მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბანკებთან ერთად, მიკროსაფინანსოები, სესხის გამცემი სუბიექტები და სავალუტო ჯიხურებიც მუშაობენ

5e74b1f45bb32
BM.GE
20.03.20 16:00
1678
კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის შეზღუდვის მიზნით, საფინანსო სექტორის სერვისების მუშაობის შესახებ დამატებით ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ გუშინ იმ სავაჭრო ობიექტების ნუსხა გაავრცელა, რომელთაც მიმდინარე პერიოდში მუშაობის უფლება ექნებათ, დღეს სებ–ი ამ ჩამონათვალს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს (მისო), სესხის გამცემ სუბიექტებსა (სგს) და ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებს ამატებს. 

"ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მასშტაბის შეზღუდვის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან ქვეყნის მასშტაბით მუშაობას წყვეტს ყველა დიდი სავაჭრო ობიექტი და ფუნქციონირებას განაგრძობს მხოლოდ სასურსათო მაღაზიები, სააფთიაქო, ბენზინგასამართი ქსელები, საფოსტო გზავნილების ქსელი, ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები (მისო), სესხის გამცემი სუბიექტები (სგს) და ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები. 

ამ შეზღუდვის პირობებში, საფინანსო სექტორი განაგრძობს სერვისების სრული სპექტრის მიწოდებას. მათ შორის, ნაღდი ფულის უწყვეტ მიწოდებას, ანგარიშსწორებას, სასესხო და სადეპოზიტო მომსახურებას. შეუფერხებლად იმუშავებენ გადახდის აპარატები და ბანკომატები. ეს სერვისები არ შეიზღუდება არც იმ შემთხვევაში, თუკი აუცილებელი გახდება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება.

საქართველოში საფინანსო სექტორი მომზადებული ხვდება გამოწვევებს. მათ შორის, გვაქვს კარგად განვითარებული დისტანციური მომსახურების სერვისები.

მოვუწოდებთ მოსახლეობას, იმისათვის რომ ქვეყანამ ეფექტიანად შეძლოს ვირუსთან ბრძოლა, მაქსიმალურად გამოიყენონ ინტერნეტ გადახდის სერვისები და მოერიდონ აუცილებლობის გარეშე სახლიდან გამოსვლას. ბანკებს, სგს-ებს, მისოებს და სავალუტო ჯიხურებს ეძლევათ რეკომენდაცია მაქსიმალურად შეზღუდონ სერვის ცენტრებში მომსახურე პერსონალისა და კლიენტების შორის პირდაპირი ფიზიკური კონტაქტი. მათ, ასევე, უნდა უზრუნველყონ მომსახურება განხორციელდეს რიგების გარეშე, სადაც ეს შესაძლებელია, ან უზრუნველყონ რიგში მომხმარებელთა შორის რეკომენდებული დისტანციის დაცვა.

ერთობლივი ქმედებებით, ჩვენ სწრაფად შევძლებთ ვირუსის დამარცხებას და საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში აღდგენას. #დარჩისახლში", – წერია სებ–ის განცხადებაში.