მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BAG ინდექსი: სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები ბიზნესის მთავარი გამოწვევაა

6422ad82634ac
BM.GE
28.03.23 13:04
501
BAG ინდექსის კვლევის თანახმად, 2023 წლის პირველ კვარტალში, 2022 წლის მეოთხე კვარტლის მსგავსად, ბიზნესმა მთავარ ხელის შემშლელ ფაქტორად კვლავ სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები დაასახელა, თუმცა საგულისხმოა, რომ აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტლის მონაცემთან შედარებით 10 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

მიმდინარე კვარტალში, ჩამოთვლილ ფაქტორებს შორის გამწვავდა შეზღუდული ფინანსური რესურსების პრობლემაც, რომელიც წინა კვარტალთან შედარებით 8 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.



სექტორებს შორის, სამართლებრივ და ადმინისტრაციულ ბარიერებს ხელის შემშლელ ფაქტორად, კვლავ მომსახურების და მშენებლობის სექტორები ასახელებენ, თუმცა წინა კვარტალთან შედარებით, მაჩვენებლები მცირედით გაუმჯობესებულია.

აღსანიშნავია, რომ სპეციალისტების ნაკლებობის პრობლემა მკვეთრად გამწვავდა მრეწველობის სექტორში, კერძოდ, წინა კვარტალთან შედარებით აღნიშნული მაჩევენებელი 51 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი. ამავე სექტორში დაფიქსირდა ყველაზე ხშირად ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსისა და შეზღუდული ფინანსური რესურსების პრობლემები.

გამოსაყოფია, მშენებლობის სექტორი, რომლისთვისაც წინა კვარტლებში დასახელებული ხელის შემშლელი ფაქტორები მიმდინარე კვარტალში შემსუბუქდა, კერძოდ, 24 და 30 პროცენტული პუნქტებით შემცირდა სპეციალისტების ნაკლებობით და ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსით გამოწვეული პრობლემები.



შეჯამების სახით, შეიძლება ითქვას, რომ ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელი ფაქტორების არსებობაზე 2023 წლის პირველ კვარტალში გამოკითხული ბიზნესის 61% საუბრობს, რაც გაზრდილი მაჩვენებელია წინა კვარტალთან შედარებით.



შეგახსენებთ, რომ BAG ინდექსი ემყარება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრების და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების შეფასებას. შესაბამისად, BAG ინდექსი წარმოადგენს საქართველოში ბიზნესგარემოს შეფასების მნიშვნელოვან ინდიკატორს, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMC კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებენ.
კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.