მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბექას სკოლაში“ მოსწავლეების 40% უპირატესობას ონლაინ სწავლებას ანიჭებს - ბექა ბერიკაშვილი

61f565bdcc8ed
ვიქტორია მღებრიშვილი
29.01.22 19:55
1579
„ბექას სკოლაში“ მოსწავლეების 40% უპირატესობას ონლაინ სწავლებას ანიჭებს - ამის შესახებ „ბექას სკოლის“ დამფუძნებელმა ბექა ბერიკაშვილმა გადაცემა BMG Drive-ში მის სკოლაში საგანმანათლებლო პროცესზე პანდემიის გავლენაზე საუბრისას აღნიშნა.

როგორც ბექა ბერიკაშვილმა განმარტა, პანდემიის დაწყებისას განათლების ნაწილში ონლაინ სწავლების მიმართ თავიდან უნდობლობა იყო, თუმცა მიდგომა მალევე შეიცვალა. მან ინგლისური ენის კურსებზე ონლაინ და დასწრებითი სწავლების დადებით და უარყოფით მხარეებზე ისაუბრა.

„ჩვენ არ ვუყურებთ ონლაინ სწავლებას, როგორც სწავლების უფრო ნაკლებ მეთოდს, ვიდრე ადგილზე სწავლებას. ამასაც თავისი პლიუსები აქვს - გზაში დრო არ გეხარჯება, სახლში კომფორტულად ზიხარ, გვაქვს კურსები სადაც უცხოელ მასწავლებელთან ყოველ დღე გაქვს გაკვეთილები. ყოველდღიურად 1 საათიან გაკვეთილზე წასვლა კი შეიძლება 3 საათს ნიშნავდეს თუ საცობში იჭედები. ონლაინ სწავლება ამ კომფორტს იძლევა. მაგრამ ამ დროს რაღაცეები აკლდება, მით უფრო მაშინ როდესაც სასაუბრო ინგლისურის განვითარება გინდა. პირისპირ როდესაც ელაპარაკები ადამიანს უფრო მეტ ინფორმაციას იღებ, შეიძლება სასაცილოდ ჟღერდეს, მაგრამ ადგილზე სწავლების პროცესში ხშირად პირბადეც შემშლელი ფაქტორია, რადგან გამომსახველობა იკარგება.

„ბექას სკოლა“ პანდემიის დაწყების შემდეგ პირველად გასულ წელს შემოდგომაზე გავხსენით, თუმცა ონლაინ სწავლება მაინც დავტოვეთ. „ბექას სკოლაში“ ონლაინ სწავლებაზე მოსწავლეების 40% მოდის. ჩვენ ენის შესწავლის მსურველებს სწავლების ფორმის არჩევის შესაძლებლობას ვაძლევთ, მაგრამ რაღაც ნაწილი სწორედ ონლაინ სწავლას ირჩევს, რადგან ვიღაცისთვის სწავლების ამ ფორმის სარგებელმა, ნეგატიური ნაწილი გადაწონა. თუმცა ყველასთვის არა. ისეთებიც იყვნენ, რომლებიც ინგლისური ენის კურსების გასავლელად სკოლის გახსნას ელოდნენ“, - განმარტა ბექა ბერიკაშვილმა და დასძინა, რომ „ბექას სკოლაში“ ინგლისურის შემსწავლელი ახალი კურსი 31 იანვრიდან დაიწყება.