მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაკურიანი საერთაშორისო სპორტული ღონისძიების მასპინძლობის სტატუსს იბრუნებს - მაია ომიაძე

63f6f89554b5f
თელარა გელანტია
23.02.23 00:20
789
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსის მაია ომიაძის შეფასებით, ბაკურიანში ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებით კურორტი საერთაშორისო სპორტული ღონისძიების მასპინძლობის სტატუსს იბრუნებს.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა #წერტილში სტუმრობისას განაცხადა.

„ევროსპორტის“ კომენტატორს დავესესხები, რომელმაც თქვა, რომ თუ თქვენ ჯერ არ გაქვთ მონიშნული ბაკურიანი, საქართველო TOP-ქვეყნებში, რომლებიც უნდა მოინახულოთ, ამ ღონისძიების შემდეგ, ამ ქვეყანაზე უნდა დაკონცენტრირდეთო“, - თქვა მაია ომიაძემ და დასძინა, რომ ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე მიმდინარეობს.

რაც შეეხება პირდაპირ თუ არაპირდაპირ სარგებელს, რომელსაც ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობით მიიღებს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აქცენტი გააკეთა როგორც იმ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც შეიქმნა, ასევე, ცნობადობაზე, რომელსაც ბაკურიანს მსოფლიო ჩემპიონატი მოუტანს.

„ძალიან დიდი ძალისხმევა ჩაიდო, რათა უმაღლეს დონეზე გვემასპინძლა ჩემიონატისთვის. ჯამში, განხორციელდა 270 მლნ ლარის ინვესტირება - დიდველისა და მიტარბის არეალში აშენდა წყლის ორი ხელოვნური რეზერვუარი (ტბა, რომელიც აუცილებელია გათოვლიანების სისტემის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის. შეიქმნა 39 კმ-ნი ხელოვნური გათოვლიანების სისტემა. აშენდა სამი საბაგირო დიდველზე და 6 ახალი საშეჯიბრო ტრასა.

ეს ინფრასტრუქტურა, გარდა იმისა, რომ მოემსახურება ჩემპიონატს, მნიშვნელოვანია ტურიზმის მდგრადი განვითარებისთვის მომავალში, რათა ბაკურიანი მოემსახუროს როგორც ადგილობრივ ტურისტებს, ისე საერთაშორისო ვიზიტორებს“, - განაცხადა მაია ომიაძემ.