მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბანკებს ეკონომიკა 43 მილიარდით აქვთ დაკრედიტებული - რამდენი მლრდ-ის სესხი გაიცა დეკემბერში?

61f00181982cc
შოთა ტყეშელაშვილი
25.01.22 18:50
566
გამოქვეყნდა 2021 წლის დეკემბრის საბანკო სექტორის ანგარიში. ეროვნული ბანკის სტატისტიკიდან ირკვევა, რომ დეკემბერში საქართველოში მოქმედი ბანკების მთლიანი საკრედიტო პორტფელი 1.63 მილიარდი ლარით გაიზარდა, რის შედეგადაც მთლიანად სესხებმა 43 მილიარდ ლარს მიაღწია. 

სავალუტო სესხების მოცულობა დეკემბერში 941 მილიონი ლარით გაიზარდა, ლარის სესხების მატებამ კი 685.8 მილიონი ლარი შეადგინა. 

"რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2021 წლის დეკემბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 6.92 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 5.29%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 13.69 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 4.66%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 4.21%-ით მეტი).

2021 წლის დეკემბრის განმავლობაში 3.10%-ით, ანუ 646.57 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის 21.52 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 49.16 პროცენტი შეადგინა, 2021 წლის პირველი დეკემბრის მდგომარეობასთან შედარებით, შემცირდა 0.28 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, შემცირდა 0.17 პროცენტული პუნქტით),"- ნათქვამია სებ-ის ანგარიშში. 

სესხებთან ერთად გაზრდილია დეპოზიტების მოცულობაც. სებ-ის თანახმად, 2022 წლის 1 იანვრისთვის ქართულ ბანკებში 37.2 მილიარდის დეპოზიტები იყო განთავსებული, რაც წინა თვესთან შედარებით 1.42 მილიარდი ლარით მეტია. 

მთლიანობაში ქართული ბანკების აქტივები მიმდინარე წლის 1 იანვრის მდგომარეობით 60.57 მილიარდი ლარი გახდა, მატებამ დეკემბრის თვეში 1.04 მილიარდი ლარი შეადგინა.