07.დეკემბერი .2022 21:56

„ბანკების მოგება არ უნდა გვწყინდეს...ანტისაბანკო რიტორიკა ძალიან ცუდია“ - გოცირიძე

„ბანკების მოგება არ უნდა გვწყინდეს...ანტისაბანკო რიტორიკა ძალიან ცუდია“ - გოცირიძე
views 743
უკან

პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე საფინანსო სექტორისთვის მოგების გადასახადის 20%-მდე გაზრდის წინააღმდეგია. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის შეფასებით, აღნიშნული წინააღმდეგობაში მოდის ეკონომიკური თავისუფლების აქტთანაც, რომლის თანახმად, მთავრობას გადასახადების რეფერენდუმის გარეშე გაზრდის უფლება არ აქვს.

დეპუტატი BMG-სთან ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც პარლამენტში საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი შევა და დოკუმენტს დეტალურად გაეცნობიან, არაა გამორიცხული, რომ საკონსტიტუციო სარჩელი მოამზადონ.

„მთავრობის წევრების განმარტება იმის თაობაზე, რომ ვინაიდან დივიდენდის 5%-იანი გადასახადი ნულდება, მოგების გადასახადის 15%-დან 20%-მდე გაზრდა ვერ ჩაითვლება საგადასახადო ტვირთის და ზოგადად, მოგების გადასახადის ზრდად, დემაგოგიურია.

ფაქტია, მოგების გადასახადი იყო 15% და ხდება 20%. ამის გაკეთების უფლება კი, მთავრობას რეფერენდუმის გარეშე არ აქვს. თუ ამას გააკეთებს, ჩვენ მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რადგან ეს გადაწყვეტილება იქნება ანტიკონსტიტუციური. საქართველოს კონსტიტუციით კი, მთავრობას მხოლოდ გადასახადის შემცირების ან გაუქმების უფლება აქვს“, - ამბობს დეპუტატი.

რომან გოცირიძის შეფასებითვე, ხელისუფლების გათვლაა, ანტისაბანკო ისტერიით მოსახლეობის გული მოიგოს.
„მთელს მსოფლიოში ბანკებზე მზე და მთვარე არავის ამოსდის, მაგრამ უპასუხისმგებლო და დამნაშავეა ის ხელისუფლება, რომელიც რისკავს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობით და საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებს ასეთ დემაგოგიურ ქმედებებს და რეალურად, ძირს უთხრის საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს.

მხოლოდ ბანკებისთვის მოგების გადასახადის 20%-მდე გაზრდა ანუ სხვადასხვა სექტორისთვის დიფერენცირებული გადასახადის დაწესება არის დაბრუნება საბჭოთა პერიოდში; ერთი მოჭრილი გადასახადი იყო მოგების - 15% და ეს იყო კონკურენციის და ბიზნესის თანაბარ პირობებში ჩაყენების მთავარი მექანიზმი. ახლა რა გამოდის, რომ თურმე ვიღაც პრემიერ-მინისტრმა იცის, რომელ დარგში რამდენია რენტაბელობა...

ანტისაბანკო რიტორიკა არის ძალიან ცუდი, მავნებლური. ბანკების მოგების ზრდა, კი არ უნდა გვწყინდეს, არამედ კატასტროფა იქნება, რომ ბანკებს მოგება არ ჰქონდეს და არა მარტო ბანკებისთვის იქნება ეს კატასტროფა, არამედ მთელი ქვეყნისთვის, მთელი საფინანსო სისტემა ჩამოიშლება; არ არსებობს იმაზე მძიმე კრიზისის ფორმა, როგორიცაა საფინანსო კრიზისი, ამიტომ ნუ ეთამაშებიან ამ პოპულისტურ თემებს“, - აღნიშნა bm.ge-სთან რომან გოცირიძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა