადო განმარტება“, - წერია დოკუმენტში.

და კიდევ ერთი პროექტის შესახებ: სოფ. წინსვლაში არსებული სასმელი წყლის ავზისა და მაგისტრალის რეაბილიტაციის სამუშაოების შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ უფუნქციოა პროექტის ფარგლებში რეაბილიტირებული წყლის სალექარი, რადგან მასში შეგროვებული წყალი იღვრება მიწაში, რაც გამოწვეულია შესრულებულ სამუშაოებში არსებული ნაკლოვანებებით. ხარჯთაღრიცხვის თანახმად, წყლის სალექარის ნაგებობის რეაბილიტაციისათვის გადახდილია 9,534 ლარი.

ამგვარად აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ:

„მუნიციპალიტეტის მიერ არასათანადო დაგეგმვისა და განხორციელებულ პროექტებზე სუსტი მონიტორინგის არსებობის გამო, მოსახლეობა ვერ სარგებლობს შექმნილი ინფრასტრუქტურით, რაც საბიუჯეტო სახსრების, ამ კონკრეტულ შემთხვევაში 45,669 ლარის, არაეფექტიან განკარგვაზე მიუთითებს“.