მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაფეტისა და მანგერის გზავნილები Berkshire Hathaway-ის აქციონერთა კრებიდან

6459ff8f46b35
გიორგი არონია
09.05.23 14:56
2635

მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა საინვესტიციო ჰოლდინგმა, Berkshire Hathaway-მ, რომელსაც 92 წლის უორენ ბაფეტი და 99 წლის ჩარლი მანგერი უძღვებიან, კვარტალური ანგარიშგება გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, კომპანიის შემოსავალი ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული რეცესიული ფონის მიუხედავადაც გაიზარდა. შემოსავალთან ერთად, გაიზარდა კომპანიის წმინდა მოგებაც, რომელმაც პირველ კვარტალში $35.5 მილიარდი შეადგინა, რაც 533%-ით მეტია, ვიდრე შარშან, როცა მოგება $5.6 მილიარდი იყო. აღნიშნული ზრდა მოულოდნელი არ არის, რადგან ის მიუთითებს იმაზე, რომ Berkshire Hathaway-ის პორტფელში შემავალმა კომპანიებმა შესანიშნავი შედეგები დადეს. ერთ-ერთი მათგანი ამერიკული Apple-ია, რომელმაც, გასულ კვარტალში თითქმის $95 მილიარდის შემოსავალი მიიღო.

Berkshire Hathaway-ის მოგების ზრდასთან ერთად, გაიზარდა იმ თანხის მოცულობა, რომელსაც Berkshire Hathaway-ი ნაღდი ფულის სახით ფლობს. დღეს, ეს თანხა $130 მილიარდს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალში, უორენ ბაფეტისა და კომპანიისგან მსუყე ინვესტიციებს უნდა ველოდოთ. თავად ის ფაქტი, რომ დღეს, ამხელა თანხა ჯერაც არ არის ინვესტირებული, მიუთითებს იმაზე, რომ კომპანიების საბაზრო ფასები, სავარაუდოდ, ზედმეტადაა გაზრდილი. პარალელურად ამისა, უორენ ბაფეტი Berkshire Hathaway-ის საჯარო აქციების გამოსყიდვას აგრძელებს, რაც მიგვანიშნებს, რომ მომავალში, ინვესტორი საკუთარი კომპანიის აქციის ღირებულების ზრდას პროგნოზირებს. ამასთან, ასეთ ფინანსურ ოპერაციას უფრო მოკლევადიანი შედეგიც აქვს, რადგან თავისუფალი მიმოქცევიდან აქციების ამოღება ნიშნავს იმას, რომ კომპანიაში იმ აქციონერების წილი, რომლებიც საჯარო აქციებს ფლობენ, იზრდება, რაც ფასზეც აისახება. 2019 წლის შემდეგ, Berkshire Hathaway-მ საჯარო ცირკულაციიდან საკუთარი აქციების 10% ამოიღო. გასულ კვარტალში, საკუთარი აქციების გამოსყიდვაზე Berkshire Hathaway-მ $4.4 მილიარდი დახარჯა, რაც 36%-ით მეტია, ვიდრე შარშან და თან, უმაღლესი მაჩვენებელია 2021 წლის პირველი კვარტლის შემდეგ.

კვარტალური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, Berkshire Hathaway-ის აქციონერთა ყოველწლიური კრება გაიმართა, რომელსაც, ენთუზიასტები, ხშირად, “კაპიტალისტების ვუდსტოკად” მოიხსენიებენ. აქციონერთა კრებაზე სიტყვით Berkshire Hathaway-ის თავმჯდომარე, უორენ ბაფეტი და ვიცე-თავმჯდომარე, ჩარლი მანგერი გამოვიდნენ. მთლიანობაში, ღონისძიება ხუთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, რა დროსაც ინვესტორებმა დამსწრეთა შეკითხვებსაც უპასუხეს. შეკითხვები ნაირ-ნაირი იყო და ეხებოდა, როგორც თავად კომპანიას და მის ოპერაციებს, ასევე ზოგად საკითხებს. ამასთან, ერთი შეკითხვა უორენ ბაფეტს გრეგ ეიბელზეც დაუსვეს - ეს სწორედ ის ადამიანია, რომელსაც უორენ ბაფეტი კომპანიაში საკუთარ შემცვლელად ასახელებს. კითხვაზე, გააგრძელებს თუ არა Berkshire-ის აქციების შესყიდვას ვიცე-თავმჯდომარე, გრეგ ეიბელი, უორენ ბაფეტი პასუხობს, რომ კი, რადგან ფილოსოფიის არსი მასაც კარგად ესმის.

“პასუხი ისაა, რომ კაპიტალის დაბანდება გრეგს ჩემსავით კარგად ესმის, რაც ჩვენთვის ძალიან სასარგებლოა. ამ გადაწყვეტილებებს ის იმავე მოდელის მიხედვით მიიღებს, როგორც მე. ეს მოდელი ჩვენ 30 წლის წინ შევქმენით. ადამიანები ამ საკითხს ართულებენ ხოლმე, განსაკუთრებით თუ ამ თემაზე 50-თ ან 100-გვერდიან სადოქტორო ნაშრომს წერენ. წარმოიდგინეთ, რომ მე, თქვენ და ჩარლის ბიზნესი გვაქვს. თქვენ საკუთარი წილის გაყიდვა გსურთ, ჩვენ კი მისი იმაზე იაფად ყიდვა, ვიდრე გვგონია, რომ ღირს. თან, თქვენ არაფერს დაგიმალავთ… ეს შეიძლება იყოს, როგორც საუკეთესო, ასევე ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება. კიდევ უფრო რომ გავართულოთ, გეტყვით, რომ ვაკეთებთ იმას, რაც ბიზნესს სჭირდება”, - განაცხადა უორენ ბაფეტმა.

Berkshire Hathaway-ის აქციონერთა კრების დროს, კომპანიის მესვეურები მაგიდასთან ისხდნენ, რომელზეც, ტრადიციისამებრ, საინვესტიციო ჰოლდინგის შვილობილი კომპანიების სხვადასხვა პროდუქტი იყო განთავსებული. მათ შორის იყო See's Candies-ის მიერ წარმოებული გოზინაყის მსგავსი ტკბილეული. კომპანია, რომელიც ამ ტკბილეულს აწარმოებს, Berkshire Hathaway-მ ჯერ კიდევ 1972 წელს შეისყიდა, ანუ რამდენიმე თვის მერე, რაც უორენ ბაფეტმა მათი ნაწარმი პირველად დააგემოვნა. მაგიდაზე ასევე ვხვდებით “დასანის” ბრენდის წყალს, რომელსაც The Coca-Cola Company-ი ფლობს. მაგიდაზე თავად თავად "კოკა-კოლაც" იყო, თანაც სხვადასხვა გემოთი. Berkshire Hathaway-ი, როგორც იცით, The Coca-Cola Company-ის 9%-იან წილს ფლობს.

ისე, რაკი უორენ ბაფეტის პორტფელური კომპანიების მიმოხილვა დავიწყეთ, აქვე უნდა ვახსენოთ მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია, ამერიკული Apple-ი, რომელზეც Berkshire Hathaway-ის უდიდესი ნაწილი მოდის. კითხვაზე, რამდენად საშიშია ის, რომ კომპანიის საინვესტიციო პორტფელის მესამედზე მეტი, კერძოდ 35% ერთ კომპანიაზე მოდის, უორენ ბაფეტი პასუხობს, რომ Apple-ი საუკეთესო ბიზნესია, რომელსაც მისი კომპანია ფლობს. ამასთან, უორენ ბაფეტი იმ ამბავსაც იხსენებს, რამდენიმე წლის წინ Apple-ის აქციების ნაწილი რომ გაყიდა და ამ გადაწყვეტილებას სულელურს უწოდებს.

“ყველა ბიზნესი, რომელსაც ჩვენ ვფლობთ, კარგი ბიზნესია. თუმცა, კრიტერიუმი, რომლითაც Apple-ს ვაფასებთ ოდნავ განსხვავებულია სხვა ბიზნესებისგან, რადგან ის ჩვენს ბიზნესებს შორის საუკეთესოა. Apple-ში ბევრი ფული ჩავდეთ, მაგრამ არა იმდენი, რამდენიც სარკინიგზო ბიზნესში. რკინიგზა კარგი ბიზნესია, მაგრამ ის ახლოსაც არ არის სიკარგით Apple-თან. Apple-ს საკუთარ მომხმარებლებთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს. ეს ადამიანები მზად არიან ტელეფონისთვის 1500 დოლარი გადაიხადონ, მეორე მანქანისთვის კი 35 ათასი. თუმცა, დათმობაზე რომ მივიდეს საქმე, მეორე მანქანას უფრო დათმობენ, ვიდრე iPhone-ს. ეს საოცარია. ამგვარი რამ არცერთ იმ ბიზნესში არ გვაქვს, რომლის 100%-ს ვფლობთ. ძალიან გვახარებს, რომ Apple-ის 5.6%-ს ვფლობთ, რადგან აქციის ფასი პროცენტის მეათედით რომ გაიზრდება, ჩვენ ამით 100 მილიონ დოლარს ვიღებთ”, - განაცხადა უორენ ბაფეტმა.

Berkshire Hathaway-ის თავმჯდომარის შემდეგ, სიტყვა ჩარლი მანგერმა გადაიბარა, რომლის სიტყვა, ჩვეულ სტილში, უფრო ფილოსოფიური იყო. ჩარლი მანგერმა აღნიშნა, რომ ფართო დივერსიფიკაცია, მარტივი მიზანი არ არის და ზოგჯერ, შეიძლება საჭირო არც იყოს. “ერთ-ერთი ცნება, რომელსაც თანამედროვე უნივერსიტეტებში ასწავლიან ისაა, რომ აქციებში ინვესტირებისას ფართო დივერსიფიკაცია კრიტიკულად აუცილებელია. ეს არანორმალური იდეაა, რომლის მიღწევა მარტივი არ არის. თუ უამრავი ვარიანტი გაქვს, რომელთა შორის გამორკვევა მარტივად შეგიძლია - კი, მაგრამ თუ მხოლოდ სამი ვარიანტი მაქვს, მირჩევნია ფული საუკეთესო იდეაში ჩავდო. ზოგიერთი საუკეთესოს და ცუდს ერთმანეთისგან ვერ არჩევს და ცუდს ზედმეტად კარგად აღიქვამს. ჩვენ ასეთ შეცდომებს სხვებზე უფრო იშვიათად ვუშვებთ და ეს დიდი წყალობაა. ძალიან ჭკვიანები არ ვართ, უბრალოდ ვიცით, ჩვენი ჭკუა სად მთავრდება, რაც პრაქტიკული ჭკუისთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, - განაცხადა ჩარლი მანგერმა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც უორენ ბაფეტმა აქციონერების ყოველწლიურ შეკრებაზე ისაუბრა, ამერიკული დოლარის მნიშვნელობა იყო. საუკუნეზე მეტია, რაც ამერიკული დოლარი პლანეტის ყველაზე მოთხოვნადი ვალუტაა. გლობალური ვაჭრობის 88%-ში სწორედ დოლარი გამოიყენება, საერთაშორისო ტრანზაქციების 75% ამერიკულ ვალუტაზე მოდის. საფინანსო ინსტიტუტებისა და ცენტრალური ბანკების სავალუტო რეზერვების 60% კი დოლარშია დენომინირებული. გარდა ამისა, მსოფლიოს მასშტაბით გაცემული ვალდებულებებისა და ობლიგაციების 59% სწორედ დოლარზე მოდის. პლანეტის ისტორიაში არცერთ სხვა ეროვნულ ვალუტას არასოდეს ჰქონია მსგავსი გავლენა და აღიარება, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ბოლო დროს, ჩინური იუანმა აღზევება დაიწყო. კითხვაზე, რამდენად რეალურია დედოლარიზაცია და რა უნდა გავაკეთოთ იმ შემთხვევაში, თუ ეს პროცესი მართლა დაიძვრება, უორენ ბაფეტი ამბობს, რომ სარეზერვო ვალუტად, დოლარს ალტერნატივა არ აქვს.

“დოლარი მსოფლიოს სარეზერვო ვალუტაა და ამ მხრივ, დოლარი უალტერნატივოა. ვფიქრობ, რომ შექმნილი მდგომარეობა ჯერომ პაუელზე უკეთ არავის ესმის, მაგრამ ის ვერ აკონტროლებს ფისკალურ პოლიტიკას. აქა-იქ რამდენიმე მინიშნება გააკეთა, მაგალითად პანდემიის დასაწყისში, როცა ომის მსგავს მდგომარეობაში ვიყავით. არავინ იცის, თუ სადამდე შეიძლება გაიზარდოს ვალუტის რაოდენობა, სანამ ის მწყობრიდან გამოვა, მითუმეტეს როცა მსოფლიოს სარეზერვო ვალუტაზეა საუბარი. კონკრეტული პასუხი არავის აქვს. ამ მომენტის დაჭერა არც უნდა გვინდოდეს, რადგან ამ შემთხვევაში, დიდი პრობლემის წინაშე ვიქნებით. ვფიქრობ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ”, - აღნიშნა Berkshire Hathaway-ის თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, რომ Berkshire Hathaway-ი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საჯარო კომპანიაა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $715 მილიარდს აღემატება. კომპანიის მაღალ საბაზრო შეფასებასთან ერთად, მაღალია მისი მფლობელების ქონებაც - უორენ ბაფეტის ქონებას ამერიკული Forbes-ი $114 მილიარდად აფასებს, ჩარლი მანგერის აქტივებს კი - $2.4 მილიარდად.


საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.