მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BAG დასაქმების ბარომეტრი უმჯობესდება - კომპანიები დასაქმებულთა შემცირებას აღარ გეგმავენ

60cca4d552e78
ვიქტორია მღებრიშვილი
18.06.21 19:37
679
BAG ინდექსის ყოველკვარტალური კვლევის ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრები და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიები მომდევნო სამი თვის განმავლობაში დასაქმების სავარაუდო ცვლილების მოლოდინს აფიქსირებენ. BAG-ის დასაქმების ბარომეტრი, რომელიც სწორედ ამ მოლოდინებს აჯამებს, მიმდინარე კვარტალში გაუმჯობესდა და 27.4 ქულა შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი არამარტო გასულ 2021 წლის პირველ კვარტალში და 2020 წლის განმავლობაში დაფიქსირებულ მაჩვენებლებს აღემატება, არამედ პანდემიის დაწყებამდე არსებულ დონესაც (2019 წლის IV კვ.).

BAG ინდექსის მიხედვით, დასაქმების ბარომეტრის ასეთი ზრდა დასაქმებასთან დაკავშირებული ნეგატიური მოლოდინის მკვეთრი შემცირებითაა განპირობებული  - 2021 წლის მესამე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის შემცირების მოლოდინი გამოკითხულთა მხოლოდ 3.9%-ს აქვს.

კვლევის ფარგლებში, BAG-ის წევრი კომპანიები ოთხ სექტორად იყოფა: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა. მიმდინარე კვლევაში ოთხივე სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის ცვლილების დადებითი მოლოდინი დაფიქსირდა, თუმცა ყველაზე პოზიტიური მოლოდინი მომსახურებისა და მრეწველობის სექტორებშია.

ასევე აღსანიშნავია მშენებლობის სექტორი, სადაც გასულ პერიოდებში დასაქმებულთა რაოდენობის კლების შემდეგ, ამ მაჩვენებლის შემცირებას არცერთი გამოკითხული კომპანია აღარ გეგმავს.

დასაქმების ბარომეტრი BAG ინდექსის შემადგენელი ნაწილია, რომელიც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების მოსაზრებებს აჯამებს. კვლევის შედეგები ყოველ კვარტალში ქვეყნდება და საზოგადოებას ბიზნესწრეებში არსებულ განწყობასა და მოლოდინს აცნობს.

BAG ინდექსის კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.