მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბადრი ჯაფარიძე: „პოლიტიკაში გაცილებით სწრაფად უნდა მივაღწიოთ შედეგს, ვიდრე - ბიზნესში“

6480ab7003e64
თელარა გელანტია
07.06.23 23:00
602
„ჩვენ არ გვაქვს ის ფუფუნება, რომ იმდენი დრო დავხარჯოთ პოლიტიკაში წარმატების მისაღწევად, რაც დაგვჭირდა ბიზნესში“, - ასე უპასუხა პარტია “ლელო საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძემ გადაცემა „წერტილში“ წამყვანის კითხვას - „სად უფრო რთულია შედეგის დადება - ბიზნესში თუ პოლიტიკაში?“.

- ჩვენ (მე და მამუკა ხაზარაძემ) ბიზნესი დავიწყეთ მაშინ, როცა ქვეყანაში სრული ქაოსი იყო და დაგვჭირდა დიდი დრო, რათა შეგვექმნა წარმატებული ბიზნეს ინსტიტუციები, რომლებიც დღეს ჩვენს ქვეყანას ღირსეულად წარმოადგენენ საერთაშორისო ასპარეზზე და ქართული ეკონომიკის ფლაგმანები არიან.

პოლიტიკაში კი, გაცილებით სწრაფად უნდა მივაღწიოთ შედეგს, ვიდრე - ბიზნესში, რადგან ჩვენი მოქალაქეები დაიღალნენ ფუჭი დაპირებებით. ჩემი აზრით, დაიღალნენ სრულიად გაუმართლებელი დაპირისპირებით პოლიტიკურ ველზე და ძირითადად, სწორედ ამას აკვირდებიან ჩვენი თანამოქალაქეები - დამკვიდრებული "ტრადიციაა" ქართულ პოლიტიკაში, რომ ოპონენტი გაანადგურო. ეს „ტრადიცია“ უნდა დასრულდეს. ჩვენ გვჭირდება ქვეყანაში სიმშვიდის დასადგურება. ყოველდღიური ნიუსები იმაზე არ უნდა იყოს აგებული, ვინ როგორ გალანძღა ოპონენტი; პირიქით, საუბარი უნდა იყოს იმ ინიციატივებზე, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს ეკონომიკური კრიზისიდან, რომელიც საშუალებას მისცემს ქართველ მეწარმეებს, მაქსიმალურად გამოიყენოს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი და ა.შ.მსგავს თემებზე უნდა ვკონცენტრირდეთ.

- როდის ჩათვლით, რომ „ლელო“ წარმატებული პოლიტიკური პროექტია და შესაბამისად, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - წარმატებული პოლიტიკოსები, როგორც ადრე ბიზნესში...

- ჩვენი ამოცანაა, მივაღწიოთ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს მიზნებს. ესენია: საქართველოს უსაფრთხოება, რომელიც მიიღწევა ნატოში გაწევრიანების გზით და ევროკავშირში გაწევრიანება, რომლის უნიკალური და რეალური შანსი გვაქვს ახლა და რომლითაც ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობას მივაღწევთ. ლატვიის პრეზიდენტმა თქვა ერთ-ერთ შეხვედრაზე: „კეთილდღეობა ეს არის ევროკავშირი და უსაფრთხოება ეს არის ნატო“-ო და როდესაც ქვეყანა ამას მიაღწევს, მე პირადად ჩავთვლი, რომ ჩემი ამოცანა პოლიტიკაში შესრულებულია. ამდენად, ჩემი და ჩემი მეგობრების ამოცანაა, ქვეყანას დავეხმაროთ, გაიაროს ეს რთული პერიოდი, როდესაც რეგიონში მიმდინარეობს სისხლისმღვრელი ომი, რომელიც ცალსახად და ყველას სურვილით უნდა დამთავრდეს უკრაინის სრული დეოკუპაციით. უკრაინის გამარჯვებას კი მოჰყვება ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.