მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახლო მომავალში ნავთობის ფასები შემცირდება

61b8f9bfb078a
ეგნატე შამუგია
15.12.21 22:45
1025
ნოემბრის მსგავსად, დეკემბერშიც ნავთობის ბაზრის მაჩვენებლების პროგნოზები მაღალი გაურკვევლობის ფონზეა მომზადებული, რაც „დიდი ჩაკეტვის“ კრიზისის შემდეგ, მიმდინარე აღდგენის პროცესს უკავშირდება, თუმცა განუსაზღვრელობა შედარებით გაზრდილია, რაც კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“ აღმოჩენას უკავშირდება. ასეთ პირობებში, დეკემბრის თვეში ბრენტის ტიპის ნავთობის საშუალო ფასი ბარელზე 71 აშშ დოლარითაა პროგნოზირებული, რაც წინა პერიოდის საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით 10 დოლარით ნაკლებია. მოკლევადიან პერიოდში ნავთობის ფასის პროგნოზის ამგვარი შემცირება სწორედ ვირუსის ახალი ვარიანტის გამო მოგზაურობაზე შეზღუდვების დაწესების მოლოდინის უკავშირდება. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს შეფასებით, ნოემბერში ბრენტის ტიპის ბარელ ნედლ ნავთობზე საშუალოდ ფასი 81 აშშ დოლარი იყო, რაც ნოემბრის დასაწყისში არსებულ საპროგნოზო მაჩვენებელს 1 დოლარით ჩამორჩება. აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში ბარელ ნედლ ნავთობზე ფასი, მის ნომინალური გამოხატულებაში, 2014 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე მაღალი იყო.
 
წინა თვესთან შედარებით, ნოემბერში ბარელ ნედლ ნავთობზე ფასი 3 აშშ დოლარით მეტია, ხოლო წლიურ ჭრილში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით ფასი საშუალოდ 38 დოლარითაა გაზრდილი. 2020 წლის ნოემბერში ბრენტის ტიპის ნედლი ნავთობის ფასი ბარელზე საშუალოდ 42.7 აშშ დოლარი იყო. ჯამში, გასულ წელს ნავთობის ფასი საშუალოდ 41.8 აშშ დოლარს აღწევდა. ყველაზე დაბალი, 18.4 დოლარი კი აპრილის თვეში დაფიქსირდა, როცა უმეტეს ქვეყნებში დაწესებული მკაცრი შეზღუდვების გამო მობილობა მკვეთრად დაეცა. მიმდინარე წელს კი ფასის კუთხით მდგომარეობა არსებითად გაუმჯობესებულია. 2021 წლის თერთმეტი თვის ფაქტობრივი და ბოლო ერთი თვის საპროგნოზო მაჩვენებლების მიხედვით, წლის მანძილზე ბრენტის ტიპის ნედლი ნავთობის საშუალო ფასი ბარელზე 71.3 აშშ დოლარია, რაც წინა წლის მაჩვენებელს 29.6 დოლარით აჭარბებს. საშუალოვადიან პერიოდში კი ნავთობის ფასების შემცირებაა მოსალოდნელი. მომდევნო წლის პირველ კვარტალში ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე საშუალოდ 73 დოლარითაა პროგნოზირებული, რაც წინა პერიოდში 78.3 დოლარით იყო ნავარაუდევი. პროგნოზების შემცირება კი „ომიკრონთან“ დაკავშირებით, გლობალურად საწვავზე მოთხოვნის კლების მოლოდინებითაა გამოწვეული.

ფიგურა 1: გლობალურად საწვავის მოხმარების და ბრენტის ტიპის ნედლი ნავთობის ფასი, თვეების მიხედვით
წყარო: ა.შ.შ. -ს ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაცია

სააგენტოს შეფასებით, მიმდინარე წლის ნოემბერში ნავთობპროდუქტების საშუალო დღიურმა მოხმარებამ 99.7 მლნ ბარელი შეადგინა, რაც ოქტომბრის საპროგნოზო მაჩვენებელს 0.2 მლნ ბარელით ჩამორჩება. აღნიშნული გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 4.3 მლნ ბარელით მეტია, მაგრამ პანდემიამდე, 2019 წლის ნოემბერთან შედარებით 2.0 მლნ ბარელით ნაკლები. ამავდროულად, მიმდინარე პერიოდის პროგნოზები, წინა პერიოდთან შედარებით, ნავთობპროდუქტების მოხმარების ნაწილში გაუარესებულია. ამის მიზეზი კი, როგორც ზემოთ ვახსენეთ, კორონა ვირუსის ახალი შტამის აღმოჩენა და შედეგად მოლოდინების ცვლილებაა. მიმდინარე წლის დეკემბრისთვის საწვავის საშუალოდ დღიური მოხმარება 100.6 მლნ ბარელითაა ნავარაუდევი, რაც წინა საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით დღეში საშუალოდ 0.8 მლნ ბარელით ნაკლებია. ნავთობპროდუქტების მოხმარების საპროგნოზო მაჩვენებელი 2022 წლის პირველ კვარტლისთვისაც შემცირებულია. წინა პერიოდის საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით, მომდევნო წლის პირველ კვარტალში საშუალო დღიური მოხმარება 0.5 მლნ ბარელით, 99.3 მლნ ბარელია მოსალოდნელი. აღნიშნული 2021 წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელს 4.7 მლნ ბარელით აღემატება, ხოლო გასულ წლის დონეს კი - 3.4 მლნ ბარელით. 2019 წელის პირველ კვარტალში საწვავის დღიური მოხმარება საშუალოდ 100.2 მლნ ბარელი იყო, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდის საპროგნოზო მაჩვენებელს 0.9 მლნ ბარელით აღემატება.

ნავთობის ბაზრის მდგომარეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რეგიონულ ჭრილში, რადგან რეგიონის ქვეყნების დიდი ნაწილი ნავთობის წმინდა ექსპორტიორები არიან, რომელთა ეკონომიკაში ამ ინდუსტრიის წილი საკმაოდ მაღალია. მეორე მხრივ, ეს მდგომარეობა რეგიონის ნავთობიმპორტიორებზეც აისახება. კერძოდ, საქონელი და მომსახურების სავაჭრო არხით, რადგან რეგიონის ქვეყნებს შორის მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობაა. აქედან გამომდინარე, ნავთობის ბაზარს და განსაკუთრებით სამეზობლოს ნავთობექსპორტირების მდგომარეობას საქართველოზე მკაფიო გავლენა გააჩნია. ეს გავლენა უპირველეს ყოვლისა საქართველოს ორ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს - რუსეთს და აზერბაიჯანს უკავშირდება. ამ ქვეყნების ეკონომიკების ბირთვი კი სწორედ ნავთობის ინდუსტრიაა. არსებული პროგნოზებით, მიმდინარე წლის ბოლო კვარტლის აზერბაიჯანის ნავთობის წარმოების მაჩვენებელი დღეში საშუალოდ 0.7 მლნ ბარელია, რაც 2022 წლის პირველ-მეორე კვარტალში, გაზრდილი ნიშნულით, 0.8 მლნ ბარელითაა პროგნოზირებული. ასეთივე მდგომარეობა რუსეთის წარმოების პროგნოზებში. მიმდინარე წლის ბოლო პერიოდის დღიური საშუალო წარმოება 11.3 მლნ ბარელია, რაც მომდევნო წლიდან ზრდის მიმართულებითაა ნავარაუდევი. კერძოდ, პირველ კვარტალში წარმოების დონე დღეში საშუალოდ 11.3 მლნ ბარელია, ხოლო მეორე კვარტალში ეს მაჩვენებელი 11.5 მლნ ბარელამდე გაიზრდება. 2020 წლის პირველი ორი კვარტალისთვის რუსეთის დღიური მოპოვების საპროგნოზო ნიშნული მიმდინარე წლის ანალოგიური პერიოდის მოცულობას 0.9 და 0.8 მლნ ბარელით აღემატება.

ამდენად, წლის ბოლოსთვის მდგომარეობა გაუარესდა, რაც ახალი ვარიანტის „ომიკრონის“ გამოჩენას უკავშირდება. რიგმა ქვეყნებმა უკვე დააწესეს რიგი შეზღუდვები და ამავდროულად არსებობს მოლოდინი, რომ ევროპის მასშტაბით მობილობა შეიზღუდება. აღნიშნული ნავთობის ბაზარზეც აისახა. ერთი მხრივ, უახლოეს პერიოდში ნავთობის ფასების კლებაა მოსალოდნელი და მეორე მხრივ, ნავთობპროდუქტების მოხმარების დონე შედარებით ნაკლებითაა ნავარაუდევი, ვიდრე წინა პროგნოზებში, თუმცა უშუალოდ რეგიონში, კერძოდ, რუსეთი და აზერბაიჯანის შემთხვევაში ნავთობის მოპოვების საპროგნოზო მოცულობა უცვლელია. მიუხედავად ამისა, შემცირებული ფასის პირობებში ეს მათ ეკონომიკებზე უარყოფითად აისახება. შესაბამისად, მოსალოდნელია ადგილობრივი მოხმარების საპროგნოზო მაჩვენებლის შემცირება, რაც საქართველოდან ამ ქვეყნებში საქონელი და მომსახურების ექსპორტზე უარყოფითად აისახება.