მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბანკები და სალიზინგო კომპანიები თავს არიდებენ ამ დარგის დაფინანსებას - Easy Charter-ის დირექტორი

617fec40a9b9d
მარიამ ვარადაშვილი
03.11.21 10:15
576
Easy Charter-ის დირექტორი რატი ძერია სატვირთო ავიაციის ერთ-ერთი გამოწვევად ფინანსებზე ხელმისაწვდომობას ასახელებს. როგორც მან BMG-ის უთხრა, ყველაზე დიდი პრობლემა სესხის აღებაა, რადგან საფინანსო ინსტიტუტები თვითმფრინავს უზრუნველყოფაში არ იღებენ. პრობლემის ერთ-ერთ მიზეზად ძერია საავიაციო სექტორის მიმართულებით ცოდნის ნაკლებობას ასახელებს.

"ძალიან დიდ გამოწვევად რჩება ფინანსებთან ხელმისაწვდომობა. სამწუხაროდ, პრაქტიკისა და შესაბამისად გამოცდილების არარსებობის გამო ქართული ფინანსური ინსტიტუტები როგორც ბანკები, ასევე სალიზინგო კომპანიები ყველანაირად არიდებენ თავს ამ დარგის დაფინანსებას. ავიაცია არ არის იაფი პროდუქტი. დღევანდელი საფინანსო ინსტიტუტები უზრუნველყოფის ერთადერთ წყაროდ მხოლოდ უძრავ ქონება განიხილავენ. მათთვის წარმოუდგენელია თვითმფრინავის, როგორც უზრუნველყოფის საშუალების განხილვა. ეს ძალიან გვაფერხებს და, რა თქმა უნდა, ეს დიდ გამოწვევად რჩება ჩვენი დარგის გავითარებისთვის", - აცხადებს რატი ძერია.

როგორც ის გვეუბნება, როგორც წესი, სატვირთო თვითმფრინავები მეორადია და ამის გამოც უჭირთ ბანკების დარწმუნება იმაში, რომ მაგალითად, 15 წლის თვითმფრინავი ძველი არ არის.

“როგორც წესი, ახალი თვითმფრინავი სამგზავროა და როცა ძველდება, მისი სატვირთოდ  გადაკეთება ხდება. მივედით იმ აბსურდამდე, როდესაც ერთ-ერთმა ძალიან დიდმა ბანკმა ასეთი კითხვაც კი დასვა - თქვენ რომ აფრიკაში წახვიდეთ და იქ თვითმფრინავი გაყიდოთ, მე რა ვქნა?! თვითმფრინავის გაყიდვა ან ჩუქება ასე მარტივი არ არის. ანუ უზრუნველყოფაში არ იღებენ თვითმფრინავს ანუ უზრუნველყოფის საგნად უძრავ ქონებას განიხილავენ. წარმოიდგინეთ 15 მლნ-სთვის მინიმუმ 30 მლნ დოლარის უძრავი ქონება სჭირდება; როცა ვეუბნებით, რომ ჰონკონგიდან ბარსელონაში უნდა იფრინოს ამ თვითმფრინავმა [დღევანდელი ბაზარი რაც გვაქვს] გული უსკდებათ როგორ ვაკონტროლოთ სად არის თვითმფრინავი და რომ გაიქცეთ, მერე მე რა ვქნაო", - ამბობს Easy Charter-ის დირექტორი.

სატვირთო ავიაკომპანია EASY Charter-მა ქართულ საავიაციო ბაზარზე ოპერირება 2020 წელს დაიწყო.