24.სექტემბერი .2021 10:38

BAG ინდექსი: ბიზნესს რეგულაციებზე მეტად ლარის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა აფერხებს

BAG ინდექსი: ბიზნესს რეგულაციებზე მეტად ლარის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა აფერხებს
views 214
უკან

2021 წლის მესამე კვარტალში ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულ კომპანიათა 75% მიიჩნევს, რომ მათი ბიზნესსაქმიანობისათვის არსებობს ხელის შემშლელი ფაქტორები, რომელთა შორისაც, წინა კვარტლის გამოკითხვის მსგავსად, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა ლიდერობს. აღნიშნული განწყობა არაა გასაკვირი, რადგან მესამე კვარტალში ეროვნული ვალუტის აშშ დოლართან გაცვლითი კურსის გაუფასურების მოლოდინი გამოკითხულთა 55%-ს აქვს. ამავდროულად, გაყიდვებთან და დასაქმებასთან დაკავშირებული პოზიტიური მოლოდინების ფონზე, კომპანიებს შორის, საგრძნობლად არის შემცირებული ლარის გამყარების მოლოდინი. გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის, უცხოური ვალუტის შემოდინების გაზრდილი მაჩვენებლების, დოლარის ისტორიულ მინიმუმზე დასული საპროცენტო განაკვეთისა თუ ლარის გამყარების შესაძლო განმაპირობებელი სხვა ფაქტორების არსებობის მიუხედავად, ბიზნესში ლარის გამყარების ტრენდის გრძელვადიანი მოლოდინი არ არის.

მეორე ადგილს სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები იკავებს. თუმცა მომდინარე კვარტალში აღნიშნული ფაქტორის სიმწვავე შემცირებულია, რაც ბიზნესისთვის COVID-19-ით გამოწვეულ შეზღუდვების შემცირებას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ წინა კვარტალთან შედარებით, COVID-19-ით გამოწვეულ შეზღუდვებს ხელის შემშლელ ფაქტორად ორჯერ ნაკლები გამოკითხული კომპანია ასახელებს.

შეზღუდვების გარდა, პანდემიის დაწყების შემდეგ ბიზნესისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა მოთხოვნის სიმცირე. აღნიშნულმა პრობლემამ პიკს 2020 წლის ბოლოს მიაღწია, როდესაც დაწესებული შეზღუდვების ფონზე მოთხოვნის სიმცირე ბიზნესის 78%-ისთვის უმთავრეს დაბრკოლებად იქცა. თუმცა, მიმდინარე წელს, აღნიშნული ფაქტორის სიმწვავე ეტაპობრივად მცირდება. მოხსნილი შეზღუდვების, გაზრდილი ტურისტული ნაკადებისა და გააქტიურებული საგარეო ვაჭრობის შედეგად, მოთხოვნის სიმცირე გამოკითხულთა მხოლოდ 34%-ს აწუხებს.

ამავდროულად, გაზრდილი მოთხოვნის ფონზე ხელის შემშლელ ფაქტორებს შორის სპეციალისტებისა და, ზოგადად, სამუშაო ძალის ნაკლებობის საკითხი გამძაფრდა. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის მეორე კვარტლიდან მოყოლებული, მნიშვნელოვნად იმატა იმ კომპანიათა წილმა, რომლებიც აღნიშნულ ფაქტორებს ასახელებენ ხელის შემშლელად.შეგახსენებთ, რომ BAG ინდექსი ემყარება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრების და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების შეფასებას. შესაბამისად, BAG ინდექსი წარმოადგენს საქართველოში ბიზნესგარემოს შეფასების მნიშვნელოვან ინდიკატორს, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMC კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა