26.თებერვალი .2020 11:53

BAG: "თხევადი გაზის საქართველოში იმპორტისას დღეს მოქმედი დაბეგვრის მოდელი მნიშვნელოვანი რისკების შემცველია

views 504
უკან

საქართველოში თხევადი გაზის (LPG) იმპორტის შემთხვევაში დაბეგვრის 2-ეტაპიანი მოდელი გამოიყენება - ერთ ტონაზე 120 ლარი გადაიხდევინება პროდუქტის განბაჟების მომენტში, ხოლო დამატებით 180 ლარის გადახდა უნდა მოხდეს თხევადი გაზის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე მიწოდებისას.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, BAG განცხადებას ავრცელებს, რომელსაც bm.ge უცვლელად ავრცელებს:

„ჩვენი დაკვირვება ცხადყოფს, რომ მეორე ეტაპზე დაბეგვრისას ადმინისტრირების კუთხით არსებითი პრობლემებია - უფრო მარტივად თუ ავხსნით - დამატებითი 180 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში არასრულად შედის. მსხვილი ნავთობკომპანიებიდან თხევადი გაზის მიწოდებას ბაზარზე მხოლოდ ორი მათგანი ახდენს - და ეს 2 კომპანიაც უკვე მხოლოდ რამდენიმე სადგურის მეშვეობით. ბაზრის დანარჩენი წილი კი, მოდის მცირე გასამართ სადგურებსა და სხვადასხვა მიმართულებით მიმოფანტულ მიწოდების წერტილებზე, სადაც, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, სრულიად ქაოტური ვითარებაა. დღევანდელ ეტაპზე უკვე მოძველებული დაბეგვრის რეჟიმი, რომელიც მორგებულია წლების წინ არსებულ რეალობას, აშკარად გახდა არასამართლიანი. ამას ემატება ამ კუთხით სუსტი ადმინისტრირება, რაც საბოლოო ჯამში არათანაბარ, არაკონკურენტულ გარემოში ამყოფებს კეთილსინდისიერ გადამხდელებს. შედეგი: კეთილსინდისიერი მეწარმეები თითქმის აღარ ფუნქციონირებენ აღნიშნულ ბაზარზე ვინაიდან შექმნილ ვითარებაში ისინი ვერ მიიღებენ ეკონომიკურ სარგებელს. ბაზრის ეს სეგმენტი კი, როგორც აღინიშნა, ივსება სხადასხვა ტიპის მიწოდების წერტილებით, რომელთა მიმართაც ვფიქრობთ გარკვეული შეკითხვები დაგროვდა.

ცალკე საუბრის საგანია ყველგან (მათ შორის დედაქალაქში) თვალშისაცემად მომრავლებული თხევადი გაზის გასამართი წერტილები - სხვათაშორის, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მათი უმრავლესობა უნებართვოდ არის განთავსებული. შეუიარაღებელი თვალითაც კი, ადვილი მისახვედრია, რომ მათი უმეტესობა შორს არის ტექნოლოგიური სრულყოფისა და უსაფრთხოების ნორმების თუნდაც ელემენტარული პირობების დაცვისაგან, თუმცა, ეს ამ მიმართულებით პრობლემის მხოლოდ მცირე ნაწილია და მთავარი და ძირითადი პრობლემა მაინც ყველა მეწარმის ერთნაირ, საბაზრო პირობებში ჩაყენების აუცილებლობაა, რაც არის ნებისმიერი ბიზნესის დაწყებისა და წარმოების ფუნდამენტური წინაპირობა.

ასევე აღსანიშნავია, რომ ბიზნესის ამ სფეროში მცირებიუჯეტიანი ინვესტირებით შეიძლება საქმიანობის დაწყება (რა თქმა უნდა უნებართვოდ და უსაფრთხოების პირობების უგულებელყოფის ხარჯზე), რაც მოძველებული საკანონმდებლო ჩარჩოსა და სუსტი ადმინისტრირების პირობებში უკან გვიბრუნდება ბიუჯეტში გადაუხდელ მილიონებად და ქალაქების დამახინჯებულ იერსახედ.

ზემოთქმული გვაკისრებს ვალდებულებას, გამოვიდეთ პროფესიული, არგუმენტირებული და კონსტრუქციული ინიციატივებით, რომლებიც უზრუნველყოფენ გადასახადების კუთხით ყოველი თეთრის სახელმწიფო ბიუჯეტში მოხვედრას და ამ სფეროშიც სამართლიანი ბიზნესის კეთების წესების დამკვიდრებას.

აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ ჩვენი მოსაზრებები სრულად თანხვედრაში მოდის იმ უწყებების ხედვებთან, რომელთაც ევალებათ ამ სფეროში კონკურენტუნარიანი თამაშის წესების დამკვიდრება და მისი შემდგომი დაცვა და შესაბამისად ვფიქრობთ, რომ ზემოაღნიშნული პრობლემების გადაწყვეტა მოკლე ვადებში გახდება შესაძლებელი“, - ნათქვამია ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
NS

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა