მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საიდან და რა რაოდენობის ფქვილი იყიდა საქართველომ 2022 წლის პირველ კვარტალში?

627f5cdd0cfd7
ვიქტორია მღებრიშვილი
14.05.22 12:25
5059
საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციამ, გუშინ, პრემიერ-მინისტრს ინდუსტრიასთან შეხვედრის მოთხოვნით მიმართა. მიზეზი ხორბლის იმპორტის კლებისა დ ფქვილის იმპორტის ზრდის ხარჯზე ადგილობრივი წისქვილკომბინატების გაჩერებაა, რა დროსაც ათასობით დასაქმებული უმუშევრად რჩება. ასოციაცია პრემიერს და ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს ერთობლივი გადაწყვეტილების მიღებას სთხოვს, რათა გაერკვნენ რა ბედი ელით ადგილობრივ წარმოებებს. ლევან სილაგავამ განაცხადა, რომ ქვეყანაში ხორბლის მხოლოდ 10 დღის მარაგია დარჩენილი, თუმცა ფქვილის გააქტიურებული იმპორტის გათვალიწინებით პურის მწარმოებლების ფქვილის დეფიციტის წინაშე არ დგანან და ქვეყანაში ფქვილის საკმარის მარაგია. მოგვიანებით, ამ საკითხზე განცხადება სოფლის მეურნეობის სამინისტრომაც გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ქვეყანას ხორბლის არა, თუმცა ფქვილის საკმარისი მარაგი ჰქონდა. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გელა ხანიშვილმა კი ისიც განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ხორბალზე ბაჟის დაწესების გამო, საქართველოს მოსახლეობისთვის პურის დაბალ ფასში მიწოდების შესანარჩუნებლად, უწყებამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა და ქვეყანაში ფქვილის მაქსიმალური მოცულობები შემოდის.

საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე BM.GE-ი ფქვილის საიმპორტო მოცულობებითა და საიმპორტო ბაზრებით დაინტერესდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტშ,ი ქვეყანამ 31 782 ტონა ფქვილი შეიძინა, რისთვისაც უცხო ქვეყნებში 10.3 მლნ დოლარი გავიდა. მაშინ როდესაც გასული წლების ამავე პერიოდში ქვეყნის მიერ იმპორტირებული ფქვილის მოცულობა 3 000 ტონას, ღირებულება კი 900 ათას დოლარს მცირედით აღემატებოდა. საქართველოსთვის ფქვილის, ისევე როგორც ხორბლის მთავარი საიმპორტო ბაზარი რუსეთია. სწორედ, აქედან მიმდინარე წელს 10.1 მლნ დოლარის ღირებულების 31 503 ტონა ფქვილი შემოვიდა.

მცირე მოცულობით ფქვილის იმპორტი თურქეთიდან (161 ტონა, 99.5 ათასი დოლარი), იტალიიდან (22 ტონა, 26 ათას დოლარამდე), უკრაინიდან (67 ტონა, 25 ათასი დოლარი) და ავსტრიიდან (20 ტონა, 15 ათას დოლარამდე) მოხდა. უმნიშვნელო რაოდენობის ფქვილი კი საფრანგეთში, ლიეტუვაში და პოლონეთში შევიძინეთ.

შედარებისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ გასული წლის იანვარ-მარტის პერიოდში რუსეთიდან საქართველოში სულ 848 ათას დოლარამდე ღირებულების 3 014 ტონა ფქვილი შევიძინეთ.

რაც შეეხება ხორბლის იმპორტს, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ღირებულების მიხედვით, ამ დასახელების საქონლის საიმპორტო ღირებულება განახევრებულია, ხოლო მოცულობა 3-ჯერ შემცირდა. შესაბამისად ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-მარტში ქვეყანამ 10.6 მლნ დოლარის ღირებულების 33 507 ტონა ხორბალი შეიძინა (2021 წლის I კვარტალი - 21.2 მლნ დოლარი, 90 195 ტონა).

ამ პერიოდში ხორბლის მთავარი საიმპორტო ბაზარი რუსეთი იყო. ქვეყნების ჩამონათვალი კი ასეთია:

1. რუსეთი - 8.9 მლნ დოლარი, 27 247 ტონა;
2. ყაზახეთი - 1 მლნ დოლარი, 2 991 ტონა;
3. სომხეთი - 653 ათასი დოლარი, 3 268 ტონა;

აღსანიშნია, რომ ამ პერიოდში რუსეთიდან ხორბლის იმპორტი შემცირდა, თუმცა ყაზახეთიდან და სომხეთიდან გაიზარდა (2021 წლის იანვარ-მარტი: 1. რუსეთი - 16.5 მლნ დოლარი, 66 719 ტონა; 2. აშშ - 4 მლნ დოლარი, 21 476 ტონა; 3. ყაზახეთი - 569 ათასი დოლარი, 2 000 ტონა).

ცნობისთვის: რუსეთიდან ხორბლის იმპორტის კლება და ფქვილის იმპორტის ზრდა, რუსეთის მიერ ხორბალზე დაწესებულმა საექსპორტო გადასახადმა განაპირობა, რის გამოც ხორბლის საიმპორტო ფასი გაიზარდა და წარმოებების ნაწილი ფქვილის იმპორტზე უკვე გადაეწყო.