მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BAG: “წიაღისეულით სარგებლობის მარეგულირებელი ნორმები სექტორის საინვესტიციო მიმზიდველობას უნდა ემსახურებოდეს”

606ad86d603fc
ინგა მურუსიძე
05.04.21 13:55
1000
საქართველოს ბიზნესასოციაციაში გარემოს დაცვის კომიტეტის ფარგლებში, წიაღისეულით სარგებლობასთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებზე იმსჯელეს, რომელშიც ასოციაციის წევრი უმსხვილესი კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

როგორც bm.ge-ს BAG-დან აცნობეს, შეხვედრაზე გამოიკვეთა ის სისუსტეები, რომლებიც დღეს წიაღის სექტორში ინვესტიციების მოზიდვის შემაფერხებელი გარემოებებია. აღინიშნა, რომ რეგულაციების სათანადო ცვლილების პირობებში ინდუსტრიას შეუძლია ეკონომიკური აღდგენისთვის მნიშვნელოვანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა.

გარემოს დაცვის კომიტეტის ფარგლებში, საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრმა კომპანიებმა ისაუბრეს კონკრეტულ პრობლემებზე, მათ შორის, რეგულირების საფასურის არსებული სახით მიზანშეწონილობაზე, წიაღის მოსაკრებლის გამოთვლის წესზე, მარაგების კომისიასთან დაკავშირებულ პრობლემატიკაზე, სამთო მინაკუთვნისა და კერძო საკუთრების პრობლემებზე.

საბოლოოდ, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მოამზადებენ იმ პრობლემების სრულ სიას, რომელთა რეფორმაც უახლოეს პერიოდში აუცილებელი იქნება სწრაფი ეკონომიკური ეფექტის მისაღებად.

”საქართველოს ბიზნესასოციაცია ბოლო პერიოდია, აქტიურად მუშაობს იმ სექტორებთან, რომელთა საინვესტიციო აქტივობამ შესაძლოა დადებითი ეკონომიკური ეფექტი მოგვიტანოს ძალიან მოკლე ვადებში. ერთ-ერთი ასეთი მიმართულება წიაღის სექტორია, სადაც, მართალია, უკვე არსებობს კონკრეტული ხედვა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული წიაღის სექტორის განვითარების სტრატეგიის სახით, თუმცა 2019 წლის შემდეგ სტრატეგიის იმპლემენტაციის მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა. შესაბამისად, ჩვენი საერთო მიზანია, ამ სექტორში მოღვაწე კომპანიების აქტიური ჩართულობით დავიწყოთ აქტიური პროცესი, რომელიც დააჩქარებს რეფორმას და სექტორის საინვესტიციო მიმზიდველობას მნიშვნელოვნად გაზრდის“, - განაცხადა საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
(NS)