მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ახლა შევქმნიდი ჯარს..." - რას გააკეთებდა ვერა ქობალია ინვესტიციების მოსაზიდად

5eb53d27adac7
თელარა გელანტია
08.05.20 23:40
9826
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი ვერა ქობალია ამჟამად კანადაში ცხოვრობს, სადაც ქალაქ ახალი ვესტმინსტერის მერიაში მრჩევლად მუშაობს. მისი ძირითადი ფუნქცია ინვესტიციების მოზიდვა, ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობა და ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესებაა. გარდა ამისა, 2018 წლიდან ის Sandstorm-ის დირექტორია. Sandstorm იმ კომპანიებს აფინანსებს, რომლებიც ოქროს მოძიების პროცესში კაპიტალს ეძებენ. პარალელურად, საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი თანამშრომლობს დიდი ბრიტანეთი, ავსტრალიის, აზიის რამდენიმე ქვეყნის მთავრობებთან და ასევე, კერძო კომპანიებთან.

ვერა ქობალიასთან ინტერვიუს ვიდეო ვერსია.

- „დიდი ლოქდაუნი“ - მსოფლიო ეკონომიკისთვის პანდემიით მიყენებული დარტყმის შესაფასებლად ეს ტერმინი პირველად IMF-მა გამოიყენა. სავალუტო ფონდის პროგნოზითვე, კორონავირუსის გლობალური პანდემია გამოიწვევს „დიდი დეპრესიის“ შემდეგ ყველაზე დიდ ეკონომიკურ კრიზისს... ზოგიერთმა 2008-2009 წლების ფინანსურ კრიზისსაც შეადარა... როგორია თქვენი შეფასება, რა სიმძიმის კრიზისთან გვაქვს საქმე?

- სამწუხაროდ, ბევრად უფრო დიდ კრიზისს ვუყურებთ, ვიდრე ეს იყო 2008-2009 წლების ფინანსური კრიზისი და ალბათ, უფრო შეგვიძლია შევადაროთ საუკუნის დასაწყისის კრიზისს. დღეს, აშშ-ში, კანადაში, ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, მილიონობით ადამიანმა დაკარგა სამსახური და ითხოვენ უმუშევრობის კომპენსაციას, ასტრონომიული მონაცემებია. ალბათ ბევრად რთულია ეს მაჩვენებლები დავითვალოთ განვითარებად ქვეყნებში, რადგან იქ ისედაც ბევრი ადამიანი არ მუშაობს სრული დატვირთვით, ბევრი სხვა მიზეზის გამო. ასევე, კრიზისი იქნება იმის გამო, რომ ჩვენ მოგვიწევს სრულიად შეცვლა ქცევის მოდელების, რასაც ვართ მიჩვეული; ასევე, იმ სავაჭრო ჯაჭვების, რაზეც ვიყავით აწყობილი და ამას, რა თქმა უნდა, დასჭირდება დიდი კაპიტალი და სანამ ამ ახალ გზებზე გადავალთ, ყველას გაუჭირდება. ზუსტად ამიტომაა საჭირო, რომ ახლა სახელმწიფომ ითამაშოს სწორი როლი და სტიმულირება მოახდინოს ბიზნესის და კერძო სექტორის. საბანკო სექტორმა, ეროვნულმა ბანკებმა საპროცენტო განაკვეთი, პრაქტიკულად, ნულამდე დაწიეს და აქაც (კანადაში) ვესაუბრებოდი ერთ-ერთი ბანკის ხელმძღვანელს, რომელიც ამბობდა, რომ კაპიტალი არსად გამქრალა, ის აქ არის და ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს ახლა, რომ რაც შეიძლება მეტად დავაკრედიტოთ ეკონომიკა... აქ (კანადაში) და ამერიკაში სესხებზე საპროცენტო განაკვეთი ძალიან შემცირდა და ასეთი ნაბიჯებია მნიშვნელოვნი, რომ ის კრიზისი, რომელზეც ვლაპარაკობთ, მძიმედ არ გადავიტანოთ, როგორც ახლა ვხედავთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველა კრიზისს აქვს დადებითი მხარეებიც და თუ შევძლებთ ამ მომენტის გამოყენებას, რომ პოზიტიურად შევხედოთ მომავალს, დავიჭიროთ სწორი მომენტები, კარგი იქნებოდა.

- რა არის საჭირო ამ სწორი მომენტების დასაჭერად? დღეს ყველა საუბრობს, რომ შესაძლებლობად უნდა ვაქციოთ არსებული გამოწვევა - რა არის საქარველოსთვის შესაძლებლობა ამ ვითარებაში?

- საქართველო არაა ერთადერთი ქვეყანა, ვინც ამაზე ფიქრობს. აბსოლუტურად ყველა განვითარებული თუ განვითარებადი ქვეყანა ახლა ფიქრობს იმაზე, როგორ შეუძლია მას ჩაანაცვლოს თუნდაც მცირე პროცენტით ჩინეთი, ვიცით რა, მისი წვლილი მსოფლიო ეკონომიკაში ბოლო 10-20 წლის განმავლობაში. ყველა ქვეყანა, ვისთანაც ვთანამშრომლობ, ახლა 24-საათიან რეჟიმში არის ტელეფონზე, zoom კონფერენციებით ესაუბრება იმ კომპანიებს, რომლებიც ათასობით და ათიათასობით გამოდიან ჩინეთიდან და უმტკიცებს, რატომ უნდა შევიდნენ მათ ქვეყნებში... ისინი ძალიან არაორდინალურ ნაბიჯებს დგამენ, რათა დააინტერესონ ეს კომპანიები.

- რა ნაბიჯებს დგამენ და რომელი ქვეყნები, ვის გამოყოფდით?

- მაგალითად, ინდოეთმა ამ რამდენიმე დღის განმავლობაში დიდი კამპანია დაიწყო. პრემიერ-მინისტრმა დაავალა აბსოლტურად ყველა ადგილობრივ მთავრობას, რომ თავისი გეგმა გამოიმუშაონ და იქ ერთმანეთს ეჯიბრებიან ამაში; გამოყვეს 2 ლუქსემბურგის ზომის ტერიტორია, როემლსაც უსასყიდლოდ აძლევენ ინვესტორებს, კიდევ ბევრი პრეფერენციაა.. და ეს საჭიროა, რადგან აბსოლუტურად ყველა ვიბრძვით ერთი და იგივე ინვესტორებისთვის, კაპიტალისთვის და არა მარტო ვიბრძვით, ეს ძალიან მოკლე პერიოდია, როცა გვაქვს საშუალება, დავაინტერესოთ ეს ჩაბარგებული ინვესტორები, შუა გზაში მოვატრიალოთ და ჩვენსკენ შემოვახედოთ, მაგრამ არ იქნება მარტივი... გაერო-ს თავდაპირველი პროგნოზით, დაახლოებით, 10-15 პროცენტით შემცირდება უცხოური ინვესტიციების ნაკადი წელს, მაგრამ ახლა გადააფასეს და 40%-მდეა პროგნოზი, ამიტომ ძალიან რთული იქნება ინვესტიციების მოზიდვა, თუმცა შესაძლებელია, მთავარია, რამდენად არის საქართველო მზად არაორდინალური ნაბიჯები გადადგას და არაორდინალური პირობები შესთავაზოს ინვსტორებს... ჩვენი მეზობლის აზერბაიჯანის მაგალითს მოგიყვებით; როგორც წესი ჩვენს მეზობლებს ვუყურებთ ისე, რომ ჩვენ მათზე უკეთესად მოვიზიდავთ ინვესტიციებს, მაგრამ უნდა შევხედოთ ყველას. აზერბაიჯანის საინვესტიციო სააგენტოს უფროსის ინტერვიუს ვუსმინე და როცა მას ჰკითხეს, რას აკეთებთ ახლაო, მისი პასუხი იყო შემდეგი - ერთადერთი რასაც ვაკეთებთ, ვრეკავთ და ტელეფონზე ვესაუბრებით კომპანიებს, მეტს არაფერს ვაკეთებთო... ვითომ მარტივად ჟღერს, მაგრამ სინამდვილეში ეს არის ერთადერთი, რასაც უნდა ვაკეთებდეთ და მე რომ მქონდეს საშუალება, ახლა შევქმნიდი ჯარს, შევკრებდი ადამიანებს სხვადასხვა სტრუქტურებიდან, სააგენტოებიდან, ვინც 24 საათის განმავლობაში დაკავდებოდნენ კომპანიებთან რეკვით და ერთი და იგივე ხმით, ერთი ისტორიით მოვუყვებოდი, რატომ უნდა აირჩიონ საქართველო ინვესტირებისთვის. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, თუ უკვე გაქვს წვდომა და იცნობ ამ ადამიანებს...

- და რატომ საქართველო? ხშირად ვიმეორებ ხოლმე, რომ იყო დრო როცა მუშაობდა გზავნილები - დაბალი გადასახადები, ბიზნესის კეთების სიმარტივე და ა.შ, მაგრამ ეს იყო 10 წლის წინ და ახლა რა შეიძლება შესთავაზოს საქართველომ ინვესტორებს, რომ კარგად გავყიდოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი?

- მე მგონია, რომ ინვესტორი არ იცვლება და არც ის იცვლება, რაც ინვესტორს სჭირდება; გააჩნია რა სექტორში არის და რა სჭირდება. თუ წარმოებაა, ინვესტორი ეძებს პროდუქტიულ მუშა ხელს, სჭირდება საჯარო იფრასტრუქტურა - გზა, წყალი, დაბალი გადასახდები და ა.შ. ეს ყველაფერი გასაგებია და ვიცით. ალბათ ახლა დაემეტება სიმარტივე ონლაინ კუთხით, ინტერნეტიზაციის მასშტაბი, რაც აუცილებელია და ყველა მაგას ითხოვს. მაგალითად, ახლა კანადაში სასამართლო სისტემასთან მაქვს შეხება და ისინი გადავიდნენ ონლაინ რეჟიმში საქმის წარმოებაზე და მოსმენებზე...

- ჩვენს სასამართლო სისტემას უფრო დიდი პრობლემები აქვს...

- ვიცით, რა პრობლემებია, მაგრამ ან ვიქნებით ამისთვის მზად ან შეგვიძლია გავაგრძელოთ კამათი და არაფერს მივაღწიოთ. ვფიქრობ, არასტანდარტული ნაბიჯები ახლა უნდა გადავდგათ.

- კიდევ რა სჭირდება ინვესტორს?

- პირველ რიგში, ეს არის ნდობა. ჩვეულებრივი ადამიანისთვისაა რთული ჩაბარგება და ერთი სახლიდან მეორეში გადასვლა და წარმოიდგინეთ, როცა დიდ კომპანიაზე ვსაუბრობთ, რომელმაც საკუთარი წარმოება-დანადგარები უნდა გადმოიტანოს... ამიტომ მას უნდა ჰქონდეს ნდობა, რომ თუ საქართველოში გადმოვა, ეს არ იქნება ერთდღიანი გადასვლა... როგორ იქმნება ეს ნდობა?! მე და თქვენ რომ წავიდეთ და ვიღაც უცხო ადამიანს დავუწყოთ მოყოლა, რა კარგია საქართველოში, ბუნებრივია, ბევრად უფრო რთულია მისი დარწმუნება, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ მას საქართველოზე მოუყვება მისი მეგობარი, პარტნიორი, ვისთანაც წლებია აქვს კავშირი და შეხება. ვინაა მისი მეგობარი?! ესაა ის, ვისთანაც ბიზნეს ურთიერთობა ჰქონია ან ერთი და იგივე ქვეყნიდან არიან ან საერთო ნაცნობი ჰყავთ, ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. მე მგონია, რომ, პირველ რიგში, უნდა მოვეფეროთ და დავეხმაროთ იმ ინვესტორებს, ვინც დღეს უკვე არიან საქართველოში, რადგან თუ ჩვენ გვინდა მოვიზიდოთ ეს ინვესტიციები, ჩვენი პირველი ელჩები არიან ისინი, ვინც უკვე აქ გვყავს და აკეთებენ ბიზნესს; სწორედ მათ უნდა თქვან, რომ კი - მარტივია საქართველოში ბიზნესი კეთება, კი - კომფორტულია და კი - ეს ყველაფერი, თან მომგებიანია.

- ვერა, ხშირად ამბობთ, რომ ახლა არაორდინალური გადაწყვეტილებების დროა... როგორც ვიცი, არაერთი ქვეყნის მთავრობებთან მუშაობთ, ამიტომ რომელ ქვეყნებს გამოყოფიდთ, ვისი ეკონომიკური პოლიტიკაც, ქმედებები მოგწონთ ამ სიტუაციაში და შეიძლება ჩვენც გამოგვადგეს.

- ბევრი ქვეყანაა, ვისგანაც კონკრეტულ მაგალითებს ავიღებდი. მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნები საინტერესო ნაბიჯებს დგამენ, თუნდაც ტურიზმის მიმართულებით; ზოგიერთმა ქვეყანამ ქალაქის ზონირებაც კი შეცვალა და რესტორნებს და კაფეებს მისცეს უფლება, გარე სივრცეები გამიყენონ... კიდევ ბევრი მაგალითის მოყოლა შეიძლება. მოკლედ, სტანდარტული აზროვნების ყუთის გარეთ უნდა დავიწყოთ ფიქრი და რაც უფრო უცნაურია იდეა, იმას ყველაზე უფრო საინტერესოდ უნდა შევხედოთ.

- და შეცდომების არ შეგვეშინდეს?

- ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი. შეიძლება 10 ნაბიჯიდან ნახევარი იყოს შეცდომა, მაგრამ ეს პროგრესი, წინ ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია. ყველა ქვეყანა დგამს ახლ არაორდინალურ ნაბიჯებს და თუ არ ავყევით, ძალიან უკან დავრჩებით ჩვენ - საქართველო.