მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაგები-მაღლივის საბაგიროს ამუშავების შემთხვევაში, სტუდენტები უფასოდ იმგზავრებენ

5e2065e6dc1ea
ანუკა ჯოხაძე
16.01.20 17:25
2482
ბაგები-მაღლივის საბაგიროს მიმღებ პუნქტს თსუ ნულოვანი იჯარით თბილისის სატრანსპორტო კომპანიას გადასცემს, რაზეც მოლაპარაკებები ამ ეტაპზე მიმდინარეობს. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განმარტავენ, მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი საბაგიროს ამუშავება.

"ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი მოლაპარაკებები სახელმწიფო უნივერსიტეტთან საბაგიროს მიმღები სადგურის გადმოცემასთან დაკავშირებით. როგორც კი ეს მოლაპარაკებები დასრულდება, ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი ამ საბაგიროს გაშვება", - აცხადებს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი შარკოვი.

ბაგები-მაღლივის საბაგიროს რეაბილიტაცია 2016 წლის სექტემბერში დაიწყო და 2017 წელს დასრულდა. სამუშაოებს შპს "საქსპეცტრანსი" ასრულებდა. რეაბილიტირებული საბაგიროს მეშვეობით "მაღლივი-ბაგების" მიმართულებით გადაადგილებას დაახლოებით 3 წუთი დასჭირდეა, თუმცა საბაგირო ამ დრომდე ექსპლუატაციაში არ შესულა.

როგორც თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში აცხადებენ, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს "საქსპეცტრანსის" ჩანაცვლებასთან დაკავშირებით, რომელსაც თბილისის სატრანსპორტო კომპანია ჩაანაცვლებს. უნივერსიტეტში ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ საბაგირო მუშაობას დაიწყებს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნიევრსიტეტეტის სტუდენტები საბაგიროთი უფასოდ ისარგებლებენ.

"როგორც ცნობილია, შპს "საქსპეცტრანსი" საბაგირო გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებდა, რისთვისაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი "საქსპეცტრანსს" უსასყიდლო იჯარის ფორმით გადასცა. ამ ეტაპზე თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიას შორის მოლაპარაკებები შპს "საქცპეცტრანსის" ჩანაცვლებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. უნივერსიტეტი მზადაა თანამშრომლობისთვის, რაზეც თანხმობა უკვე განაცხადა და მიესალმება საბაგირო გზის გახსნას, რაც სტუდენტებს ბაგების სტუდენტური საცხოვრებელი კომპლექსიდან მაღლივი კორპუსის მიმართულებით უსაფრთხო, უფასო გადაადგილების საშუალებას მისცემს", - აცხადებენ თსუ-ში.