მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BAG: მეწარმეთა შესახებ ახალი კანონი ქართულ და ევროპულ ბიზნესებს თანამშრომლობის ახალ სივრცეს გაუხსნის

5f363f803ea6f
BM.GE
14.08.20 11:45
1129
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, რომ მიესალმებიან მეწარმეთა შესახებ ახალი კანონის პროექტის ინიცირებას და მას საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევენ. როგორც ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული: „უკვე არაერთი წელია, რაც პროფესიული წრეები, ბიზნესისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ დღეს მოქმედი, სამეწარმეო საქმიანობის მარეგულირებელი ძირითადი კანონი მოძველებულია. შესაბამისად, წლების განმავლობაში განხორციელებული უსისტემო ცვლილებების გამო ის შეუსაბამოა დღეს არსებულ რეალობასთან და გამოწვევებთან.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით მიმდინარე სამუშაო პროცესის შედეგად, რომელშიც საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან ერთად აკადემიური წრეების, ექსპერტებისა და ბიზნეს გაერთიანებების წარმოდგენლები მონაწილებდნენ, დღეს ჩვენ უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ ახალი კანონის პროექტზე, რომელიც დიდწილად თანხვედრაშია როგორც ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან, ასევე პასუხობს თანამედროვე სტანდარტებსა და ჩვენი ქვეყნის თავისებურებების გათვალისწინებით არსებულ გამოწვევებს.

აღნიშნული პროექტი, ჩვენი აზრით, ხელს შეუწყობს სამეწარმეო საქმიანობის ორგანიზაციული ფორმების უფრო მეტად დახვეწას, სამეწარმეო საქმიანობით დაინტერესებული პირებისათვის განჭვრეტადი გარემოს შექმნასა და შესაბამის ადმინისტრაციულ თუ სასამართლო ორგანოებში ერთიანი პრაქტიკის განვითარებას.

მნიშვნელოვანია, რომ ახალი პროექტის შესაბამისობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და პრაქტიკულად ახალ სივრცეს გაუხსნის ქართულ და ევროპული ბიზნეს ოპერატორების თანამშრომლობას. მათ შორის, გამარტივდება ერთობლივი საწარმოების შექმნის პროცესი და გაიზრდება საქართველოში ახალი ინვესტიციებისა და ტექნოლოგიების მოზიდვის შესაძლებლობა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მეწარმეთა შესახებ ახალი კანონის პროექტი ის ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისია, რომელზედაც საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად განხორციელდა რეგულირების ზეგავლენის შეფასება, რამაც საშუალება მისცა ყველა დაინტერესებულ მხარეს ნათლად და ცხადად წარმოედგინა რეფორმის შედეგად მოსალოდნელი სარგებელი.

ასევე, უნდა აღინიშნოს თავად კანონპროექტზე სამუშაო პროცესის მიმდინარეობა, დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის, ჩართულობის მაღალი ხარისხი, რამაც საბოლოო ჯამში შესაძლებელი გახადა ხარისხიანი და პროფესიული დოკუმენტის შექმნა. თუმცა ცხადია, რომ დოკუმენტზე მუშაობა მისი საქართველოს პარლამენტში ინიციირების შემდეგაც უნდა გაგრძელდეს. საქართველოს ბიზნეს ასოციაცია გამოხატავს მზაობას, რომ ანალოგიურად როგორც სხვა შემთხვევებში, აქტიურად ჩაერთოს საპარლამენტო განხილვების პროცესში და გაუზიაროს საკუთარი მოსაზრებები საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს.“, – აცხადებენ ბიზნეს ასოციაციაში.