მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტაბილური ვალუტა, აღდგენის ხანა მოდის” - თამაზ დაუშვილი

60b902feddb56
ანუკა ჯოხაძე
03.06.21 22:39
589
3 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი კიდევ გამყარდა. აშშ დოლართან მიმართებით კურსის ცვლილებამ 7.04 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1524 ლარი გახდა. ეს მთელი 2021 წლის განმავლობაში დოლარის ყველაზე დაბალი ღირებულებაა, მეტიც, 2020 წლის 15 სექტემბრის შემდომ ერთი დოლარის ფასი 3.22 ლარი არ ყოფილა.

"დიოს" აღმასრულებელი დირექტორი თამაზ დაუშვილი ამბობს, რომ ლარის გამყარების დადებითი ტენდენცია დიდწილად ვაქცინაციის ტემპით იყო განპირობებული, თუმცა თუ ტემპი არ მოიმატებს და პროცესების არ მოხდება, შესაძლოა, ლარის გამყარების ტენდენცია შეიცვალოს.

“ლარის გამყარება რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული. ეს არის ვაქცინაციის ტემპის გაზრდა, რამაც ბიზნესის განწყობებზე გავლენა იქონია. ამის გარდა, ვფიქრობ, რომ ტურიზმიდან შემოსავლებმაც გარკვეულწილად მოიმატა. ასევე მნიშვნელოვანი წილი ჰქონდა უცხოეთიდან გადმორიცხულ თანხებს. აღდგენის ხანა მოდის, ეკონომიკა უნდა აღდგეს ამიტომ ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტაბილური ვალუტა. ეს იმიტომ რომ ინვესტიციები არის რეკორდულად შემცირებული. ჩვენ ყველანაირად უნდა დავანახოთ ინვესტორებს, რომ ეს არის ქვეყანა, სადაც პოსტპანდემიურ პერიოდში ინვესტიციების განხორციელება ღირს.” - აცხადებს კომპანია “დიოს” აღმასრულებელი დირექტორი თამაზ დაუშვილი.