მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ახლა საქართველოს ყველა უყურებს, როგორც ქვეყანას, რომლის დემოკრატიაც უკან წავიდა" - კურტ ვოლკერი

6272b9a939370
თამთა ჯიჯავაძე
04.05.22 21:38
1484
ახლა საქართველოს ყველა უყურებს, როგორც ქვეყანას, რომლის დემოკრატიაც უკან წავიდა, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ ეთერში, ნატო-ში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა და ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში, კურტ ვოლკერმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველო აღარ არის წინამძღოლის პოზიციაში.

„წლების წინ, ვამბობდით, რომ საქართველო იყო ყველაზე მზად NATO- ში გასაწევრიანებლად ან თუნდაც ევროკავშირთან დასაკავშირებლად. უკრაინა ზედმეტად დიდი იყო, და ეს პრობლემას წარმოადგენდა. მოლდოვა არ იყო მზად. საქართველოს შეეძლო იქ ყოფნა. მაგრამ ახლა მდგომარეობა ასეთია: ქართული დემოკრატია ცუდად ჩატარებული არჩევნებით, ოპოზიციის გადაწყვეტილებით არ შესულიყო პარლამენტში, და შარლ მიშელს შეთანხმების უგულებელყოფით, დაზარალდა. ახლა საქართველოს ყველა უყურებს, როგორც ქვეყანას, რომლის დემოკრატიაც უკან წავიდა. ველოდებით შემდეგ არჩევნებს და იმედს ვიტოვებთ, რომ უკეთესი იქნება, სამართლიანობისა და თავისუფლების კუთხით და ყველა საკუთარ როლს კონსტიტუციის ფარგლებში შეასრულებს.

მეორე მხრივ, უკრაინამ თავი წარმოაჩინა, როგორც მონდომებულმა ქვეყანამ, რომელიც თავს იცავს რუსული აგრესიისგან. შედეგად ევროკავშირში და აშშ-ში უკრაინა გამოიყურება უფრო მოსაწონად, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი და ევროპული სახელმწიფო. შესაბამისად, მათი შესაძლებლობები NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უფრო დიდია, ვიდრე აქამდე და ახლა წინამძღოლის პოზიციაში არის უკრაინა. უკრაინისთვის მიცემული შესაძლებლობა გახსნის კარებს თუნდაც მოლდოვისა და საქართველოსთვის, რომ ისინიც მიიწვიონ გასაწევრიანებლად”, - განაცხადა მან.

კურტ ვოლკერის თქმით, საქართველოს ჰყავს კარგი ჯარი და ავღანეთში ამერიკასთან ერთად მუშაობის გამოცდილება. ახლა კი მან ყურადღება უნდა გაამახვილოს დემოკრატიულ ინსტიტუციებსა და მათ სწორ ფუნქციონირებაზე. „მან უნდა იმუშაოს სასამართლო რეფორმებზე და უნდა შეინარჩუნოს ახლო კავშირი აშშ-სთან, NATO-ს მოკავშირეებთან წვრთნებზე, კოოპერაციაზე. და თუკი უკრაინაში დამთავრდება ომი და შესთავაზებენ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამ დროისთვის მზად იქნება ფართო ნაბიჯის გადასადგმელად“, - დასძინა ვოლკერმა.

მანვე აღნიშნა, რომ რუსეთისგან საქართველო ახლა თავდასხმას არ უნდა ელოდოს. „ამ კონკრეტულ მომენტში რუსეთი სრულიად ჩაფლულია უკრაინასთან ომში. რუსეთისთვის ეს იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ელოდა. მათ მოუწიათ ძალების მობილიზება სხვადასხვა ტერიტორიიდან, მათ შორის სამხრეთ ოსეთიდან, უკრაინაში საბრძოლველად. ასე რომ, ახლა ვფიქრობ, რომ საქართველო არაა იმ პოზიციაში, რომ ელოდოს ამ მომენტში თავდასხმას. მაგრამ, ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დასრულდება ომი. თუკი რუსეთი დამარცხდება და უკრაინა გაიმარჯვებს, როგორც დამოუკიდებელი და ძლიერი ევროპული სახელმწიფო, ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებას ვფიქრობ უნდა მოვთხოვოთ, რომ მოხდეს ფოკუსირება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე, ისევე როგორც აღმოსავლეთ უკრაინას, დნესტრისპირეთსა და ყირიმზე“, - განაცხადა მან.