მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზიის განვითარების ბანკის ახალ პრეზიდენტად მასაცუგუ ასაკავა აირჩიეს

5de4f2977389e
BM.GE
02.12.19 15:20
1002
აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტად ბანკის მმართველთა საბჭომ ერთხმად აირჩია მასაცუგუ ასაკავა.

61 წლის მასაცუგუ ასაკავას ამჟამად იაპონიის პრემიერ-მინისტრის და ფინანსთა მინისტრის სპეციალური მრჩევლის პოზიცია უჭირავს და ADB-ის 10-ე პრეზიდენტის თანამდებობას 2020 წლის 17 იანვარს დაიკავებს.

მოქმედი პრეზიდენტი ტაკეჰიკო ნაკაო დაკავებულ პოზიციას 2020 წლის 16 იანვარს დატოვებს. ასაკავა პრეზიდენტ ნაკაოს ამოუწურავ ვადას დაასრულებს, რომელიც 2021 წლის 23 ნოემბერს იწურება.

„ბატონი ასაკავას ხანგრძლივი და მრავალფეროვანი გამოცდილება საერთაშორისო ფინანსებისა და განვითარების მიმართულებით, ADB-ის ხედვის - აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებული, მრავალმხრივი, მედეგი და მდგრადი განვითარების - განხორციელებაში დაეხმარება,“ - განაცხადა კორეის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა ჰონგ ნამ-კიმ, რომელიც ამავე დროს ADB-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარეა. „ADB-ის მმართველთა საბჭო მოუთმენლად ელოდება ბატონ ასაკავასთან მუშაობას.“

თავისი კარიერის განმავლობაში, რომელიც თითქმის ოთხ ათწლეულს ითვლის, მასაცუგუ ასაკავას მაღალი რანგის თანამდებობები ეკავა იაპონიის ფინანსთა სამინისტროში, მათ შორის იყო ფინანსთა მინისტრის მოადგილე საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით და მიღებული აქვს მრავალმხრივი გამოცდილება განვითარების პოლიტიკის, საერთაშორისო სავალუტო ბაზრებისა და საერთაშორისო საგადასახადო რეგულაციების მიმართულებით.
2019 წლის დიდი ოცეულის (G20) ოსაკას სამიტსა და ფუკუოკაში, იაპონია, დიდი ოცეულის ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების შეხვედრის დროს წარმოდგენილი იყო როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე. ამასთან, გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ მონაწილეობა მიიღო დიდი ოცეულის ლიდერების სამიტის პირველ შეხვედრაში, როგორც იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის ტარო ასოს აღმასრულებელი თანაშემწე. მასაცუგუ ასაკავა აქტიურად იყო ჩართული ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის მუშაობაში და 2011-2016 წლებში ორგანიზაციის ფისკალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა.

2012-2015 წლებში ბატონი ასაკავა ტოკიოს უნივერსიტეტის, ხოლო 2006-2009 წლებში საიტამას უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი გახლდათ.

მასაცუგუ ასაკავამ 1981 წელს მიიღო ტოკიოს უნივერსიტეტის ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი, ხოლო 1985 წელს პრინსტონის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის მაგისტრი გახდა.

ცნობისთვის: ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი. 2018 წელს ADB-ს მიერ გაცემული სესხებისა და გრანტების ჯამურმა მოცულობამ 21.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.