მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზიის განვითარების ბანკმა ობლიგაციების ოფშორულ ბაზარზე 85.05 მლნ ლარი მოიზიდა

5ddcf2cf4aa17
BM.GE
26.11.19 14:10
1016
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 85.05 მილიონი ლარი (28.6 მილიონი აშშ დოლარი) მოიზიდა ოფშორულ ბაზარზე ლარში დენომინირებული ობლიგაციების პირველადი გამოშვებით. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ADB ავრცელებს. 

"ფასიანი ქაღალდებით დაიფარება თბილისის ბანკთაშორის განაკვეთის (TIBR) 6 თვის მცურავი კურსის კუპონური საპროცენტო განაკვეთი. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) 2019 წლის მარტში წარმოადგინა საპროცენტო განაკვეთის მყარი ნიშნული, რომელიც როგორც სანდო და გამჭვირვალე ინდექსი ბაზრის წარმომადგენლებს შეუძლიათ როგორც ფულად ისე დერივატულ კონტრაქტებში გამოიყენონ. TIBR-ის განაკვეთი გამოთვლილია ისტორიული დარიცხვის მეთოდით და მიბმულია ე.წ. „ოვერნაით“ TIBR-ის ინდექსზე,"- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

„ADB ადგილობრივ ვალუტაში გამოშვებული ობლიგაციების აქტიური მხარდამჭერია,“ — განაცხადა ADB-ის ხაზინის უფროსმა პიერ ვან პეტეგემმა. „ობლიგაციების ემისია არა მხოლოდ ხელს უწყობს ADB-ის ადგილობრივი ვალუტის დაფინანსების ოპერაციების გამრავალფეროვნებას, არამედ მობილიზებას უკეთებს ინვესტიციებს საერთაშორისო დანაზოგებიდან და ამავე დროს ეხმარება საქართველოს ახალი, მყარი საპროცენტო განაკვეთის ნიშნულის მიღებასა და დანერგვაში.“

ობლიგაციების ემისიის სტრუქტურა შემუშავებულია, როგორც ლარში დენომინირებული ინფლაციაზე მიბმული ობლიგაცია, რომელიც დაფიქსირებულია აშშ დოლარში და ADB-ის გლობალური საშუალო ვადიანი ბანკნოტების პროგრამაშია დოკუმენტირებული; რეგულირდება ინგლისური კანონმდებლობით; ტრანზაქციები ხორციელდება ქლეარსტრიმსა (Clearstream) და ეუროქლეარში (Euroclear) და დაშვებულია ლუქსემბურგის საფონდო ბირჟაზე. ფასიანი ქაღალდები წარმოდგენილია პრემიების ამორტიზაციით და 2021 წლის ივლისში დაიფარება.

ADB-ს თავისი ადგილობრივი ვალუტის პროექტების ხელშესაწყობად ქართულ კაპიტალურ ბაზარზე ფასიანი ქაღალდები წარსულშიც გამოუშვია. ამჯერად, ADB-მა ოფშორულ ბაზარს თანხების საერთაშორისო ინვესტორებისგან მოსაზიდად მიმართა.

ფასიანი ქაღალდების განთავსება უზრუნველყო მერილ ლინჩ ინთერნეშენალმა (Merrill Lynch International) და აშშ-ში რეგისტრირებულმა ინვესტორმა შეიძინა.

“საქართველოს ეროვნული ბანკი მიესალმება საქართველოში სესხების ეროვნულ ვალუტაში გაცემის გასაძლიერებლად ADB-ის მიერ გაწეულ დახმარებას,“ — განაცხადა სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა. — „ასევე მოხარული ვართ, რომ ფასიანი ქაღალდების გამოცემა დაკავშირებულია TIBR-ის ბანკთაშორის ნიშნულთან, რაც საპროცენტო განაკვეთის მყარი ნიშნულის რეფორმების მსოფლიოს უახლესი მიღწევების შესაბამისად განახლდა. ჩვენ ვხედავთ ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების მიმართ გაზრდილ ინტერესს, რადგან ეს ვალუტა სულ უფრო პოპულარული ხდება განვითარებადი ბაზრების ინვესტორებს შორის.“