მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბანკების რეგულირების წესებში ცვლილებები იგეგმება - სებ-ი კანონპროექტს აქვეყნებს

61b9df382901f
შოთა ტყეშელაშვილი
15.12.21 21:14
850
საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების რეგულირების წესებში ცვლილებების შეტანას გეგმავს. სებ-მა დღეს საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც ბანკების ლიცენზირების, ასევე აქციონერთა და ადმინისტრატორთა შესაფერისობის მოთხოვნების შეცვლას ითვალისწინებს. სებ-ის ინფორმაციით, ცვლილებები 2022 წლისთვის უნდა ამოქმედდეს და მის შედეგად ქართული კანონმდებლობა ევროკავშირში არსებულ მოთხოვნებს დაუახლოვდება. 

"ცვლილების პროექტი კომერციული ბანკის ლიცენზირების, აქციონერთა და ადმინისტრატორთა შესაფერისობის მოთხოვნების დახვეწას ითვალისწინებს. ცვლილებები ეფუძნება ევროკავშირში მოქმედ საკრედიტო ინსტიტუტების საქმიანობისა და პრუდენციული რეგულირების შესახებ დირექტივას (CRD), რომელთან დაახლოებაც ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების შეთანხმებით არის განსაზღვრული.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკი ადმინისტრატორთა და აქციონერთა შესაფერისობის კრიტერიუმების ჩარჩოს დამტკიცებასა და ლიცენზირების ჩარჩოს დახვეწას 2020 წლის დასაწყისში გეგმავდა, თუმცა, კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის გამოწვევებზე საპასუხოდ ახალი საზედამხედველო მოთხოვნების შემუშავებასა და დაწესებაზე ეროვნულმა ბანკმა დროებითი მორატორიუმი გამოაცხადა, რაც, ასევე, ზემოაღნიშნულ რეგულაციებსაც შეეხო და, ამდენად, მათი დამტკიცების საკითხი გადავადდა.

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა დირექტივით განსაზღვრულ ძირითად მოთხოვნებს ითვალისწინებს, თუმცა, ცვლილების შედეგად, კანონი დირექტივასა და ევროპის საბანკო უწყების (European Banking Authority) მიერ განსაზღვრულ სტანდარტებთან სრული შესაბამისობაში იქნება. ეს კი თავის მხრივ, მოთხოვნების დახვეწასა და შეფასების პროცესში მეტ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცების შემდგომ, ეროვნული ბანკი, კომერციული ბანკის ადმინისტრატორთა შესაფერისობისა და ლიცენზირების განახლებული წესების, ხოლო აქციონერთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ ახალი დებულების დამტკიცებას გეგმავს," - ნათქვამია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე. 

კანონპროექტი, ჯერჯერობით, პარლამენტში წარდგენილი არაა. საკანონმდებლო უწყებაში გაგზავნამდე, სებ-ი საკითხზე კომერციული ბანკების და დაინტერესებული პირების მოსაზრებების გაცნობას გეგმავს. სებ-ის თანახმად, საკანონმდებლო ინიციატივაზე შენიშვნების მიღების ვადა 24 დეკემბერამდე იქნება დადგენილი.