მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BAG Index: ნეგატიურისკენ გადახრილი დასაქმების ბარომეტრი

5eb27f08b9bc0
BM.GE
06.05.20 13:05
882
BAG ინდექსის ყოველკვარტალური კვლევის ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გამოკითხული წევრების მოლოდინი დასაქმებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად არის გაუარესებეული.

როგორც bm.ge-ის ასოციაციდან აცნობეს, BAG-ის დასაქმების ბარომეტრი, რომელიც მომდევნო სამი თვის განმავლობაში ასოციაციის წევრების მიერ დასაქმების სავარაუდო ცვლილებას ასახავს, 2020 წლის პირველ კვარტალში უარყოფითი გახდა და -46.7 ქულა შეადგინა. შედარებისათვის, 2019 წლის მეოთხე კვარტალში BAG-ის წევრ ბიზნესებს პოზიტიური მოლოდინი ჰქონდათ დასაქმებასთან მიმართებაში, შესაბამისად, დასაქმების ბარომეტრი დადებითი იყო და 26.1-ს შეადგენდა.



"ამდენად, გამოკითხულთა დიდი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ან ვერ გაზრდის დასაქმებულთა რაოდენობას, ანდა მოუწევს არსებული სამუშაო ადგილების შემცირება. კერძოდ, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გამოკითხული წევრების მხოლოდ 1.9% მოელის დაქირავებულთა რაოდენობის ზრდას 2020 წლის მეორე კვარტალში, მაშინ როცა 50.9% არ ელოდება ამ მაჩვენებლის ცვლილებას, ხოლო 47.2% გარდაუვლად მიიჩნევს მათ კომპანიებში დასაქმებულთა რაოდენობის კლებას.

სექტორების მიხედვით, გამოკითხული BAG-ის წევრ ბიზნესებს შორის შედარებით ზომიერი ნეგატიური მოლოდინი დაფიქსირდა მრეწველობის სექტორში, რომელსაც სხვა სექტორებთან შედარებით ნაკლებად შეეხო საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული შეზღუდვები. მეორეს მხრივ, მშენებლობის სექტორში სამუშაო ადგილების შემცირების უკიდურესად ნეგატიური მოლოდინია, რაც, სავარაუდოდ, კრიზისების დროს უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნის შემცირებას უნდა უკავშირდებოდეს. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მეოთხე კვარტალში ყველაზე მაღალი პოზიტიური მოლოდინი დასაქმებასთან მიმართებაში სწორედ მშენებლობის სექტორში გამოვლინდა.

BAG დასაქმების ბარომეტრი ეფუძნება BAG–ის წევრების გამოკითხვას, კერძოდ, კომპანიები აფასებენ მომავალ სამ თვეში დასაქმების სავარაუდო ცვლილებას. კომპანიები მომავალი სამი თვის განმავლობაში აღწერენ საკუთარ გეგმებს დასაქმებულთა რაოდენობასთან დაკავშირებით, როგორც „მზარდს“, „სტაბილურს“ ან „კლებადს“. სექტორების მიხედვით დასაქმებასთან დაკავშირებული გეგმების რიცხვითი შეფასება გამოითვლება „მზარდისა“ და „კლებადის“ პასუხების პროცენტული მნიშვნელობების სხვაობით, ხოლო საბოლოო BAG დასაქმების ბარომეტრი არის სექტორების საბალანსო მნიშვნელობების შეწონილი საშუალო.

BAG ინდექსის წარმოება საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ 2020 წელს დაიწყო. BAG ინდექსი მოიცავს BAG-ის წევრი ბიზნესების მმართველი მენეჯერების შეფასებას ბიზნეს კლიმატისა და დასაქმების ბარომეტრის შესახებ. საქართველოს ბიზნეს ასოციაციაციის აზრით, BAG ბიზნეს კლიმატის ინდექსი და BAG დასაქმების ბარომეტრი მნიშვნელოვანი, ღირებული და ეფექტური ინსტრუმენტი გახდება როგორც ბიზნეს სუბიექტების, ასევე ხელისუფლებისთვის ბიზნესში არსებული მდგომარეობის გაცნობის, შეფასებისა და ანალიზის შედეგად კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. BAG ინდექსი ყოველკვარტალურად გამოქვეყნდება და იგი საზოგადოებას გააცნობს დროის კონკრეტულ მომენტში ბიზნეს წრეებში არსებულ განწყობებსა და ბიზნესის მოლოდინებს",  - ნათქვამია საქართველოს ბიზნეს ასოციაციაციის განცხადებაში.