მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მწვანე პასპორტს“ მიიღებენ პირები, რომელთა Covid-ტესტის დადებითი პასუხები სისტემაში ასახული არ არის - ბრძანება

61efd5c9316f1
ინგა მურუსიძე
25.01.22 14:42
2908

„მწვანე სტატუსის“ მინიჭების წესში ცვლილებაა. ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა 11 იანვარს მოაწერა ხელი ბრძანებას, რომლის თანახმად, „მწვანე“ სტატუსით ისარგებლებს პირი, რომელმაც კოვიდი გადაიტანა, თუმცა ტესტირების შედეგები სხვადასხვა მიზეზით არ არის ასახული ელექტრონულ მოდულში.

საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათშორისი საბჭოს ბრიფინგზე თქვა, რომ ყველა ადამიანი, ვინც კოვიდი გადაიტანა, თუმცა არ ჩაუტარებია ტესტი, მაგრამ იმართებოდა ოჯახის ექიმის მიერ, მწვანე სტატუსს მიიღებს. „სამინისტროში არსებობს შესაბამისი ნორმატიული აქტი, თუ არ არის გატესტილი, თუმცა თუ დაუკავშირდა 112-ს, ჰქონდა კონტაქტი ოჯახის ექიმთან და ოჯახის ექიმი მეთვალყურეობდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, აისახებიან შესაბამისად მოგზაურობისთვის მწვანე პასპორტში“, - თქვა გამყრელიძემ.

ჯანდაცვის სამინისტროს საკითხზე განმარტების გაკეთება მოუწია. უწყებამ bm.ge-ს მიაწოდა მინისტრის ბრძანება, რომელშიც წერია, რომ პირები, რომელთა 2021 წლის 1-ელ დეკემბრამდე ჩატარებული ტესტირების პასუხები არ არის ასახული, ან ასახულია შეცდომით, მოდულში უნდა დარეგისტრირდნენ და „მწვანე სტატუსი“ მიენიჭებათ.

მოდულში რეგისტრაცია კი დასაშვებია, თუ აღნიშნული ბენეფიციარები იძებნებიან სსიპ - ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში-ჯესი) და/ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის (შემდგომში საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112‘‘) ელექტრონულ მონაცემთა ბაზებში. კერძოდ, ჯესი-ს მონაცემთა ბაზებში არსებული ჩანაწერებით აღნიშნული პირები COVID-19-ის დიაგნოზით გადიოდნენ მკურნალობის კურსს სტაციონარში და/ან სასტუმროში, და/ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112‘‘-ის ელექტრონული ბაზების მიხედვით, მკურნალობდნენ ბინაზე ოჯახის ექიმის/დაზღვევის ექიმის მეთვალყურეობით და ამავე ბაზაში მინიჭებული აქვთ სტატუსი ,,დასრულებული“.

უცხოეთში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების თანამშრომლებს და მათი ოჯახის წევრებს უფიქსირდებათ გადატანილი კოვიდ-ინფექცია, რაც დასტურდება სახელმწიფო უწყებების/საელჩოების ოფიციალური მომართვისა და შესაბამისი ქვეყნის დაწესებულების მიერ გაცემული ტესტირების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე.