კობა გვენეტაძის ბრძანება 2 ოქტომბრით თარიღდება და მის შედეგად მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა 17 ოქტომბრიდან შემცირდება.
კობა გვენეტაძის ბრძანება:
“ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნების 5%-ით შემცირების შესახებ. ამავე დროს, გარკვეულწილად უხოური ვალუტის ლიკვიდობის მიმართულებით, შეღავათი მიეცემათ კომერციულ ბანკებს.
ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით, 700 მილიონი დოლარის დამატებითი რესურსი, უცხოური ვალუტის რესურსი იქნება შესაძლებელი, რომ გასცენ კომერციულმა ბანკებმა სესხებად. ეს ამავდროულად ნიშნავს, რომ საპროცენტო განაკვეთი უცხოური ვალუტის სესხებზე შემცირდება. ამ ღონისძიებებმა ხელი უნდა შეუწყონ გაცვლითი კურსის დინამიკის შეცვლას და გაცვლითი კურსის დასტაბილურებას", - პროექტის წარდგენისას თქვა კობა გვენეტაძემ.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კი, 3 ოქტომებრს განაცხადა, რომ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის შემცირების გადაწყვეტილება მთავრობის მიერ არის მხარდაჭერილი.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 13 მარტს სებ-მა უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის 30%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ლარის სარეზერვო მოთხოვნა კი უცვლელად, 5%-ზე დატოვა.
რა არის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა?
თქვენ მიერ ბანკში შეტანილი დეპოზიტის გარკვეული ნაწილი არა უშუალოდ ამ ბანკში, არამედ საქართველოს ეროვნულ ბანკში ინახება. ბანკებს ლიცენზიის შესანარჩუნებლად მთლიანი დეპოზიტების გარკვეული ნაწილი ეროვნულ ბანკში უნდა ჰქონდეთ განთავსებული.
მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის გაზრდა/შემცირებით ეროვნულ ბანკს ქვეყანაში სესხების განაკვეთზე გავლენის მოხდენა შეუძლია; როდესაც სარეზერვო მოთხოვნა იზრდება, ბანკს კაპიტალის მოზიდვა უძვირდება, რაც თავის მხრივ სესხის განაკვეთის ზრდაში აისახება.
სარეზერვო მოთხოვნის შემცირებით კი, კომერციულ ბანკებს დამატებითი რესურსები უთავისუფლდებათ სესხების გასაცემად, შედეგად უცხოურ ვალუტაში განაკვეთები მცირდება ქვეყანაში დაკრედიტების დონე კი, იზრდება.