მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბანკების შემოსავალი ფიზიკური პირების სესხებიდან 107 მილიონით შემცირდა

5fe3044e6a6f3
შოთა ტყეშელაშვილი
23.12.20 12:51
995
2020 წლის 11 თვეში ქართული ბანკების შემოსავალი ფიზიკური პირების სესხებიდან 107 მილიონი ლარით შემცირდა და მან 1.85 მილიარდი ლარი შეადგინა.

არსებული მდგომარეობით, ფიზიკური პირების სესხების პორტფელი 18.6 მილიარდი ლარია, რაც მთლიანად საბანკო სესხების 51%-ია. ეროვნული ბანკის მონაცემებით, კომერციულ ბანკებსა და ფიზიკურ პირებს შორის 3 მილიონი სასესხო ხელშეკრულება არის მოქმედი. მათგან 1.3 მილიონი სესხი სამომხმარებლო სესხია, 112 ათასი - იპოთეკური; 251 ათასი ბიზნესის განვითარებისთვის აღებული სესხი; 202 ათასი სალომბარდე სესხი 1.2 მილიონი კი სხვა დანიშნულებებისთვის აღებული სესხებია.

საშუალო განაკვეთი ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებისთვის 12.34%-ს შეადგენს, იურიდიული პირების სესხების საშუალო განაკვეთი კი 6.62%-ია. განაკვეთებს შორის სხვაობას, პირველ რიგში, ამ სესხების განსხვავებული რისკიანობა და სავალუტო შემადგენლობა განაპირობებს.

COVID-19-ის კრიზისის გამო, ფიზიკურმა პირებმა რამდენიმე თვის განმავლობაში სესხების მომსახურების შეღავათებით ისარგებლეს, მაღალი ალბათობით, ეს შემცირება სწორედ ამ შეღავათების განხორციელებას უკავშირდება. ამას გარდა, კიდევ ერთი ფაქტორი, რაც ფიზიკური პირების სესხების შემოსავლების კლებას განაპირობებს, ამ მიმართულებით ვადაგადაცილების მზარდი ტენდენციაა.

პირველი ნოემბრისთვის ვადაგადაცილებული სესხების პორტფელმა 570 მილიონ ლარს მიაღწია, რაც წინა თვესთან შედარებით 48 მილიონი ლარით მეტია. ამ ზრდის მიუხედავად, საბანკო სექტორში ვადაგადაცილებების მაჩვენებელი მაინც დაბალ ნიშნულზე, 1.54%-ზე ნარჩუნდება, თუმცა ეროვნული ბანკის პროგნოზით, ვადაგადაცილებების მოცულობა მომდევნო თვეების განმავლობაში საგრძნობლად გაიზრდება.