მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფერავზე სუბსიდირება არ იქნება, ვფიქრობთ, დაახლოებით შარშანდელი ფასი შენარჩუნდება - მეხუზლა

62fb5cf3c02b0
მარიამ ვარადაშვილი
16.08.22 17:02
1894
მთავრობა რთველს წელსაც დაასუბსიდირებს. პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რქაწითლისა და კახური მწვანის სუბსიდირებაზე ბიუჯეტიდან ჯამში 150 მლნ ლარი დაიხარჯება. შედეგად, ღარიბაშვილის მტკიცებით, კილოგრამი რქაწითელის ჯიშის ყურძნი 90 თეთრზე ნაკლები არ ეღირება.

მთავრობა სუბსიდირებას ექსპორტის კლების ხსნის, რაც მიმდინარე ომმა გამოიწვია, რადგან უკრაინა საქართველოში წარმოებული ღვინის რიგით მეორე საექსპორტო ქვეყანა იყო. საქსტატის თანახმად, მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველოდან 99.7 მლნ დოლარის ღირებულების ღვინოა ექსპორტირებული, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი გასულ წლის შესაბამის პერიოდში 104.2 მლნ დოლარი იყო. შესაბამისად, კლება 4.5 მლნ დოლარია, რაც დაახლოებით 4%-ს შეადგენს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან მეხუზლა BMG-თან აცხადებს, რომ მიმდინარე წლის ორ კვარტალში ღვინის ექსპორტი მნიშვნელოვნად არ არის შემცირებული, რის გამოც საფერავის ჯიშის ყურძნის სუბსიდირებაზე მთავრობამ უარი თქვა.

მეხუზლას განმარტებით, ექსპორტზე ძირითადად საფერავის ყურძნისგან წარმოებული ე.წ წითელი ღვინო გადის და რადგან ექსპორტის მნიშვნელოვანი კლება ამ კუთხით ჯერ არ ფიქსირდება, მის ფასს წელს ბაზარი განსაზღვრავს.

“ღვინის ექსპორტის მიმდინარე წლის ექვსი თვის მონაცემები რომ ნახოთ, მკვეთრი სხვაობა არ არის გასულ წელთან შედარებით. ბუნებრივია გარკვეული შემცირება არის, რას გამოწვეულია რუსეთ-უკრაინის ომით. ამას ემატება ომისგან გამოწვეული სხვადასხვა ლოჯისტიკური პრობლემა, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გადაზიდვების მხრივ მდგომარეობის შედარებით გაუარესება. საბოლოო ჯამში, სწორედ ამ მიზეზებით კვლავ თავი შევიკავეთ წითელი ყურძნის სუბსიდირებისგან.

ღვინის ექსპორტის 80%-ზე მეტი წითელ ღვინოზე მოდის და მთავარი საექსპორტო პროდუქტიც წითელი ღვინოა. მარტ-აპრილში ვფიქრობდით, რომ შესაძლოა წითელ ყურძენშიც [საფერავის ჯიშის ყურძენი] დაგვჭირვებოდა სუბსიდია, თუმცა ამ ეტაპზე სწორედ იმ მიზეზების გამო, რაც ვახსენეთ და ასევე, იმის გამო, რომ მიმდინარე ომის გამო ექსპორტის კლება შედარებით დაბალანსდა პოლონეთის, გერმანიის, აშშ-ს და ჩინეთის ხარჯზე, მისი სუბსიდირების საჭიროებას ვერ ვხედავთ.

მიმდინარე მონაცემებით, უკვე პოლონეთია ქართული ღვინის ნომერ მეორე საექსპორტო ქვეყანა და საკმაოდ კარგი ზრდა გვაქვს ამ მიმართულებით. ვფიქრობთ, წითელი ყურძნის კომპონენტზე დაახლოებით ისეთივე მოთხოვნა იქნება წელს, როგორიც შარშან იყო. ეს არის თავისუფალი ბაზარი. ზუსტად ფასის პროგნოზირება არასწორია. ფასის მკვეთ შემცირებას რომ ველოდეთ, წითელი ყურძნის სუბსიდირების საკითხსაც დავაყენებდით, მაგრამ ვფიქრობთ დაახლოებით შარშანდელი ფასები შენარჩუნდება”,-აცხადებს მეხუზლა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის განმარტებით, ომმა ყველაზე მეტად ბრენდის და საბრენდე სპირტის წარმოება დააზარალა და სწორედ ამიტომ გახდა საჭიროა რქაწითლის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება.

“მთავარი პროდუქტი, რომელზეც უკრაინის ბაზრის დაკეტვამ მოახდინა გავლენა და თეთრი ყურძნის სუბსიდირება აუცილებელი გახდა, ბრენდი და საბრენდე სპირტია. ამ პროდუქტის რეალიზაციაც სწორედ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ხდება. მათ შორის უკრაინა უდავოდ ლიდერობდა ამ კომპონენტში. თუ ღვინის ექსპორტში მეტნაკლებად სტაბილურობა შენარჩუნებულია, ბრენდის ექსპორტში მიმდინარე წლის 6 თვეში დაახლოებით 20%-იანი კლება გვაქვს წლიურად. კიდევ უფრო დიდია კლება - დაახლოებით 30%-ით საბრენდე სპირტის მიმართულებით. ეს არის ის ორი პროდუქტი, რაზეც ამ ომმა უშუალოდ მოახდინა გავლენა”,-ამბობს ლევან მეხუზლა.