მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბანკებს იპოთეკით დაცული ობლიგაციების გამოშვება შეეძლებათ - პარლამენტი კანონის მიღებას გეგმავს

6321d920aa8a8
შოთა ტყეშელაშვილი
14.09.22 18:11
759
საქართველოში მოქმედ ბანკებს სულ 9 მილიარდი ლარის მოცულობის იპოთეკური კრედიტები აქვთ გაცემული. მთავრობის მიერ მომზადებული  კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ბანკებს ამ სასესხო პორტფელიდან ახალი ფინანსური ინსტრუმენტის - "იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციების" შექმნა შეეძლებათ. ეს ნიშნავს, რომ ბანკები მათში არსებული 139,000-ზე მეტი იპოთეკური კრედიტიდან შეძლებენ თავად ამ სესხების ნაწილი ჩადონ უზრუნველყოფაში და მის სანაცვლოდ გამოუშვან ახალი ობლიგაციები. შედეგად, ქართულ ბანკებს საკუთარი საქმიანობისთვის დამატებითი ფინანსური რესურსის მოზიდვის შესაძლებლობა გაუჩნდებათ.

დღეს კანონპროექტს მხარი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დაუჭირა, რის შემდეგაც, დოკუმენტი დასამტკიცებლად პლენარულ სხდომაზე გავა. ინიციატივა სხდომაზე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლოზ გაგუამ წარადგინა, მისი თქმით, იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციების მარეგულირებელი ეროვნული ბანკი იქნება. 

„კანონის მიღება აგრეთვე აუცილებელია, რათა შეიქმნას სპეციალური ჩარჩო იპოთეკური ობლიგაციების საჯარო ზედამხედველობისათვის, რაც აგრეთვე წარმოადგენს საერთაშორისო პრაქტიკითა და ევროკავშირის დირექტივით აღიარებულ სტანდარტს. განსხვავებით სხვა კომერციული ფასიანი ქაღალდებისგან, იპოთეკური ობლიგაციების ემიტენტები ექვემდებარებიან შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს სპეციალურ ზედამხედველობას, რომლის განხორციელებასთან დაკავშირებული ძირითადი ასპექტებიც სწორედ საკანონმდებლო აქტით უნდა იქნეს გაწერილი“,- განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

ახალი კანონის მიღების შემდეგ, ბანკს შეეძლება გამოუშვას 100 მილიონი ლარის იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაცია, რომელიც შესაბამისი იპოთეკებით იქნება გამყარებული. შესაბამისად, ამ ობლიგაციის მომსახურების უკან იდგება პირობითად 2000-3000 მომხმარებლის მიერ აღებული იპოთეკური სესხი. 

ეროვნული ბანკის მოლოდინით, რამდენიმე წელში ამ ფასიანი ქაღალდების ბაზარი 2 მილიარდ ლარს მიაღწევს.