მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BAG - საქართველოს მსგავს ქვეყნებში მინიმალური ხელფასის შემოღება არ "მუშაობს"

5dac11a639d82
ნუცა ბაზლიძე
20.10.19 12:00
1228
„ევროდირექტივები საერთოდ არ გვთხოვს მინიმალური ხელფასის შემოღებას. საქართველოს მსგავს განვითარებად ქვეყნებში მინიმალური ხელფასის შემოღება არ „მუშაობს“, ისევე, როგორც ეს უაზრობაა ძალიან განვითარებულ ქვეყნებში, მაგალითად შვედეთსა და შვეიცარიაში, სადაც არ აქვთ მინიმალური ხელფასი“,- აღნიშნავს „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ იურისტი ნიკა ნანუაშვილი გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში შრომის კოდექსის კანონპროექტზე საუბრისას.

მისი შეფასებით, რეალურად საქართველოს მსგავს ქვეყნებში მინიმალური ხელფასის შემოღება ყველაზე მეტად აზიანებს სწორედ დაბალი კვალიფიკაციის მუშახელს, განსაკუთრებით იმათ, ვინც ეძებს სამსახურს და ახლა შედის შრომის ბაზარზე.

„ამ ადამიანებისთვის მინიმალური ხელფასი ქმნის დამატებით ბარიერს“, - აღნიშნავს ნანუაშვილი.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის იურისტის განმარტებით, შრომის ბაზარზე ხელფასის ზრდის ტენდენციის შესაქმნელად საჭიროა ბევრი წარმატებული ადამიანი და ბევრი სამუშაო ადგილი და სახელმწიფომაც სწორედ ამ საკითხებს უნდა შეუწყოს ხელი.

შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები, რომელთა განხილვის დაწყება უახლოეს პერიოდში იგეგმება, სხვა საკითხებთან ერთად, შემდეგ ცვლილებებს ითვალისწინებს: სამუშაო საათების შემცირება და ზეგანაკვეთური სამუშაო საათების შეზუდვა/აკრძალვა, შეთავსებით მუშაობის აკრძალვა, სტაჟირების შეზღუდვა, მინიმალური ხელფასის სავალდებულოდ შემოღება, შრომითი ხელშეკრულებების დადებისა და შეწყვეტისათვის შეზღუდვების დაწესება და შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოვება.