04.თებერვალი .2020 13:56

ბაღდათში გარდაცვლილი ოჯახი სოციალური გასაცემლის სახით 1330 ლარს იღებდა – ჯანდაცვის სამინისტრო

views 1944
უკან

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბაღდათში გარდაცვლილი ოჯახი სოციალური გასაცემლის სახით 1330 ლარს იღებდა.

ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, სადაც სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ბაღდათში მომხდარი ტრაგიკული ფაქტის გამო, რომელსაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევას მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური გამოეხმაურა და გარდაცვლილი ოჯახის ნათესავებს მიუსამძიმრა.

გიორგი წოწკოლაურის თქმით, ოჯახს ყოველთვიურად 1330 ლარი ერიცხებოდა, მათ შორის, საარსებო შემწეობა - 680 ლარის ოდენობით, ასევე, ოჯახის ორ წევრს მინიჭებული ჰქონდა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი და შესაბამისად, იღებდნენ სოციალურ პაკეტს - თითოეული მათგანი 140 ლარის ოდენობით. ამასთან, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ოჯახის ერთი წევრს, ასაკით პენსიონერს, სახელმწიფოსგან 220 ლარი ერიცხებოდა. გარდა ამისა, ოჯახი, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ყოველთვიურ დახმარებას 150 ლარს იღებდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 2019 წლის ოქტომბერში ოჯახი გადაამოწმეს, რადგან მათ არ გააჩნდათ კომუნალურ გადახდებზე აბონენტის ნომერი.

"აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად განხორციელდა ხელახალი გადაფასება. დეკემბრის თვეში ხარვეზი აღმოიფხვრა და მათ მიიღეს სამი თვის განაცდური, რომელიც შეადგენდა 2040 ლარს. ამას გარდა 2020 წლის იანვრის თვიდან შეუფერხებლად მიმდინარეობდა სოციალური გასაცემლებით უზრუნველყოფა", – განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 

სამინისტროს განმარტებით, ოჯახი ბაღდათში, თამარ მეფის N13 ნოემბერში, ყოფილი სტამბის შენობაში ცხოვრობდა, რომელიც ოჯახს ბაღდათის მერიამ გადასცა.

"ამ მისამართზე იღებდნენ სოციალურ დახმარებას. თუმცა მომხდარი ტრაგედიის დროს სხვა მისამართზე იმყოფებოდნენ", – წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა