მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BAG შრომის კანონმდებლობაში ინიცირებულ ცვლილებას ეკონომიკისთვის საფრთხედ აფასებს

5ee9d49aae063
BM.GE
17.06.20 12:36
1202
პარლამენტი დღეს შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ მომზადებულ კანონპროექტს განიხილავს. კანონპროექტის ავტორები დეპუტატები დიმიტრი ცქიტიშვილი და სოფო კილაძე არიან. პარლამენტის ვებგვერდის მიხედვით, მათ გარდა, საკანონმდებლო წინადადებას ხელს აწერენ დეპუტატები - ირაკლი კობახიძე, რატი იონათამიშვილი და თამარ ხულორდავა.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს ეწინააღმდეგება. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ახალი რეგულაციები მიღების შემთხვევაში, შრომის ბაზრისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა გახდება და ის ბიზნესგარემოს კიდევ უფრო დაამძიმებს.

"შრომის კანონმდებლობაში ინიცირებული ცვლილებები, რომელთა საპარლამენტო განხილვის დაწყება უახლოეს პერიოდში იგეგმება, შესაძლოა, კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად იქცეს შრომის ბაზრისათვის, ეკონომიკისა და ბიზნესგარემოსათვის, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს ვითარებას. ვითარებას კიდევ უფრო ართულებს კორონავირუსის გამო არსებული რთული გამოწვევები.

ბოლო სამი თვის განმავლობაში ბიზნესმა და დასაქმებულებმა ერთად ურთულესი პერიოდი გავიარეთ, შეუძლებელია იმის შეფასება, თუ რა ძალისხმევად, რა ფინანსური და ადამიანური რესურსების მობილიზაციის ფასად დაუჯდა თითოეულ კომპანიას ყოველი სამუშაო ადგილის შენარჩუნება და რაოდენ დიდი ტრაგედიაა თუნდაც დროებით დათხოვნილი თითოეული თანამშრომელი.

ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში, შეუჩერებლად ვმუშაობდით ასოციაციის წევრ კომპანიებთან, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან, რათა მინიმალურ დონეზე მაინც შენარჩუნებულიყო კომპანიების აქტივობა და სამუშაო ადგილები ამ კომპანიებში. დიდწილად ჩვენ ეს შევძელით გაერთიანებული ძალისხმევით და ახლაც შეუჩერებლივ ვაგრძელებთ მუშაობას ეკონომიკის სტიმულირების მხარდაჭერ ღონისძიებებში აქტიური ჩართულობის გზით, რათა ქვეყანამ შეძლოს და სწრაფად დააღწიოს თავი ეკონომიკურ რეცესიას.

დღეს, ზემოაღნიშნულის ფონზე, შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების შედეგად ნორმირებული სამუშაო საათების შემცირება და ზეგანაკვეთური სამუშაო საათების ანაზღაურების ლიმიტის მკვეთრი ზრდა, მინიმალური ხელფასის სავალდებულოდ შემოღება და შრომის ინსპექციის მანდატის პრაქტიკულად განუსაზღვრელი გაფართოვება, გარდაუვლად გამოიწვევს სამუშაო ადგილებისა და ხელფასების შემცირების მორიგ ტალღას, სამომხმარებლო ფასების კიდევ უფრო ზრდას.

ამასთან, ძალიან სამწუხაროა, რომ ცვლილებათა პაკეტის ინიციატორებმა არ გაითვალისწინეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის დეკემბერში მიღებული უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც მსგავსი ტიპის ინციატივებზე რეგულირების ზეგავლენის შეფასების მომზადების ვალდებულებას ითვალისწინებს.

შესაბამისად, აუცილებლად მიგვაჩნია, თანამედროვე ევროპული პრაქტიკის შესაბამისად მოხდეს კანონის მიღებით გამოწვეული დადებითი და უარყოფითი შედეგების მიუკერძოებელი და მეთოდოლოგიურად გამართული წინასწარი შეფასება და საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის მხოლოდ აღნიშნული შეფასების გაცნობის შედეგად განხილვა.

აქვე, უნდა ხაზგასმით აღინიშნოს, რომ ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვრჩებით შრომით ურთიერთობებში დასაქმებულთა ფუნდამენტური უფლებებისა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვის ერთგული, ვუჭერდით და დღესაც ვუჭერთ მხარს ისეთი ტიპის საკანონმდებლო ცვლილებებს, როგორიცაა მაგალითად დისკრიმინაციისა თუ იძულებითი შრომის პრევენცია, საფრთხის შემცველ სამუშაო გარემოში შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესება, დედებისა და ქალების შრომითი უფლებების მნიშვნელოვნად გაუმჯობესება, შრომითი დავების გადაწყვეტის მექანიზმების დახვეწა თუ სხვა.

ჩვენ კარგად გვესმის ისიც, რომ ქვეყანაში დღემდე გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს ზემოთ ჩამოთვლილი თუ სხვა, უკვე არსებული შრომითი სტანდარტების დაცულობა. ამიტომ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს სრულ მზადოფნას, რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, სოციალურ პარტნიორებთან ერთად ვიმუშაოთ და დავხვეწოთ დღეს არსებული მექანიზმები, რათა დასაქმებულებმა შეძლონ მათი უფლების დარღევის შემთხვევაში დავის სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტის მექანიზმებით სარგებლობა," - ნათქვამია ბიზნეს ასოციაციის განცხადებაში.