მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბაგები-მაღლივის საბაგიროთი მგზავრობისას სტუდენტები შეღავათიანი ტარიფებით ისარგებლებენ“

6051d10d75a9c
ვიქტორია მღებრიშვილი
17.03.21 21:00
1037
ერთწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბაგები-მაღლივის საბაგიროს მიმღებ პუნქტს თბილისის სატრანსპორტო კომპანიას გადასცემს.

როგორც თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საბაგირო აპრილის ბოლოს ამოქმედდება და სტუდენტები მგზავრობისას შეღავათიანი ტარიფებით ისარგებლებენ.

„ვსაუბრობთ შეღავათიან ტარიფებზე, თუმცა მგზავრობას გარკვეული საფასური მაინც ექნება და თავის ხარჯებს ეს საბაგირო ამოიღებს“, - განაცხადა ხმალაძემ.

კითხვაზე რა პირობებზე მიმდინარეობს საუბარი თსუ-სთან, ირაკლი ხმალაძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელობა არ აქვს საიჯარო პირობებს და იმას, თუ რა თანხას ჩადებს მუნიციპალიტეტი საბაგიროს ამოქმედებისთვის.

"მუნიციპალური ტრანსპორტი განსაკუთრებით საბაგირო მოგებაზე ორიენტირებული საქმიანობა არ არის. ეს საჯარო მუნიციპალური სერვისია, რომელიც მოსახლეობას აუცილებლად სათანადო ხარისხით უნდა მივაწოდოთ. შესაბამისად, ეს პროექტი საჭიროების გამო განხორციელდა და აქ მნიშვნელობა არ აქვს რა ხარჯების გაწევა მოგვიწევს“, - განმარტა ვიცე-მერმა.

ცნობისთვის, ბაგები-მაღლივის საბაგიროს რეაბილიტაცია 2016 წლის სექტემბერში დაიწყო და 2017 წელს დასრულდა. სამუშაოებს შპს "საქსპეცტრანსი" ასრულებდა. რეაბილიტირებული საბაგიროს მეშვეობით "მაღლივი-ბაგების" მიმართულებით გადაადგილებას დაახლოებით 3 წუთი დასჭირდება, თუმცა საბაგირო ამ დრომდე ექსპლუატაციაში არ შესულა.