მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაგები-მაღლივის საბაგირო მერიას გადაეცემა - თსუ-მ გადაწყვეტილება მიიღო

6050dfffd95f6
ანუკა ჯოხაძე
16.03.21 21:45
1628
ერთწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ  ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბაგები-მაღლივის საბაგიროს მიმღებ პუნქტს თბილისის სატრანსპორტო კომპანიას გადასცემს. შესაბამისი ინფორმაცია BM.GE-ის თსუ-დან მოაწოდეს. როგორც უნივერსიტეტში ამბობენ, თბილისის მერიასთან შესაბამის პირობებზე უნივერსიტეტში მსჯელობა დასრულდა, დადებითი პასუხი კი თბილისის მერიას უახლოეს მომავალში ეცნობება.

კონკრეტულ პირობებზე უნივერსიტეტში ამ ეტაპზე ვერ საუბრობენ.

ბაგები-მაღლივის საბაგიროსთან დაკავშირებით კითხვა დღეს თბილისის ვიცემერ ირაკლი ხმალაძესაც დავუსვით, რომელიც ამბობდა, რომ მერია მზადაა მას შემდეგ, რაც ბაგები-მაღლივის საბაგიროს მიმღები პუნქტი თბილისის სატრანსპორტო კომპანიას გადაეცემა, ის ექსპლუატაციაში ჩაუშვას.

“რა წამსაც გადმოგვეცემა საბაგირო, იმ წამიდან დავიწყებთ მის ექსპლუატაციას, ამის არანაირი პრობლემა არ გვაქვს. მე მგონია, რომ უბრალოდ თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტს გადმოცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად გარკვეული დრო ესაჭიროება, გადმოგვცემენ და ჩავრთავთ.” - აცხადებს ირაკლი ხმალაძე.

ცნობისთვის, ბაგები-მაღლივის საბაგიროს რეაბილიტაცია 2016 წლის სექტემბერში დაიწყო და 2017 წელს დასრულდა. სამუშაოებს შპს "საქსპეცტრანსი" ასრულებდა. რეაბილიტირებული საბაგიროს მეშვეობით "მაღლივი-ბაგების" მიმართულებით გადაადგილებას დაახლოებით 3 წუთი დასჭირდება, თუმცა საბაგირო ამ დრომდე ექსპლუატაციაში არ შესულა.

როგორც თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთი წლის წინ აცხადებდნენ, მიმდინარეობდა მოლაპარაკებები "საქსპეცტრანსის" ჩანაცვლებასთან დაკავშირებით, რომელსაც თბილისის სატრანსპორტო კომპანია ჩაანაცვლებდა. უნივერსიტეტში ამბობდნენ, რომ იმ შემთხვევაში თუ საბაგირო მუშაობას დაიწყებდა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტეტის სტუდენტები საბაგიროთი უფასოდ ისარგებლებდნენ.

რა პირობებით გადაეცა თბილისის მერიას საბაგირო და რა დამატებით ხარჯებთან იქნება დაკავშირებული ბაგები- მაღლივის დამაკავშირებელი საბაგიროს ექსპლუატაციაში შესვლა, ამ საკითხთან დაკავშირებით BM.GE ინფორმაციას თბილისის მერიისგან დამატებითი განმარტების მოსმენის შემდეგ მოგაწვდით.