მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბანკებისთვის უცხოური ვალუტის სარეზერვო მოთხოვნა შეიძლება 40%-მდეც გაიზარდოს

627d1b02b6d95
შოთა ტყეშელაშვილი
12.05.22 19:00
1516
საქართველოში მოქმედი ბანკებისთვის უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა შესაძლოა გაიზარდოს. ამის შესახებ გადაცემა “საქმის კურსის” ეთერში ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა შალვა მხატრიშვილმა განაცხადა.

ამჟამად, მაქსიმალური სარეზერვო განაკვეთი 25%-ია. შალვა მხატრიშვილის თქმით, სებ-ი ამ მაჩვენებლის 30-40%-მდე გაზრდას განიხილავს.

კომერციული ბანკებისთვის 2021 წლიდან სავალუტო სახსრების დარეზერვების ახალი წესი ამოქმედდა. კერძოდ, სარეზერვო მოთხოვნა 10%-დან 25%-მდეა და თითოეული ბანკისთვის ის ამ ბანკის დეპოზიტების დოლარიზაციაზეა დამოკიდებული.

შალვა მხატრიშვილის განცხადებით, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის ზრდა ქვეყანაში სავალუტო კრედიტების ზრდის ტემპის შემცირებას ისახავს მიზნად.

“ეროვნულმა ბანკმა დაანონსა ცვლილება უცხოური ვალუტით მოზიდულ სარეზერვო სახსრებში. ეს ეხება დარიცხვის ნორმის მოცულობას. თუკი სავალუტო დაკრედიტება გაგრძელდება ასეთ მაღალ დონეზე, მაშინ შესაძლოა, სარეზერვო მოთხოვნების ზრდის გადაწყვეტილებაც მიიღოს.

შარშან შეიცვალა სარეზერვო მოთხოვნების სქემა, აქამდე იყო 25% ყველა ბანკისთვის. მას შემდეგ შეიცვალა და ყველა ბანკისთვის და სარეზერვო მოთხოვნა დამოკიდებულია ბანკების დეპოზიტების დოლარიზაციის დონეზე დამოკიდებული. ვისაც დაბალი აქვს დოლარიზაცია, მისი სარეზერვო მოთხოვნაც შესაბამისად დაბალია. დიაპაზონი საიდანაც მოთხოვნა მოძრაობს, არის 10%-დან 25%-მდე. ამ 25%-იანი ზედა ზღვრის გარკვეული ზრდა შეიძლება მოხდეს. ეს შეიძლება იყოს 30-40%-მდე. ეს დამოკიდებულია იმაზე, სავალუტო სესხები რა ტემპით გააგრძელებს ზრდას და იმ ზომების შედეგად, რაც ეროვნულმა ბანკმა მიიღო, რამდენად შენელდება სავალუტო სესხების ზრდა.

ბოლო მონაცემებით, 14%-მდე არის ზრდის ტემპი, რაც საკმაოდ მაღალია იმ ფონზე, რომ ისედაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დოლარიზაცია გვაქვს. ეს კი საკმაოდ სერიოზული პრობლემაა როგორც მონეტარული პოლიტიკის, ასევე ფინანსური სტაბილურობის კუთხით.

დოლარიზაციის შემცირება არის ერთ-ერთი მთავრი ამოცანა, რასაც ხაზს უსვამენ სავალუტო ფონდი, ინსტიტუციური ინვესტორები თუ სარეიტინგო სააგენტოები.

თუკი ჯამურად დაკრედიტების ზრდის ტემპი, ნომინალური მშპ-ის ზრდასთან ერთად უნდა იზრდებოდეს 10-15%-ით, ამაზე მნიშვნელოვნად დაბალი უნდა იყოს უცხოური ვალუტის სესხების ზრდა, რათა დოლარიზაციის წილმა კლება აჩვენოს", - განაცხადა შალვა მხატრიშვილმა

რა არის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა და რა გავლენა აქვს მას კრედიტების საპროცენტო განაკვეთზე?

თქვენ მიერ ბანკში შეტანილი დეპოზიტის გარკვეული ნაწილი არა უშუალოდ ამ ბანკში, არამედ საქართველოს ეროვნულ ბანკში ინახება. ბანკებს ლიცენზიის შესანარჩუნებლად მთლიანი დეპოზიტების გარკვეული ნაწილი ეროვნულ ბანკში უნდა ჰქონდეთ განთავსებული.

მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის გაზრდა/შემცირებით ეროვნულ ბანკს ქვეყანაში სესხების განაკვეთზე გავლენის მოხდენა შეუძლია; როდესაც სარეზერვო მოთხოვნა იზრდება, ბანკს კაპიტალის მოზიდვა უძვირდება, რაც თავის მხრივ სესხის განაკვეთის ზრდაში აისახება. ეს შემდგომში დაკრედიტების შემცირებას იწვევს. სარეზერვო მოთხოვნის შემცირებით კი, კომერციულ ბანკებს დამატებითი რესურსები უთავისუფლდებათ სესხების გასაცემად, შედეგად განაკვეთები მცირდება ქვეყანაში დაკრედიტების დონე კი, იზრდება.

შესაბამისად, სარეზერვო მოთხოვნის ზრდით საპროცენტო განაკვეთების ზრდის შემთხვევაში სესხის მიღების მსურველისთვის უცხოური ვალუტის სესხი ძვირდება, რაც ბაზარზე ლარის სესხის კონკურენტუნარიანობას ზრდის.