მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახმეტის მერიამ 1,5 მლნ-ის ღირებულების ისეთი ობიექტები ჩაიბარა, რომლებიც მალევე დაზიანდა - აუდიტი

647ae86793024
თამთა ჯიჯავაძე
03.06.23 12:33
811
ახმეტის მერიამ 1,5 მლნ-ის ღირებულების ისეთი ობიექტები ჩაიბარა, რომლებიც მალევე დაზიანდა - ამის შესახებ ახმეტის მუნიციპალიტეტის 2020-2021 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული.

აუდიტის მიხედვით, მუნიციპალიტეტმა არ დაადგინა დაზიანების გამომწვევი მიზეზები, არ გამოავლინა მათზე პასუხისმგებელი პირები და ზარალის ანაზღაურების მიზნით, არ გაატარა შესაბამისი ღონისძიებები.

როგორც აუდიტის ანგარიშშია მითითებული, 2020-2021 წლებში ახმეტის მუნიციპალიტეტმა 133 ხელშეკრულების ფარგლებში განახორციელა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი, ღირებულებით − 14,396 ათასი ლარი.

„აუდიტის ჯგუფმა შესრულებული სამუშაოები დაათვალიერა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, რის შედეგად გამოვლინდა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები. მაგალითად, 2021 წელს მუნიციპალიტეტმა შეისყიდა ქალაქ ახმეტაში შინმოუსვლელთა სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ღირებულებით − 551.0 ათასი ლარი და სკვერის ინფრასტრუქტურა დაზიანებულია.

გარდა ამისა, ხარვეზები გამოვლინდა 8 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებულ პროექტებზე, რომელთა ღირებულება 995.8 ათასი ლარია. კერძოდ, დაზიანებულია საბავშვო ბაღების შენობები, საგზაო და სხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურული ობიექტები.

ობიექტების ექსპლოატაციის პროცესში გამოვლენილი უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები ძირითადად აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისას მოქმედი სამშენებლო წესებისა და ნორმების დარღვევის შედეგია, რომელთა გამოვლენის ვალდებულება მერიის მუდმივმოქმედ ინსპექტირების ჯგუფსა და შესაბამის საექსპერტო დაწესებულებას ეკისრება. დაზიანებული ობიექტების არსებობის მიუხედავად, მუნიციპალიტეტს მათი პასუხისმგებლობის შესახებ არ უმსჯელია და სათანადო ღონისძიებები არ გაუტარებია.

აღსანიშნავია, რომ დათვალიერების მომენტისათვის ინფრასტრუქტურულ პროექტებს გააჩნდა მოქმედი საგარანტიო ვადა. მერიის შესაბამის სამსახურს არ ჩაუტარებია ობიექტების მონიტორინგი, რაც საშუალებას მისცემდა დროულად გამოეკვლია დაზიანების მიზეზები და მოეთხოვა მათი გამოსწორება. შესაბამისად, მერიამ არ გამოიყენა ხელშეკრულებებით მინიჭებული უფლება და არ უზრუნველყო არსებული დაზიანებების მიმწოდებელი ორგანიზაციების სახსრებით დროული აღმოფხვრა“, - წერია აუდიტის ანგარიშში.

აუდიტის სამსახურის რეკომენდაციაა, რომ მერიამ შეიმუშაოს და დანერგოს სამშენებლო სამუშაოების მიღება-ჩაბარებისა და მონიტორინგის წესი, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი მოქმედი სტანდარტების დაცვით სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო კონტროლის მექანიზმები.

„დოკუმენტით ნათლად უნდა განისაზღვროს კონტროლის თითოეულ ეტაპზე ჩასატარებელი სამუშაოები და კონტროლის განმახორციელებელი პირები, მათი მოვალეობები და პასუხისმგებლობები. აღნიშნული ხელს შეუწყობს კონტროლის მექანიზმების გამართულ ფუნქციონირებას, პროექტის შემოწმებისათვის საჭირო ყველა პროცედურის სათანადოდ წარმართვას და ხარისხიანი პროექტების ჩაბარებას.

ამასთანავე, მერიამ შეისწავლოს პროექტების დაზიანების გამომწვევი მიზეზები და უზრუნველყოს მათი აღმოფხვრა“, - წერს აუდიტი.