მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BAG ბიზნეს კლიმატის ინდექსი ბიზნეს ოპერატორების ფრთხილ ოპტიმიზმზე მიანიშნებს

5f8ea3fd65f46
BM.GE
20.10.20 12:45
885

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია BAG ინდექსის მესამე კვარტლის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის პირველი ნაწილი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, ბიზნეს კლიმატის ინდექსს მოიცავს.

კვლევის თანახმად, 2020 წლის მესამე კვარტალში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კლიმატის ინდექსი, წინა კვარტლის მსგავსად, კვლავ აღმასვლის მეოთხედშია, რაც ნიშნავს, რომ ასოციაციის გამოკითხული წევრები თავიანთ მიმდინარე მდგომარეობას კვლავ უარყოფითად აფასებენ, თუმცა ამავდროულად, ნარჩუნდება პოზიტიური მოლოდინი.


 




აღსანიშნავია, რომ 2020 წლის III კვარტალში, II კვარტალთან შედარებით, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების მიერ მიმდინარე მდგომარეობის შეფასება ოდნავ გაუარესდა, მაშინ როცა -12.3-დან -19.0-მდე შემცირდა. რაც შეეხება მომდევნო ექვსი თვის მოლოდინს, იგი გაუმჯობესდა და 12.2-დან 21.8-მდე გაიზარდა.





აღსანიშნავია, რომ კვლევის ფარგლებში, BAG-ის წევრი კომპანიები ოთხ სექტორად არის დაყოფილი: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა. 2020 წლის III კვარტალში, სექტორებს შორის, BAG ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი, მომსახურების სექტორის გარდა, ყველა სექტორისთვის დადებითია. როგორც ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, აღნიშნული შეფასება სავსებით მოსალოდნელი იყო, რადგან პანდემიის შედეგად, შექმნილი ვითარება ყველაზე მეტად მომსახურების სექტორმა იგრძნო. სწორედ ამიტომ, მომსახურების სექტორი მიმდინარე მდგომარეობას მკვეთრად უარყოფითად აფასებს. თუმცა, სირთულეების მიუხედავად, ამ სექტორის მომდევნო ექვსი თვის მოლოდინი ოპტიმისტურია.




რაც შეეხება სხვა სექტორებს, არსებულ ბიზნეს კლიმატს, ასევე, უარყოფითად აფასებენ ვაჭრობისა და მრეწველობის სექტორებიც. თუმცა, მომდევნო ექვსი თვის მოლოდინი, მომსახურების სექტორზე მეტად ოპტიმისტური აქვთ. ხოლო მშენებლობის სექტორში მესამე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობა გაუმჯობესდა და ნეიტრალურია, ისევე როგორც სექტორში არსებული მოლოდინი.

BAG ინდექსის კვლევის ფარგლებში, გარდა მიმდინარე მდგომარეობისა და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინის შეფასებისა, BAG-ის წევრი კომპანიები, ასევე აფასებენ გაყიდვების ფასების, მოთხოვნისა და დასაქმებულთა რაოდენობის ცვლილებას, ასახელებენ თავიანთი საქმიანობისთვის ხელის შემშლელ ფაქტორებს და აფიქსირებენ ლარის გაცვლით კურსის შესახებ არსებულ მოლოდინს. სწორედ ამიტომ, BAG ინდექსი წარმოადგენს საქართველოში ბიზნესგარემოს შეფასების მნიშვნელოვან ინდიკატორს, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMCG კვლევითი ცენტრი IFO ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს. BAG ინდექსი ყოველკვარტალურად ქვეყნდება და აცნობს საზოგადოებას ბიზნესწრეებში არსებულ განწყობასა და მოლოდინს.

კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.