მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ახლა თავს დავანებებდი ბევრ წერას" - ვერა ქობალია პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაზე

5ebf06b69154c
თელარა გელანტია
16.05.20 13:05
5819
ახალი არავისთვისაა, რომ ბოლო წლებში საქართველო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შიმშილს განიცდის. 2019 წელს FDI მხოლოდ 0.2%-ით გაიზარდა. Covid-19-ის გამო შექმნილ რეალობაში, როცა წელს საერთაშორისო ტურიზმი შარშანდელივით 3 მლრდ დოლარს ვერ მოგვიტანს, უცხოური ინვესტიციების მნიშვნელობა კიდევ უფრო მეტად იზრდება. „ახლა შევქმნიდი ჯარს, ვინც ჩამორეკავდა კომპანიებში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რათა მოვიზიდოთ ინვესტიციები...“ - ამბობს საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი bm.ge-ისთან ინტერვიუში.

ვერა ქობალია ამჟამად კანადაში ცხოვრობს, სადაც ქალაქ ახალი ვესტმინსტერის მერიაში მრჩევლად მუშაობს. მისი ძირითადი ფუნქცია ინვესტიციების მოზიდვა, ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობა და ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესებაა. გარდა ამისა, 2018 წლიდან ის Sandstorm-ის დირექტორია. Sandstorm იმ კომპანიებს აფინანსებს, რომლებიც ოქროს მოძიების პროცესში კაპიტალს ეძებენ. პარალელურად, საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი თანამშრომლობს დიდი ბრიტანეთი, ავსტრალიის, აზიის რამდენიმე ქვეყნის მთავრობებთან და ასევე, კერძო კომპანიებთან.

- თქვენი აზრით, რომელია ის დარგები, სადაც შეიძლება დღეს ინვესტიციები მოვიზიდოთ საქართველოში?

- ჩემი საყვარელი პროფესორია რიკარდო ჰაუსმანი (ჰარვარდის უნივერსიტეტი), რომელმაც ეკონომიკური სირთულის ატლასი შექმნა. ამ მოდელის მიხედვით, რა ინდუსტრიაც ქვეყანას უკვე აქვს განვითარებული, და შესაბამისი უნარები აქვთ ადამიანებს, ბევრად მარტივია ამ ტიპის წარმოებიდან მსგავსი წარმოების განვითარება/გადასვლა; ასევე საექსპორტო კალათის მრავალფეროვნება. მაგალითისთვის, შევხედოთ ბურკინა ფასოს, რომლის 3 მთავარი საექსპორტო საქონელი არის ოქრო, ბამბა და თხილი; მას არ აქვს ადამიანური რესურსი და უნარ-ჩვევები, რომ ხვალ მანქანათ მშენებლობა დაიწყოს. მეორე მხარეს გერმანია ან იაპონია დგას, სადაც საექსპორტო კალათა იმდენად მრავალფეროვანია, რომ მარტივად შეუძლია „გადახტომა“ ერთი ტიპის წარმოებიდან - მეორეზე. ამიტომ ვფიქრობ, ადამიანურ რესურსზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი, პირველ რიგში. რამდენიმე სექტორი ამ ახლო მომავალში მოიზიდავს დამატებით ინვესტიციებს მსოფლიოში, რადგან მოთხოვნა მასზე და მისი წარმოების ჯაჭვი იცვლება. ეს არის ფარმაცევტული პროდუქტი და სხვა ჯანდაცვის ნივთები. ქვეყნები უკვე დღეს გადადიან შიდა წარმოებაზე ან რეგიონალურ წარმოებაზე იმ ქვეყნებთან, ვისთანაც მაღალი ნდობა აქვთ და იმედია, საქართველო ევროპის ან ამერიკის ბაზრისთვის სანდო პარტნიორი იქნება.

- რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც FDI-ის მოზიდვაზე უნდა ვიმუშაოთ. ამ კუთხით რას ურჩევდით საქართველოს მთავრობას - როგორ იმუშაონ? რა უნდა გააკეთონ შინ და გარეთ, რომ დადონ შედეგი?

- ახლა აქცენტს გავაკეთებდი იმ ქვეყნებზე, რომლებიც გამოდიან ჩინეთიდან; ესაა იაპონია, კორეა და რაღაც დონეზე აშშ-ც. ამ კრიზისულ პერიოდში დღეს თუ არ გავაკეთეთ ეს, ხვალ უკვე გვიანი იქნება.

- სხვათაშორის რამდენიმე კვირის წინ გახდა ცნობილი, რომ საქართველოში იაპონური ჰოლდინგი TEPCO შემოვიდა - მან „დარიალი ჰესის“ 30% იყიდა... როგორც გავიგეთ, თურმე 3 წელი მიდიოდა ამ გარიგებაზე მოლაპარაკებები - ცოტაა თუ ბევრი ეს დრო?

- იაპონელები, ზოგადად, ძალიან დეტალურად აანალიზებენ ყველაფერს და ძალიან ფრთხილები არიან, ამიტომ რადგან მათ რაღაც ტიპის ინვესტიცია უკვე ჩადეს საქართველოში, ისინი უნდა გამოვიყენოთ, როგორც ჩვენი ელჩები იაპონიაში. მათ დახმარებით, 24 საათი უნდა იყვნენ სატელეფონო თუ zoom-საკონფერენციო კავშირზე და უყვებოდნენ, რატომ აირჩიეს მათ საქართველო.

- ვერა, ჩვენი ბოლო ინტერვიუდან 2 წელზე მეტი გავიდა. მაშინ გკითხეთ კომერციულ ატაშეებზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა 2016 წლიდან არჩევს, მაგრამ დღემდე არ ვიცით, ვინ შეარჩიეს ან საერთოდ თუ დანიშნეს ვინმე. როგორ ფიქრობთ, covid-19-ის გამო შექმნილი გამოწვევების გათვალისწინებით, რამდენად დროულია ახლა ეს მოდელი?

- კარგი იქნებოდა, რომ კომერციული ატაშეები დღეს უკვე გვყავდეს, რადგან ისინი შეძლებდნენ შესაბამის ქვეყნებში რაღაც ნაბიჯების გადადგმას და კომპანიებთან, პოტენციურ ინვესტორებთან პირდაპირ ურთიერთობას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ შეგვიძლია სხვა მეთოდები და გზები გამოვიყენოთ ინვესტიციების მოსაზიდად. როგორც ვთქვი, ჩვენი „პირველი ელჩები“ არიან უკვე არსებული ინვესტორები, რომელთაც ჰყავთ შვილობილი კომპანიები სხვადასხვა ქვეყნებში და მათი კონტაქტები უნდა გამოვიყენოთ. ასევე, მე, მაგალითად, დავჯდებოდი ადამიანების გარკვეულ დიდ ჯგუფთან ერთად და ვკითხავდი - სკოლით დაწყებული უნივერსიტეტით დამთავრებული, ვის სად გყავთ ნაცნობები, სად მუშაობენ, ვინ რომელი ქვეყნის მთავრობაშია... ყველას გვყავს დიდი წრე, ჩამოწერეთ თითომ 100-კაციანი სია და დავიწყოთ ჩამორეკვა... სხვა გზა არ არის...

- FDI-ის მოზიდვა კონტაქტებსა და კარგ ურთიერთობებზე, ნდობაზე გადის?

- რა თქმა უნდა... მე რაც მინახავს, პრეზიდენტებიდან და პრემიერებიდან დაწყებული, აბსოლუტურად ყველაფერი, საბოლოო ჯამში, არის ურთიერთობებზე, ინდივიდუალურ კონტაქტებსა და ნდობაზე დაფუძნებული. რატომ არის რომ ტრამპი და სხვა მსოფლიო ლიდერები ერთად დადიან გოლფის სათამაშოდ და ა.შ. ზოგი დასცინის მათ ამის გამო და აკრიტიკებენ, რამდენს ისვენებენო, მაგრამ ეს ქმნის იმ ურთიერთობებს, ნდობას, რაც შემდგომ უკვე გადაწყვეტილებებში გადადის. კარგი იქნებოდა, რომ ეს ინდივიდუალური კონტაქტები საჭირო არ იყოს, მაგრამ სხვანირად არ გამოდის.

- თან როცა სახელმწიფო ინსტიტუციები არც ისე მდგრადია...

- თან იცით, რაშია საქმე, ჩვენ სტუმარ-მასპინძლობის დიდი კულტურა გვაქვს; ლამაზად საუბარი შეგვიძლია და რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ეს ყველაფერი ქვეყნისთვის?!

- დღეს რომ FDI-ის მოზიდვის მისია გქონდეთ, რას იზამდა ვერა ქობალია? სად ჩამორეკავდა?

- მე ამ წლების განმავლობაში დასარეკი კონტაქტების დიდი სია დამიგროვდა უკვე...

- ამიტომაც თქვენს, ასევე, სხვა წარმატებული ქართველების რესურსს არ უნდა იყენებდეს მთავრობა ასეთ დროს?

- ჩემი ოცნებაა, რომ ადამიანები პოლიტიკური იდეოლოგიების მიხედვით არ განვასხვავოთ... ჩემი იდეოლოგია შეიძლება განსხვავებული იყოს, მაგრამ მეც ისევე მტკივა გული იმაზე, რაც ხდება საქართველში, როგორც - სხვას; კანადას ან ამერიკას რომ შევხედოთ, როცა კრიზისული პერიოდი დგება, ყველაფერი გვერდზე იწევს და ყველა ერთად მუშაობს, რომ დაეხმარონ ქვეყანას. ჩვენ მანდ ჯერ არ ვართ...

- და ბოლოს, საქართველოს ჯერ არ აქვს პოსტკრიზისული ეკონომიკური გეგმა; მთავრობა ამბობს, რომ მუშაობენ. თქვენი აზრით, რა უნდა ჩაიწეროს ამ გეგმაში, თქვენ რას ჩაწერდით?

- მე ახლა თავს დავანებებდი ძალიან ბევრ წერას, ეს იქნებოდა ჩემი რჩევა და ნაკლებად ვინერვიულებდი შეცდომებზე. ვიფიქრებდი იმაზე, როგორ გადავდგა მეტი და სწრაფი ნაბიჯები და და შემდეგ უკვე შეიძლება გაანალიზო და შეხედო, რა არის დასატოვებელი, რა არის ამოსაღები, მაგრამ დღეს არ გვაქვს იმის დრო, რომ კონსულტანტები მოვიწვიოთ, სტრატეგიები დავწეროთ, ამას სჭირდება თვეები. არავინ დაწერს ერთ დღეში ლოგიკურს და გააზრებულს და არც არავინ იცის, რა მოხდება 1 და 2 თვეში ან 1 წელიწადში, ამიტომ ერთადერთი გზაა - ავიღოთ ტელეფონები ხელში და ვრეკოთ ბევრგან, არაორდინაალური პირობები შევთავაზოთ ინვესტორებს და ასე დავაინტერესოთ ისინი.

- რა შეიძლება იყოს ეს არაორდინალური პირობები ჩვენი მხრიდან დღეს? ვურეკავთ ინვესტორს და რას ვეუბნებით - რას ვახვედრებთ საქართველოში?

- ეს უფრო დეტალურად გასაანალიზებელია. დავუშვათ, ვირჩევთ კონკრეტულ სამ სექტორს და შემდეგ უკვე ვყალიბდებით იმაზე, თუ რას ვთავაზობთ იმ მიმართულებებში ინვესტორს შემდეგი 5 თუ 10 წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს შეთავაზებებში განსხვავება უცხოელი და ადგილობრივი ბიზნესმენებისთვის... და ყველაზე მთავარი, არ უნდა გეშინოდეს, რომ მერე შეიძლება ვიღაცამ დაკითხვაზე დაგიძახოს, რატომ გადაწყვიტე ასეო. ესაა მთავრობაში მუშაობა, სხვა რამე კი არა.

- როგორც თქვენ დაგიძახეს გამოკითხვაზე 2012 წელს?

- დიახ, კოპიტნარის აეროპორტის თემაზე - თურმე რატომ ავაშენეთ...