მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანმა ევროპისთვის გაზის მიწოდება გაზარდა

631f7c62eca50
ნინო ტაბატაძე
13.09.22 10:40
1766
აზერბაიჯანმა ევროპისთვის გაზის მიწოდება გაზარდა. ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრი პარვიზ შახბაზოვი Twitter-ზე წერს, რომ იანვარ-აგვისტოში აზერბაიჯანმა ევროპას 7.3 მლრდ კუბური მეტრი გაზი მიაწოდა, რაც 23%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ამავე პერიოდში აზერბაიჯანული გაზის ექსპორტმა საქართველოში 1.7 მლრდ კუბური მეტრი შეადგინა, ხოლო თურქეთში - 5.4 მლრდ.

წელს აზერბაიჯანს 9.7%-ით აქვს გაზრდილი გაზის მოპოვებაც, რამაც რვა თვეში 30.6 მლრდ კუბური მეტრი შეადგინა. მოპოვებული გაზიდან 14.4 მლრდ კუბური მეტრი ექსპორტზე გავიდა.

რუსეთ - უკრაინის ომისა და რუსულ ენერგომატარებლებზე უარის თქმის ფონზე, ევროპა აზერბაიჯანული გაზის ექსპორტის ზრდით დაინტერესებულია. გაზის მიწოდების გაზრდაზე მზადყოფნას გამოთქვამს აზერბაიჯანის პრეზიდენტიც, თუმცა, ილჰამ ალიევმა ცოტა ხნის წინ იტალიური გაზეთისთვის მიცემული ინტერვიუს დროს განმარტა, რომ ევროპისთვის გაზის მიწოდების 20 მლრდ კუბურ მეტრამდე გაზრდა შესაძლებელია, თუმცა ამისათვის გაზსადენის ტრანსპორტირებისა და მოპოვებისთვის მნიშვნელოვანი ინვესტიციებია საჭირო.