20.სექტემბერი .2019 12:00

BAG შრომის კოდექსში ცვლილებებზე: კანონპროექტმა შესაძლოა, უმუშევრობის ზრდა და ხელფასების შემცირება გამოიწვიოს

views 1384
უკან

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე, შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით სამ ძირითად პრობლემურ საკითხს გამოყოფს.


„პირველი ის, რომ შემოთავაზებულ კანონპროექტს ეკონომიკური დასაბუთება არ ახლავს და შესაბამისად, როგორც ჩანს მის ინიციატორებს წარმოდგენა არ აქვთ ეკონომიკისთვის და ბიზნესისთვის წარმოდგენილ პროექტს რა ნეგატიური ეფექტი შეიძლება ჰქონდეს.

მეორე ის, რომ წარმოდგენილ კანონპროექტს გაცილებით მაღალი სტანდარტი შემოაქვს, ვიდრე ეს გათვალისწინებულია ევროდირექტივებით, ამიტომაც ჩვენთვის გაუგებარია რატომ ვიღებთ იმაზე მაღალ სტანდარტებს, ვიდრე ეს შეიძლება ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში იყოს.

და მესამე, როგორც ჩანს მიუხედავად იმისა, რომ თვითონ კანონპროექტის ავტორებს კონკრეტული შეფასება არ აქვთ, ჩვენ გვქონდა და გვაქვს კომუნიკაცია ბიზნესთან და ვხედავთ, რომ ამ კანონპროექტმა მიუხედავად იმისა,რომ კანონპროექტის ავტორს კეთილი სურვილი აქვს, შესაძლოა, უმუშევრობის ზრდა და ხელფასების შემცირება გამოიწვიოს, ასევე კონკრეტული ინდუსტრიების საერთოდ გაჩერება.

საბოლოო ჯამში, შესაძლოა კანონპროექტმა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანი გამოიწვიოს, რამაც შესაძლოა ჩვენი ქვეყნის განვითარება შეაფერხოს,“ - განაცხადა ვეფხვაძემ.

BAG-ის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, მათი შეთავაზება არის ის, რომ სულ მცირე ევროკავშირის დირექტივების სტანდარტების დაცვა მაინც მოხდეს.

„ჩვენი მთავარი მიზანი არის ის, რომ ვნახოთ ეკონომიკური დასაბუთება და ამ დასაბუთების შედეგად  გადაწყვეტილება მივიღოთ, როგორი ტიპის მოდელი გვჭირდება ჩვენ კონკრეტულად ამ სიტუაციაში“ - აღნიშნა ვეფხვაძემ.

შეგახსენებთ, საქარველოს პარლამენტმა უნდა დაიწყოს შრომის კოდექსში ცვლილებების პროექტის განხილვა.

პროექტების დღეს არსებულ ვერსიაში ბიზნესისთვის კრიტიკულ საკითხებს შორისაა: ვადიანი შრომითი ხელშეკრულებებზე შეზღუდვა, შრომითი ხელშეკრულებების ზეპირი ფორმით გაფორმების აკრძალვა, ერთზე მეტ სრულ და არასრულ სამუშაო განაკვეთზე პირის დასაქმებაზე დამატებითი შეზღუდვები, ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ხანგრძლივობის შეზღუდვა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა