05.ივლისი .2022 00:40

აზერბაიჯანი-საქართველოს ბიზნეს ფორუმის შედეგები - "ყველა მიმართულებით იყო დაინტერესება"

აზერბაიჯანი-საქართველოს ბიზნეს ფორუმის შედეგები - "ყველა მიმართულებით იყო დაინტერესება"
views 451
უკან

ბაქოში, აზერბაიჯანი-საქართველოს ბიზნეს ფორუმს საქართველოდან 40 ბიზნეს კომპანიის წარმომადგენელი, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან 100 კომპანია დაესწრო. ის ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭომ (EUGBC) აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსთან და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოსთან, ასევე აზერბაიჯანის რესპუბლიკის ექსპორტისა და ინვესტიციების ხელშეწყობის სააგენტოსთან თანამშრომლობით გამართა. როგორც ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ზვიად ჭუმბურიძემ „საქმის კურსში“ განაცხადა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ფორუმს ყოველწლიური სახე მიეცემა. მისივე თქმით, ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ქართული ბიზნესი აზერბაიჯანის ბიზნეს სექტორს ყველა მიმართულებით თანამშრომლობას სთავაზობს.

„აზერბაიჯანში ექსპორტი ჩვენი მხრიდან 500 მილიონზე მეტია. აზერბაიჯანის მხრიდან კი 600 მილიონამდე. მაგრამ მეტის პოტენციალია და მეტი საშუალებებია. აზერბაიჯანის მხრიდან ყველა სექტორი იყო მოცული. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც [ქართული] ბიზნესი აზერბაიჯანის ბიზნეს სექტორს თანამშრომლობას ყველა მიმართულებით სთავაზობს. ყველა მიმართულებით იყო დაინტერესება, კერძოდ, ტურიზმი, უძრავი ქონება, თავისუფალი ინდუსტრიული ზონები, ტრანსპორტი და ლოჯისტიკა და ყველა ძირითადი მიმართულება და ყველა სექტორში საჭიროა მუშაობა. ასევე აზერბაიჯანთან შევთანხმდით, რომ ფორუმი ყოველწლიური იყოს. ჩვენი მიზანია პირდაპირი შეხვედრა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან, რათა ხელი შევუწყოთ პირდაპირ კონტაქტებს. ბიზნესი რომ ბიზნესს ხვდება იქ მეტი პერსპექტივა ჩნდება“, - განაცხადა მან.

რაც შეეხება თანამშრომლობას, ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის აღმასრულებელმა დირექტორმა სოსო ნიბლაძემ კონკრეტული პროექტი დაასახელა, სადაც აზერბაიჯანული და ქართული მხარე ითანამშრომლებს.

"ღონისძიებაზე ხელი ერთ-ერთ მსხვილ პროექტთან დაკავშირებით ურთიერთგაგების მემორანდუმს მოვაწერეთ. ეს არის ბაქოსთან ახლოს მდებარე ტერიტორია, სადაც მსხვილი ინვესტიციით, (დაახლოებით 500 მლნ ინვესტიციით) პორტი და თავისუფალი ეკონომიკური ზონა ვითარდება. ეს პროექტი დაახლოებით 2 წლის წინ  აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ ინიცირდა და ჩვენ მათთან ხელშეკრულება გავაფორმეთ. მთლიანად აზერბაიჯანის მთავრობა უზრუნველყოფს ამ ინფრასტრუქტურის განვითარებას და ოპერირებას. გავაფორმეთ მათთან თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც გულისხმობს, რომ ჩვენ აქტიურად დავიწყებთ ერთმანეთთან თანამშრომლობას, რაც გულისხმობს, რომ ჩვენ საინვესტიციო ბაზრებზე ერთობლივად წარვდგებით“, - აღნიშნავს იგი.

ცნობისთვის, ბიზნეს ფორუმის მონაწილე კომპანიები წარმოადგენდნენ საქმიანობის სხვადასხვა სფეროებს, როგორიცაა საინვესტიციო პარტნიორები/თიზები/იურიდიული/საკონსულტაციო კომპანიები, ტრანსპორტი და ლოჯისტიკა, საკვები და სასმელი, სადისტრიბუციო მომსახურება, მშენებლობა, ენერგეტიკა, ტურიზმი, ჯანმრთელობა და მედიცინა, აქსესუარები.

ქართულმა ბიზნეს კომპანიებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, რათა გაეცნოთ თავიანთი პოტენციალი საექსპორტო მიმართულებებზე და შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობებზე. ფორუმი გაიხსნა პანელის სესიებით, რასაც მოჰყვა პრეზენტაციები და ღონისძიება გაგრძელდა B2B შეხვედრებით ორი ქვეყნის კომპანიის წარმომადგენლებს შორის პოტენციურ პარტნიორებთან შესახვედრად.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა