29.ნოემბერი .2021 11:45

ბანკებს უცხოურ სათამაშო კომპანიებში თანხის გადარიცხვა აეკრძალებათ - ფინანსთა მინისტრი

ბანკებს უცხოურ სათამაშო კომპანიებში თანხის გადარიცხვა აეკრძალებათ - ფინანსთა მინისტრი
views 5939
უკან

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა დღეს მთავრობის სხოდმაზე აზარტული თამაშების რეგულირების ახალი მოდელი წარადგინა. მისი თქმით, საქართველოში დაგეგმილი გამკაცრებული რეგულაციების პარალელურად, მკაცრდება კონტროლი უცხოურ სათამაშო ვებვერდებზე და საქართველოში რეგისტრირებულ საგადასახდო ბარათების პროვაიდერებს, ეკრძალებათ თანხების გადარიცხვა იმ ანგარიშებზე, რომლებიც ასოცირებულია უცხოური აზარტული თამაშების სისტემებთან. 

ახალი რეგულაციების შედეგად, ქვეყანაში სათამაშო ასაკი 25 წლამდე იზრდება, ასევე საჯარო მოხელეებს თამაშების უფლება შეეზღუდებათ, ხოლო სოცდაუცველები კი აზარტული თამაშების სისტემებში ვეღარ დარეგისტრირდებიან და ვეღარ ითამაშებენ. ასევე იკრძალება თანხის ერთი პირიდან მეორე პირზე გადარიცხვის შესაძლებლობაც. 

ფინანსთა მინისტრის თქმით, მთლიანობაში აკრძალვა 1 მილიონამდე მოქალაქეზე იმოქმედებს, რამაც აზარტული თამაშების ბრუნვა უნდა შეამციროს. ბიუჯეტისთვის ამ შემცირების დასაბალანსებლად, მკვეთრად იზრდება სექტორისთვის დაწესებული გადასახადები, რომელთა შედეგადაც, ბიუჯეტმა მომავალშიც დაახლოებით იმდენი გადასახადი (300-400 მლნ ლარი) უნდა მიიღოს, რასაც დღეს იღებს. 

აზარტული თამაშების რეგულირების ახალი მოდელი ასეთია:

"ონლაინ-სათამაშო ბიზნესისთვის სრულად იცვლება დაბეგვრის წესი, კერძოდ განაწილებული მოგების გადასახადის ნაცვლად დაიბეგრება GGR, რაც არის მიღებულ ფსონსა და გაცემულ თანხას შორის სხვაობა, 10%-იანი გადასახადით და მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის მიღებული პრაქტიკა მთელ მსოფლიოში ამ ბიზნესის დაბეგვრის. გარდა ამისა, გაცემული მოგებები თანხის გატანისას დაიბეგრება 2%-იანი საშემოსავლო გადასახადით.

ჯამურად, 60-65%-ით გაიზრდება საგადასახადო დასაბეგრი ბაზა აღნიშნული სექტორისთვის.

მთლიანობაში ამ ცვლილებების ფონზე, იმ დამატებით ცვლილებებთან ერთად, რაც წარმოდგენილია, მათ ნეიტრალური ეფექტი ექნება სახელმწიფო ბიუჯეტზე.

ეს რეგულაციები მოიცავს ერთიანი ასაკობრივი ზღვრის შემოღებას, რომელიც არის 25 წელი და ეს გავრცელდება, როგორც ონლაინ სათამაშო ოპერატორებზე, ასევე ხმელეთის სათამაშო ოპერატორებზე. ასაკობრივი ზღვარი არ შეეხება უცხოეთის მოქალაქეებს.

განისაზღვრება პირთა წრე, რომელთაც შეზღუდული ექნება სათამაშო ბიზნესში მონაწილეობა, რის ადმინისტრირებასაც განახორციელებს შემოსავლების სამსახური, კერძოდ, პირებს, რომლებიც დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან, საჯარო მოხელეებს, პირებს, რომლებიც მიმართავენ შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მიზნით, ასევე გათვალისწინებულია აკრძალვა სასამართლო გადაწყვეტილებით. ჯამში 1 მილიონამდე სრულწლოვან მოქალაქეს შეეზღუდება თამაშები.

გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს კონტროლის მექანიზმების შემოღებას, რასაც შემოსავლების სამსახური განახორციელებს. საუბარია რეგისტრაციის, თანხის შეტანის და გამოტანის წესების გამკაცრებაზე, ერთი მოთამაშიდან მეორე მოთამაშეზე თანხის გადარიცხვა შეიზღუდება.

რეკლამის ნაწილში შეიზღუდება სრულად გარე და სატელევიზიო რეკლამა, ასევე ქართულ ვებ-გვერდებზე რეკლამის განთავსება. სათამაშო ბიზნესის ოპერატორებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულებების გაფორმება, რაც მიღებული პრაქტიკაა მთელ მსოფლიოში.

ბოლო ნაწილი ეხება უცხოეთში თანხის გადარიცხვის შეზღუდვას, საგადასახდო მომსახურების პროვაიდერებს დაეკისრებათ ვალდებულება არ დაუშვან მათ მიერ გამოშვებული საგადასახდო ბარათებით უცხო ქვეყნის სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი ფირმის სასარგებლოდ განხორციელდეს გადახდების განხორციელება, რაც ასევე არის შეზღუდვის მექანიზმი, რათა ეფექტიანად მოხდეს ამის განხორციელება", - აცხადებს ლაშა ხუციშვილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა