მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BAG-ში ლარის გაუფასურებაზე ზარები არ წყდება - სოსო ფხაკაძე

606316a60e41b
ვიქტორია მღებრიშვილი
30.03.21 16:54
5368
საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადებით, ლარი არა მხოლოდ ბიზნესის, არამედ მთლიანად ჩვენი საზოგადოების ტკივილია.

ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან დაკავშირებით მედიის კითხვების საპასუხოდ სოსო ფხაკაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ლარის კურსის გამო შექმნილი ვითარება მძიმეა.

“ჩვენ ამაზე ძალიან ხშირად ღიად ვსაუბრობთ. ტელეფონებზე ზარები არ წყდება, ჩვენი წევრები გვეკითხებიან ამის შესახებ - აინტერესებთ, რა იქნება გამოსავალი. ხელისუფლებასთან მუდმივ კომუნიკაციაში ვართ და ერთობლივ გამოსავალზე ვფიქრობთ. არის გარკვეული მაკროეკონომიკური ბერკეტები, დეტალებზე არ მინდა ვისაუბრო. ლარის გაუფასურების მიზეზი მთელი რიგი ფაქტორებია, მათ შორის პოლიტიკური და ეკონომიკური... ახლა მთავარია, გამოვიდეთ შედეგიდან. ქვეყანაში ლარის გამო შექმნილი ვითარება მძიმეა და ამა თუ იმ გზით აუცილებელია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა“, - განაცხადა BAG-ის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის: 2020 წლის განმავლობაში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან $2.7 მილიარდი დოლარის შემოსავალი დაკარგა. 2021 წლის თებერვალში საჰაერო საზღვრების გახსნის მიუხედავად კვლავ დახურული დარჩა სახმელეთო საზღვრები, რომლის მეშვეობითაც ძირითადად რეგიონის ქვეყენბიდან შემოდიოდნენ ვიზიტორები. იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონის ქვეყნებში COVID-19-ის პანდემიის მესამე ტალღა უკვე გააქტიურებულია და საქართველოშიც ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა მზარდია, რეგიონული ტურიზმი, სავარაუდოდ, საზღვრების გახსნის შემთხვევაშიც დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდება.

პრივატიზაციის მხრივ კი, საქართველოს მთავრობამ დღეს ბიზნესს ახალი პროექტი წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, გასაყიდად, დაახლოებით, 400 მილიონი ლარის ღირებულების ობიექტები უნდა გამოვიდეს. ეკონომიკის მინისტრის თქმით, კრიზისული ვითარების გათვალისწინებით, გასაყიდი ობიექტების ფასდადება ადეკვატურად განხორციელდა. ჯერჯერობით, უცნობია თუ რა შედეგები მიიღწევა ამ გეგმის მეშვეობით. 2021 წლის ბიუჯეტის თანახმად, წელს მთავრობა პრივატიზაციიდან (არაფინანსური აქტივების კლებიდან) 150 მილიონი ლარის შემოსავალს ელოდება.