22.აგვისტო .2019 20:31

ბადრი ჯაფარიძე: მზად ვართ შემდგომი გართულებებისთვის

views 231
უკან

"თიბისი ბანკის" ერთ-ერთი დამფუძნებლის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, პროკურატურა, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტი განადგურებულია, ის გადაიქცა რეჟიმისთვის არასასურველი ადამიანების დამსჯელ აპარატად. ამის შესახებ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს საქართველოს გენერალური პროკურატურის დატოვების შემდეგ განუცხადა, სადაც მისი და მამუკა ხაზარაძისთვის "თიბისის" საქმეზე ბრალის დაზუსტება მოხდა.

ჯაფარიძე ბიზნესმენების მიმართ წაყენებულ ბრალს აბსურდულ ცილისწამებას უწოდებს.

"გრძელდება ჩვენი დევნა, ძალიან სამწუხარო ამბავი უნდა გითხრათ, რომ პროკურატურა, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტი განადგურებულია, ის გადაიქცა რეჟიმისთვის არასასურველი ადამიანების დამსჯელ აპარატად. თვითონ ბრალი, რომელიც ჩვენს მიმართ არის წაყენებული არის სრულიად აბსურდული ცილისწამება, ის შეიძლება თავისი ცინიზმით და უზნეობით შეუდარდეს უდანაშაულო ადამიანისთვის იარაღის ან ნარკოტიკის ჩადებას ჯიბეში და მის ამაში დადანაშაულებას.

უნდა გითხრათ, რომ გენერალური პროკურორი, რომელიც პირდაპირ პასუხისმგებელია ამ ბრალის ჩვენდამი წაყენებაში, დღეს მიისწრაფის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობისკენ, ის არის პასუხისმგებელი ყველა იმ აბსურდული ბრალის, რომელიც ჩვენ წაგვიყენეს. მისი ხელდასმით ხდება ეს და ამ პასუხისმგებლობას ის ვერ გაექცევა. აქედან გამომდინარე, ამის შემდეგ, რომ უნდა გახდეს სასამართლოს თავმჯდომარე, სადაც ჩვენ სამართალი უნდა ვნახოთ, ნათელია, თუ რა აბსურდთან გვაქვს საქმე.

ჩვენ მზად ვართ მივიღოთ ნებისმიერი დარტყმა! ჩვენ არ ვეფარებით არაფერს. ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს ეტყობა სიტყვა გაუგია "ინდულგენცია" და ამ სიტყვას ხმარობს სრულად უკონტექსტოდ და გაუგებრად. მინდა, მათ გასაგონად ვთქვა, რომ "ინდულგენცია" სულ სხვა რამეს ნიშნავს, ვიდრე ისინი გულისხმობენ. ჩვენ არაფერს ვართ ამოფარებული და მზად ვართ მივიღოთ ნებისმიერი დარტყმა, აქედან გამომდინარე, ჩვენ მზად ვართ შემდგომი გართულებებისთვის", - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს "თიბისი ბანკის" საქმეზე პროკურატურამ "TV პირველის" დამფუძნებლის მამას, კომპანიების "სამგორი თრეიდისა" და "სამგორი M"-ის მეწილე ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს ბრალი წარუდგინა. 

პროკურატურა წერეთელს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან ერთად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას ედავება. 

მართალია, ავთანდილ წერეთელი პროკურატურაში დღეს დაიბარეს, მაგრამ იგი ქვეყანაში არ იმყოფება, ამიტომ ბრალის შესახებ დადგენილება მისმა ადვოკატმა კახა წერეთელმა ჩაიბარა. თავად ბიზნესმენი კი საგამოძიებო უწყებაში ქვეყანაში დაბრუნებისთანავე, 29 აგვისტოს გამოცხადდება. 

"მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება ჯგუფის სხვა წევრის მიმართ. 

კერძოდ, გამოტანილია დადგენილება ავთანდილ წერეთლის ბრალდების შესახებ, მის მიერ, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით). 

ავთანდილ წერეთელი დღეს დაბარებულია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით, რის შემდეგაც საქართველოს გენერალური პროკურატურა სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე.

ასევე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაბარებულები არიან ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე მათთვის წარდგენილი ბრალდების დაზუსტების მიზნით", – განაცხადა პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა