მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბანკები და მისო-ები სებ-ში ბიზნეს სესხებს დააგირავებენ, სანაცვლოდ ლარის რესურსს მიიღებენ

5ebac1710da4b
შოთა ტყეშელაშვილი
12.05.20 19:40
1516
კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ახალი ტიპის ფინანსურ ტრანზაქციაში მონაწილეობის მიღების უფლება მიეცათ. ეს ეროვნულ ბანკში მათში არსებული ბიზნეს სესხების დაგირავების ოპერაციაა. მცირე და საშუალო ბიზნესზე გაცემული სესხების დაგირავების შედეგად, ბანკებსა და მისო-ებს ეროვნული ბანკიდან ლარის რესურსის აღების უფლება მიეცემათ.

სებ-ი ამ ოპერაციის შესრულებისთვის კომერციულ ბანკებს რეფინანსირების განაკვეთის ტოლფას საპროცენტო განაკვეთს დაადებს. შესაბამისად, ამ გზით ფინანსური სახსრების მოზიდვის ღირებულება იქნება იმდენივე, რაც რეფინანსირების სესხების ღირებულებაა.

ამასთანავე, ეროვნული ბანკი მისო-ებსა და კომერციულ ბანკებს კიდევ ერთი სახის ახალ ოპერაციას სთავაზობს, ეს სავალუტო სვოპია. ამ ოპერაციების ჯამური მოცულობა $400 მილიონი დოლარით (დღევანდელი ღირებულებით 1.284 მილიარდი ლარით) არის განსაზღვრული. სვოპ ოპერაციებიც ბიზნეს სესხების დაგირავების მსგავსია - კომერციული ბანკი მასში არსებულ დოლარის რესურსს დებს ეროვნულ ბანკში, სანაცვლოდ კი, ლარის რესურსს იღებს.

გადაცემა “საქმის კურსში”  ახალი ოპერაციების შესახებ ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა დავით უტიაშვილმა ისაუბრა. მისი განცხადებით, ორივე ღონისძიება მიმართულია, იქითკენ, რომ საფინანსო სისტემაში ლარის სათანადო მოცულობის რესურსი იყოს მობილიზებული.

უტიაშვილის თქმით, უკანასკნელ პერიოდში ლარზე მოთხოვნა საკმაოდ გაიზარდა, რაც სისტემაში საპროცენტო განაკვეთების გაზრდის საფრთხეს ქმნიდა. ამას დაემატა ისიც, რომ მთავრობა საკრედიტო საგარანტიო სქემის მეშვეობით 1 მილიარდზე მეტი მოცულობის ლარის საკრედიტო პორტფელის გარანტირებას გეგმავს, ეს კი ბაზარზე ლარის სესხებზე მოთხოვნას დამატებით ზრდის. ამიტომაც გაჩნდა საჭიროება, რომ ბიზნეს სესხების დაგირავების და სავალუტო სვოპების მეშვეობით, ბანკებისა და მისო-ებისთვის მიწოდებულიყო ლარის ლიკვიდური რესურსები.

დავით უტიაშვილი გადაცემა “საქმის კურსში”

“როგორც იცით, მარტში ბანკებმა მომხმარებლებს სასესხო პორტფელის მნიშვნელოვანი ნაწილი სამი თვით გადაუვადეს. შესაბამისად, მათი საპროცენტო შემოდინებები შემცირებულია.

ასევე, მთავრობამ განაცხადა რამდენიმე ინიციატივის თაობაზე, რომლითაც მოხდება ბიზნესების დახმარება. ეს ინიციატივები არის ლარში და ამან ბაზარზე შექმნა ასეთი განწყობა, რომ ლარის საჭიროება არის უფრო მეტი. იცით, რომ საპროცენტო განაკვეთებიც გაიზარდა დეპოზიტებზე, რაც ლარის სესხებზეც მოახდენდა მათი გაძვირების მიმართულებით გავლენას. შესაბამისად, ეს იყო მიზეზები, რის გამოც, ეს აქტივობა განვახორციელეთ.

აღნიშნული ინსტრუმენტი საკმაოდ მარტივია. ბანკებსა და მისო-ებს მოაქვთ ეროვნულ ბანკში დოლარის რესურსი და მიაქვთ სებ-იდან ლარის რესურსი. ლიმიტი კომერციული ბანკებისთვის დადგენილია 200 მილიონი დოლარის მოცულობით. ასევე, მიკროსაფინანსოებისთვის ცალკე 200 მილიონი დოლარის ოდენობით. თავად კომერციულ ბანკებში განსაზღვრულია, რომ ერთ ბანკს არ შეიძლება ჰქონდეს ამ 200 მილიონ დოლარში 25%-ზე მეტი წილი, რათა აღნიშნული თანხა, მცირე ბანკებზეც გადანაწილდეს.

პლიუს ამას, ბანკებს შეუძლიათ, რომ ჩვენთან კიდევ უფრო მეტი მოცულობის დოლარის რესურსი მოიტანონ და წაიღონ ლარი, თუმცა ამისთვის მათ უფრო საჯარიმო (მაღალი) საპროცენტო განაკვეთით შეუძლიათ რომ გადაიხადონ.

რაც შეეხება, ბიზნეს სესხების დაგირავებას, მცირე და საშუალო ბიზნესზე გაცემულ ლარის სესხებს დავაგირავებთ ჩვენთან. კომერციული ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები რეფინანსირების განაკვეთით წაიღებენ ამ ლარის რესურსს.

მთავრობას აქვს ინიციატივა, რომ გარანტია შესთავაზოს ბიზნესს ლარის სესხებზე, ეს გავრცელდება 1-დან 2 მილიარდი ლარის პორტფელზე და ჩვენ გვინდა, რომ ამ პორტფელზე, ასევე, ხელი შევუწყოთ დაბალ საპროცენტო განაკვეთს და ამისთვის დავაგირავებთ ამ პორტფელს, ისევე როგორც დანარჩენ პორტფელს, რომელზეც მთავრობის გარანტია არ გავრცელდება. ამ თვალსაზრისით შეუზღუდავ ლიკვიდობას მივაწვდით ამ ნაწილში,” - განაცხადა დავით უტიაშვილმა “საქმის კურსის” ეთერში.