მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BAG ინდექსი: კომპანიების 95% მიიჩნევს, რომ საჭიროა თანამშრომლები აიცრან

6139bc4a9fec8
შოთა ტყეშელაშვილი
09.09.21 11:54
661
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის შესახებ ბიზნესის განწყობის გასაანალიზებლად ასოციაციის წევრი და მათი შვილობილი კომპანიები გამოკითხა.

კვლევის შედეგების თანახმად, კომპანიების 95%-ს დასაქმებულების ვაქცინაცია აუცილებლად მიაჩნია. მეტიც, გამოკითხულთა 87%-ს უკვე ჰქონდა ვაქცინაციის შესახებ დასაქმებულებთან კომუნიკაცია, ხოლო 6% უახლოეს მომავალში გეგმავს აცრის საჭიროების განხილვას.



თანამშრომელთა შორის ვაქცინაციის პროცესის წასახალისებლად კი კომპანიები სხვადასხვა მექანიზმს მიმართავენ, როგორიცაა ფინანსური წახალისება, ანაზღაურებადი შვებულება, სამუშაო ადგილზე აცრის შეთავაზება, შეღავათი სამუშაო გრაფიკზე და სხვა. აღსანიშნავია, რომ გამოკითხულ კომპანიათა 27%-ს უკვე დანერგილი აქვს აცრის წამახალისებელი მექანიზმები, ხოლო 29% სწრაფადვე გეგმავს მათ შემოღებას.


მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა რესპონდენტი საჭიროდ მიიჩნევს თანამშრომელთა აცრას, ასეთი ცალსახა პოზიცია არ ჩანს სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით, რადგანაც კომპანიების ნაწილისთვის არ არის ცხადი, რამდენად დაარღვევს აღნიშნული ვალდებულება შრომის კოდექსით გათვალისწინებულ შრომით უფლებებს. ასევე კომპანიების ის ნაწილი, რომელთა თანამშრომლებიც არ არიან მომხმარებელთან პირდაპირ კომუნიკაციაში, ასევე არ განიხილავენ სავალდებულო ვანქცინაციის შემოღებას.

შესაბამისად, კომპანიათა უმეტესობა, კერძოდ, გამოკითხულთა 86% არ აპირებს ვაქცინაციის სავალდებულო პოლიტიკის შემოღებას. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დაფიქსირებული 14% მაინც მაღალი მაჩვენებელია და ძირითადად ფარავს იმ კომპანიებს, რომლებიც წარმოდგენილნი არიან საცალო გაყიდვებისა და სტუმარმასპინძლობის სექტორებში.



საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ვაქცინაციის პროცესის მხარდასაჭერად აქტიურად აგრძელებს კომუნიკაციას როგორც სახელისუფლებო ინსტიტუტებთან, ასევე ბიზნესთან. აღნიშნული ქმედებების მიზანი კი დასაქმებულებისთვის ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ინფორმაციის მიწოდება და ვაქცინაციის პროცესის მაქსიმალური დაჩქარებაა.

კვლევის ანგარიშის აღნიშნული ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ მომდევნო ბმულზე.