მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Azimut Yachts: "პანდემიის პერიოდში საქართველოში 3 იახტა გაიყიდა"

5ed13cb4601e7
ანი ციხისთავი
29.05.20 23:00
6176
“Azimut Yachts” იტალიური იახტების მწარმოებელი კომპანიაა, რომლის ფილიალი საქართველოში უკვე 2 წელია არსებობს. იტალიაში აწყობილი იახტები კომპანიას საქართველოში ჩამოაქვს და რეალიზაციას აქ ახდენს. როგორი გავლენა ჰქონდა კომპანიაზე პანდემიას, ამის შესახებ BM.GE-სთან “Azimut Yachts Georgia”-ს დირექტორის მოადგილემ ირაკლი პაპიაშვილმა ისაუბრა.

წელს კომპანიამ საქართველოში უკვე 5 იახტის გაყიდვა მოახერხა მაშინ, როცა შარშან მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ 2 ერთეული გაიყიდა.

“ეს ძალიან კარგი შედეგია საქართველოსთვის, რადგან იახტების ფასები 300 ათასი დოლარიდან იწყება და რამდენიმე მილიონზეც ადის. პანდემიამ, როგორც ჩანს, ხელი შეგვიწყო გაყიდვებში. 3 იახტა სწორედ ამ პერიოდში გავყიდეთ. ამის მიზეზი ისიცაა, რომ იახტების მწარმოებელი სხვა გიგანტი კომპანიები გაკოტრდნენ, ჩვენმა კომპანიამ კი სწორი მენეჯმენტით მოახერხა სიტუაციის კონტროლი. შესაბამისად, სათაო ოფისის და მენეჯმენტის გააზრებული მოქმედების შედეგად, პანდემიას ჩვენზე უარყოფითი გავლენა არ ჰქონია. გარდა ამისა, საქართველოში იახტის შეძენას უპირატესობებიც აქვს და ეს განბაჟების გადასახადს უკავშირდება, რომელიც ჩვენთან 0%-ის ტოლია. თავის დროზე, ეს გადასახადი მთელი 22% იყო”,- იხსენებს კომპანიის დირექტორის მოადგილე.

პაპიაშვილი BM.GE-სთან ყვება, რომ კომპანიამ სხვა წარმატებასაც მიაღწია და წელს ყოველწლიური იახტების დაჯილდოების ერთ-ერთი ნაწილის ბათუმში ჩატარება იგეგმებოდა.

“მთლიანი დაჯილდოების საქართველოში გადმოტანა ვერ მოხერხდა, თუმცა მოვახერხეთ, რომ ერთ-ერთი ნომინაცია - დიზაინი, რომელიც იახტების დაჯილდოებისას, რეალურად, ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოში გადმოვიტანეთ. სამწუხაროდ, ახლა ისეთი მდგომარეობაა მსოფლიოში, არ ვიცი, რამდენად მოხერხდება ღონისძიების ჩატარება, თუმცა ეს ნამდვილად დიდი მიღწევა იქნებოდა”,- აცხადებს კომპანიის დირექტორის მოადგილე.